ავტორი:

რუსეთში, საახალწლო დღეებში ერთ სამშობიარო სახლში 9 ჩვილი დაიღუპა - რას ჰყვებიან მშობლები და რას მალავს ადმინისტრაცია?

რუსეთში, საახალწლო დღეებში ერთ სამშობიარო სახლში 9 ჩვილი დაიღუპა - რას ჰყვებიან მშობლები და რას მალავს ადმინისტრაცია?

რუსეთის ქალაქ ნოვოკუზნეცკში (კემეროვოს ოლქი) მომხდარმა შემზარავმა შემთხვევამ მთელი ქვეყანა შეძრა. საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, №1 სამშობიარო სახლში 9 ახალშობილი დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ინფორმაცია საგულდაგულოდ იმალებოდა, სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა პანიკამ და მშობლების პროტესტმა სიმართლე სააშკარაოზე გამოიტანა. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულება დახურულია, მთავარი ექიმი გადაყენებულია, ხოლო გამომძიებლები "სისტემურ დანაშაულს" იძიებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედიები ავრცელებენ, ვრცელ სტატიას აქვეყნებს BBC.

  • როგორ დაიწყო ყველაფერი: "ინფექცია თუ დაუდევრობა?"

ოფიციალური ინფორმაციით, 12 იანვარს კლინიკურმა საავადმყოფომ განაცხადა, რომ სტაციონარი პაციენტების მიღებას "სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ჩვენებების" გამო წყვეტდა. სამშობიაროს დახურვა თავიდან "ვირუსების სეზონური მატებით" ახსნეს, თუმცა მალე გაირკვა, რომ ამ "მიზეზის" მიღმა 9 ჩვილის სიკვდილი იმალებოდა.

კემეროვოს ოლქის ჯანდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ 1 -ელი დეკემბრიდან 11 იანვრამდე პერიოდში სამშობიაროში 234 ბავშვი დაიბადა, მათგან 32 რეანიმაციაში მოხვდა, რომელთაგან 9 ჩვილი გარდაიცვალა. სამინისტროს განმარტებით, ტრაგედიის მიზეზი მძიმე ინფექციაა, რასაც თან დაერთო ისიც, რომ ჩვილების უმეტესობა დღენაკლული იყო. თუმცა, არსებობს სხვა, უფრო საშიში ვერსიაც - ვარაუდობენ, რომ ბავშვები შესაძლოა მენინგოკოკურმა ინფექციამ იმსხვერპლა.

  • 150 დარღვევა და ანტისანიტარია: რას ჰყვებიან განადგურებული მშობლები

ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებით, მშობლების მონათხრობი სამშობიაროში არსებულ საშინელ პირობებზე მიუთითებს. BBC-ის ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ დაწესებულებაში 150-მდე სანიტარული დარღვევა იყო დაფიქსირებული, მათ შორის პერსონალის ხელების სადეზინფექციო საშუალებების არქონაც კი.

"დილით მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იყო, საღამოს კი - ბავშვი მოკვდა", - იხსენებს ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვის მამა და ამბობს, რომ მისთვის მიზეზი არ აუხსნიათ.

  • ტარაკნები და ობი: პაციენტები "სრულ კოშმარს" აღწერენ...

მშობიარეების თქმით, პალატებში დარბიან ტარაკნები და ვირთხები, კედლები ობისგან არის გაშავებული, ხოლო მედპერსონალი ინიექციებს ხელთათმანების გარეშე აკეთებს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ მშობიარეს ექიმებმა ჩვილი ფიზიკურად დაუზიანეს, რამაც ბავშვის სიკვდილი გამოიწვია, შემდეგ კი ცხედარი დედას გულზე დაასვენეს და ეუბნებოდნენ, რომ იმდენად არ უნდოდა შვილი, ბავშვი გარდაცვლილი დაიბადა.

  • ექსპერტების ეჭვები

რუსეთის ყოფილი მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო მიიჩნევს, რომ მიზეზი ე.წ. ჰოსპიტალური შტამებია. ეს ნიშნავს, რომ ინფექცია არა ბავშვებს "მოჰყვათ" მუცლიდან, არამედ საავადმყოფოში დახვდათ ანტისანიტარიის ან პერსონალის დაუდევრობის გამო.

ექიმი ოლგა დემიჩევა კი ეჭვობს, რომ ადგილი ჰქონდა ერთიან სისტემურ ფაქტორს: მაგალითად, ჩვილების გადაცივებას, გადახურებას ან უხარისხო საკვებ ნარევს, რადგან ასეთი მასობრივი სიკვდილიანობა მოკლე დროში ბუნებრივად თითქმის არ ხდება.

  • ოპტიმიზაციის მსხვერპლი და სისტემური კოლაფსი

ადგილობრივი მაცხოვრებლები მომხდარს ჯანდაცვის სისტემის "ოპტიმიზაციას" უკავშირებენ. 2022 წლიდან კემეროვოს ოლქში ექიმების დეფიციტის გამო 6 სამშობიარო დაიკეტა. ნოვოკუზნეცკში ოთხი სამშობიაროდან მხოლოდ ორი დარჩა, ახლა კი, ამ ტრაგედიის გამო №1 სამშობიაროს დახურვის შემდეგ, ნახევარმილიონიან ქალაქში მხოლოდ ერთი მოქმედი დაწესებულება დარჩა, რაც ჰუმანიტარული კატასტროფის წინაპირობაა.

  • როგორ მიმდინარეობს გამოძიება

სკანდალი იმდენად მასშტაბურია, რომ საქმეში მოსკოვი ჩაერია - ქალაქში სპეციალური ფედერალური კომისია ჩადის. გუბერნატორმა ილია სერედიუკმა სამშობიაროს მთავარი ექიმი, ვიტალი ხერასკოვი, უკვე გადააყენა თანამდებობიდან.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე ორი მუხლით აღძრა:

გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა (სასჯელი 4 წლამდე ციხე);

გულგრილობა (სასჯელი 7 წლამდე ციხე).

ამ დროისთვის მიმდინარეობს დოკუმენტაციის ამოღება და თანამშრომლების დაკითხვა. გუბერნატორმა ოლქის ყველა სამშობიაროს შემოწმების ბრძანება გასცა, თუმცა შვილმკვდარი მშობლებისთვის ეს მხოლოდ დაგვიანებული რეაქციაა.

წყარო