უკვე მესამე კვირაა ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები იმართება, რომელმაც მსხვერპლის გარეშე არ ჩაიარა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი და ტელეკომუნიკაცია გათიშა, ქვეყანაში არსებული ვითარების ამსახველი ინფორმაცია მსოფლიოში ფრაგმენტულად ვრცელდება.
CNN-მა ირანის სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გადაღებული ვიდეოების მოპოვება შეძლო, რომელიც მძიმე საყურებელია. ერთ-ერთი ვიდეო ასახავს თეირანის სამხრეთით, კაჰრიზაკის სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დროებით მორგთან არსებულ ვითარებას.
უმძიმეს კადრებში ჩანს, ქუჩაში დალაგებული, შავ შავ ტომრებში მოთავსებული ათეულობით ცხედარი. შეკრებილები კი ცხედრებს შორის საკუთარი ოჯახის წევრის ან ნათესავის ამოცნობას ცდილობენ. კადრები სავარაუდოდ კვირის დასაწყისში არის გადაღებული.
ვიდეოში ასევე ჩანს, როგორ ცდილობს შეკრებილი ხალხი მონიტორზე გამოსახული ცხედრის ამოცნობას.
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაწესებულებაში დაახლოებით 250 ცხედარია.
აქტივისტების ჯგუფმა "მამლეკატეჰმა“ შაბათს განაცხადა, რომ სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში მიტანილი ცხედრების რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ მათ ეზოში აწყობდნენ.
ირანის სახელმწიფო მედიის მტკიცებით, საპროტესტო აქციაში მონაწილე ასეულობით მოქალაქე “ტერორისტებმა“ მოკლეს.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები მგლოვიარეებთან ჩაწერილ ინტერვიუებს ავრცელებენ. ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც იატაკზე შავ პარკში გახვეული ცხედრის გვერდით ზის, ცრემლმორეული უყვება სახელმწიფო მედიის რეპორტიორს, რომ მის საყვარელ ადამიანს შენობის სახურავიდან თავში ქვა ესროლეს.
შემდეგ სახელმწიფო მედიის რეპორტიორი კამერისკენ ბრუნდება და ამბობს, რომ დაღუპულებს შორის არიან ისეთი მომიტინგეებიც, რომლებიც “უსაფრთხოების ძალებთან დაპირისპირებას ცდილობდნენ და შესაძლოა, იარაღი გამოიყენეს“.
თუმცა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ არსებული მტკიცებულებები მთავრობის ნებისმიერ არგუმენტს აუფერულებს.
Human Rights Watch-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის განყოფილების დირექტორის მოადგილის, მაიკლ პეიჯის განცხადებით, “საპროტესტო აქციებში მონაწილეების სიკვდილსა და დაშავებაზე პასუხისმგებელია ირანის მთავრობა".
ირანის მთავრობამ არაერთხელ გააფრთხილა მოქალაქეები, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებში, რომლებსაც, მათი თქმით, "მეამბოხეები, ტერორისტები და დაქირავებული მუშაკები კურირებენ".
ირანის გენერალურმა პროკურორმა პირობა დადო, რომ ამ უკანასკნელთა მიმართ ყველაზე მკაცრ ზომებს, მათ შორის სიკვდილით დასჯას, დააწესებს.
თვითმხილველები და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები საგანგაშო სურათს ხატავენ. როგორც თეირანის პროტესტში მონაწილემ CNN-ს განუცხადა, პარასკევს საღამოს უსაფრთხოების ძალებმა სამხედრო შაშხანებით "ბევრი ადამიანი“ მოკლეს.
მეორე პირი კი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ ელექტროშოკი გამოიყენა და გოგონას კისერში მანამდე ურტყამდნენ, ვიდრე გონება არ დაკარგა.
"ისინი უბრალოდ აგრძელებდნენ მკვლელობებს. საკუთარი თვალით ვნახე - მომიტინგეებს პირდაპირ ესროლეს“, - ჰყვება თვითმხილველი BBC-თან საუბარში.
ომიდი, რომელიც 40 წელს გადაცილებულია (მისი სახელი უსაფრთხოების მიზნით შეცვლილია), ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამხრეთ ირანის პატარა ქალაქის ქუჩებში ეკონომიკური სიდუხჭირის გაუარესების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს.
მას საუბრისას ხმა უკანკალებდა, ფიქრობს, რომ მუდმივად უთვალთვალებენ. მისი თქმით, უსაფრთხოების ძალებმა, მის ქალაქში, კალაშნიკოვის ტიპის ავტომატებით ცეცხლი გაუხსნეს უიარაღო მომიტინგეებს.
"ჩვენ ვებრძვით სასტიკ რეჟიმს ცარიელი ხელებით...", - თქვა მან.
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია ხუთშაბათს, დემონსტრაციების მეთორმეტე ღამეს გაიმართა. როგორც ჩანს, ბევრმა ადამიანმა გაიზიარა ირანის უკანასკნელი შაჰის გადასახლებული ვაჟის, რეზა ფეჰლავის მოწოდება, უარი თქვან არსებულ მმართველობაზე.
მეორე დღეს ირანის უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ კი განაცხადა რომ "ისლამური რესპუბლიკა უკან არ დაიხევს“. სავარაუდოდ, ყველაზე დიდი სისხლისღვრა სწორედ იმ ღამით გაიმართა.
"თეირანის შორეული რაიონებიც კი სავსე იყო მომიტინგეებით - ასეთ ადგილებში ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. პარასკევს უსაფრთხოების ძალები, უბრალოდ, აგრძელებდნენ ხოცვა-ჟლეტას. ეს საკუთარი თვალით ვნახე, იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ ლამის სრულიად დავკარგე რეალობის აღქმა. პარასკევი სისხლიანი დღე იყო“, - აცხადებს ის.
მისი თქმით, პარასკევის მკვლელობების შემდეგ ხალხს გარეთ გასვლის ეშინოდა.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, სხვადასხვა ქალაქში დაღუპულთა რიცხვი ძალიან მაღალია და რამდენიმე ასეულიდან ათასობით მერყეობს. თუმცა “ბლექაუთის“ გამო, მონაცემების ოფიციალურად გადამოწმება შეუძლებელია. ირანის ხელისუფლებას ოფიციალური ან გამჭვირვალე სტატისტიკა მომიტინგეების დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ჯერ არ გაუვრცელებია.
რაც ირანული მედიის მიერ, ოფიციალურად გახდა ცნობილი - საპროტესტო აქციების დროს 100 უსაფრთხოების ოფიცერი დაიღუპა.
მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტები ირანში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, შემდეგ კი ანტისამთავრობო მსვლელობებში გადაიზარდა.
ინტერნეტი და ტელეკომუნიკაცია ირანში უკვე მეექვსე დღეა გათიშულია.
იხილეთ ასევე: