ავტორი:

"ციხის უფროსმა დამიყვირა - მოკვდი, ერთით ნაკლები ქართველი იქნებაო და გინებით გავარდა კამერიდან" - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან

"ციხის უფროსმა დამიყვირა - მოკვდი, ერთით ნაკლები ქართველი იქნებაო და გინებით გავარდა კამერიდან" - ინტერვიუ თამარ მეარაყიშვილთან

"მოკვდი, ერთით ნაკლები ქართველი იქნება", - ასე უთხრეს ცხინვალის ციხეში ქართველ აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს, რომელიც 22 დეკემბრის ღამეს დააკავეს და "საქართველოს სასარგებლოდ" ჯაშუშობა დასდეს ბრალად. ბრალდება 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. უკანონო პატიმრობის გასაპროტესტებლად მან შიმშილობა დაიწყო. 31 დეკემბერს სეპარატისტული რეჟიმის სასამართლომ მეარაყიშვილი საქართველოს არაოკუპირებულ მხარეს გამოაძევა და შინ დაბრუნება აუკრძალა. "მე ახლა ჩემს სამშობლოშივე გამოძევებული ვარ", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი.

- 22 დეკემბერს "ფეისბუქზე" დავდე ვიდეომიმართვა, ალან გაგლოევთან ან ე.წ. პარლამენტის სპიკერ ალან მარგიევთან ვითხოვდი შეხვედრას, უარის შემთხვევაში ერთკაციან აქციას დავიწყებდი. მეორე დღეს ცხინვალში, ნაქირავები ბინიდან ამიყვანეს. უკვე ბნელოდა, კარზე საშინელი ბრახუნი ატყდა. უცხო მამაკაცები იყვნენ. თავი არავის წარმოუდგენია. შემეშინდა და მეგობრებთან დარეკვა დავიწყე, რაღაც ხდება და თუ შეგიძლიათ, მოდით-მეთქი. ვინც ქალაქში იყო, ყველა მოვიდა. მხოლოდ ერთმა პირმა შეძლო ბინაში შემოღწევა - ალან კულუმბეკოვმა. ყოფილი პროკურორია და რატომღაც შემოუშვეს, რომელიც მერე ჩემთან ერთად დააპატიმრეს. მეორე სართულზე ვცხოვრობდი და კარს რომ არ ვაღებდი, აივნიდან შემოძვრნენ ნიღბიანი და შეიარაღებული ადამიანები.

20-ზე მეტი იყვნენ და ყვიროდნენ, იატაკზე დაწექითო. ტელეფონები ჩამოგვართვეს და ბინის გაჩხრეკა დაიწყეს. შემდეგ მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. იგივე ბრალდება წაუყენეს ჩემს მეგობარსაც და ორივე პროკურატურაში გადაგვიყვანეს. როცა გარეთ გამოგვიყვანეს, მთელი შენობა ალყაში იყო. ალბათ, 100-ზე მეტი შეიარაღებული სპეცრაზმელი იდგა. რად უნდოდა ამხელა სპეცოპერაცია ჩემს დაკავებას? უწყება რომ გამოეგზავნათ, აუცილებლად მივიდოდი პროკურატურაში. რაში მჭირდებოდა შუაღამისას სპეცრაზმი?! გაგლოევს ძალის დემონსტრირება უნდოდა და ვითომ საშიში დამნაშავე დამიჭირა...

ბრალის წაყენების შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს. დღე-ნახევრის შემდეგ გაიმართა წინასასამართლო სხდომა, ადვოკატი დაგვინიშნეს. კულუბეკოვს ბრალდება მოუხსნეს და გაუშვეს, მე 2 თვით პატიმრობა მომისაჯეს და ციხეში წამიყვანეს... წაიკითხეთ ვრცლად