ირანმა რუსეთს 2.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რაკეტები მიჰყიდა, რათა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში დახმარებოდა, - ინფორმაციას Bloomberg-ი დასავლელი უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
შესყიდვები მოიცავს: Fath-360-ის ტიპის მცირე მანძილზე მოქმედ ასობით ბალისტიკურ რაკეტას, სხვა ტიპის მცირე მანძილზე მოქმედ 500 რაკეტას, მიწა-ჰაერი კლასის 200-მდე რაკეტას.
ირანმა რუსეთს ასევე მიაწოდა მილიონობით საბრძოლო მასალა და საარტილერიო ჭურვი, ასევე Shahed-136-ის ტიპის „კამიკაძე“ დრონები და ტექნოლოგია რუსეთის ტერიტორიაზე მათი წარმოებისთვის. დრონებთან დაკავშირებული კონტრაქტი, რომელსაც ხელი 2023 წლის დასაწყისში მოეწერა, 1.75 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
დასავლური წყაროების ცნობით, საერთო ჯამში, რუსეთმა 2021 წლის ბოლოდან ირანის სამხედრო აღჭურვილობაზე 4 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.