სპეციალური პენიტენციური სამსახური ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
"ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ალეკო ელისაშვილი იმყოფება №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. აღნიშნულ დაწესებულებაში ბრალდებულები/მსჯავრდებულები, როგორც წესი, განთავსებული არიან სპეციალურ ერთადგილიან ან ორადგილიან საკნებში, სადაც მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა. შესაბამისად, ალეკო ელისაშვილის განცხადება დაწესებულებაში რაიმე სახის გარჩევებთან დაკავშირებით არის აშკარა სიცრუე.
2025 წლის 23 დეკემბერს ალეკო ელისაშვილმა დაწესებულების ადმინისტრაციას მიმართა ტელევიზორის შეძენის მოთხოვნით. მოთხოვნა კანონმდებლობის შესაბამისად და განსაზღვრულ ვადაში მიეწოდა დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიას. ბრალდებულ ალეკო ელისაშვილს ტელევიზორი მიეწოდა მოთხოვნის დღესვე.
პენიტენციურ სისტემაში განთავსებული ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული, მათ შორის, ალეკო ელისაშვილი, უზრუნველყოფილია შესაძლებლობით, დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად. მისი განცხადება, თითქოს მას არ ეძლევა პირადი ჰიგიენის დაცვისთვის, კერძოდ, ფრჩხილების მოსაწესრიგებლად, საჭირო ნივთები, ასევე, წარმოადგენს სიცრუეს (ბრალდებულს საკანში აქვს ე.წ. მკვნეტარა, ერთჯერადი საპარსი, სარკე, პლასტმასის ტაშტი და სათლი).
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ მსგავსი ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
იხილეთ ასევე: