ავტორი:

როგორია აშშ-ს სამხედრო შესაძლებლობები ახლო აღმოსავლეთში და ამ ეტაპზე ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენება რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს?

როგორია აშშ-ს სამხედრო შესაძლებლობები ახლო აღმოსავლეთში და ამ ეტაპზე ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენება რამდენად ეფექტიანი შეიძლება იყოს?

"დონალდ ტრამპი შესაძლოა, არ ერიდებოდეს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას, თუმცა რეალობა ის არის, რომ აშშ-ის პრეზიდენტს თითქმის არ აქვს ისეთი ვარიანტები, რომლებიც აშკარად დაეხმარებოდა ამ ქვეყნის საპროტესტო მოძრაობას ", - ამის შესახებ ვკითხულობთ ბრიტანული გამოცემის, "გარდიანის" ანალიტიკურ სტატიაში, რომლის ავტორიც არის გამოცემის თავდაცვისა და უსაფრთხოების ბლოკის რედაქტორი, დენ საბაჰი.

  • სტატიაში აღნიშნულია, რომ ვენესუელის ლიდერის, ნიკოლას მადუროს დატყვევებით გამხნევებულმა ტრამპმა ირანის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციაზე ისაუბრა, თუმცა ხაზგასმულია, რომ მადუროს დაკავების ოპერაციის დაგეგმვას თვეები დასჭირდა.

სტატიის ავტორი წერს, რომ ტრამპი საუბრობს სამხედრო ჩარევაზე მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის არანაირი წინასწარი სამხედრო განლაგება არ გვინახავს ახლო აღმოსავლეთში - უფრო მეტიც, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სამხედრო ძალების რაოდენობა შემცირდა, რამაც სამხედრო ჩარევის შესაძლო ვარიანტები კიდევ უფრო მეტად შეზღუდა.

აშშ-ს ოქტომბრიდან ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდები არ ჰყავს, რადგან "ჰამასის" ისრაელზე თავდასხმის გამო, ორწლიანი თითქმის უწყვეტი განლაგების შემდეგ, ზაფხულში კარიბის ზღვის აუზში გადაიტანა USS Gerald R Ford, ხოლო შემოდგომაზე - Nimitz აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პორტში.

  • ეს ნიშნავს, რომ რეჟიმის სამიზნეების წინააღმდეგ ნებისმიერი საჰაერო ან სარაკეტო დარტყმა, სავარაუდოდ, უნდა განხორციელდეს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირეების ავიაბაზებიდან ან მათი მონაწილეობით. ალტერნატივად შეიძლება განიხილებოდეს ივნისში განხორციელებული შორი მანძილის B-2 ტიპის ბომბდამშენების მისიის მსგავსი, რომელიც ირანის ფორდოუს მიწისქვეშა ბირთვული ობიექტისკენ იყო მიმართული, თუმცა მსგავსი ტიპის იერიში ურბანულ ტერიტორიაზე ზედმეტად მასშტაბური და საშიში ნაბიჯია.

აშშ-ს ასევე მოუწევს ნებართვის მოთხოვნა ისეთი ქვეყნებისგან, როგორებიცაა კატარი, ბაჰრეინი, ერაყი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი და საუდის არაბეთი (შესაძლოა, კვიპროსზე მდებარე ბრიტანეთის ბაზაც) და ამავდროულად, ამ ბაზებისა და მასპინძელი ქვეყნების დაცვა საპასუხო დარტყმებისგან. თუნდაც აშშ-მ თავად არ გამოიყენოს ეს ობიექტები, ირანის ლიდერები უკვე დაემუქრნენ, რომ თავდასხმის შემთხვევაში, აშშ-ის ბაზებსა და ხომალდებზე იერიშებს მიიტანენ.

მიუხედავად იმისა, რომ ირანის სამხედრო შესაძლებლობები ისრაელთან ზაფხულში 12-დღიანი ომის დროს სერიოზულად დაზიანდა, თეირანმა შეინარჩუნა შეზღუდული სარაკეტო პოტენციალი. ძირითადი გამშვები პუნქტები კვლავ მთებშია დამალული და მათი აღდგენა მიმდინარეობს. ირანს აქვს დაახლოებით 2 000 მძიმე ბალისტიკური რაკეტა.

  • მნიშვნელოვანი კითხვაა - თუ სამხედრო ინტერვენცია გადაწყდა, რას დაბომბავს აშშ?

როგორც პროტესტი, ასევე რეპრესიები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სამიზნეების დანიშვნა ყოველთვის ზუსტი არ არის, ობიექტები შეიძლება არასწორად იყოს იდენტიფიცირებული. ურბანულ ადგილებში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის დიდი რისკია და ზუსტად შეუძლებელია იმის თქმა, რომ ეს ეფექტიანი იქნება.

რაც არ უნდა არაპოპულარული იყოს ეს მოსაზრება აქციის მონაწილეებში, მმართველი რეჟიმი არ ჩანს მყიფე ან სუსტი, რადგან უკვე გადაურჩა ისრაელის თავდასხმას ივნისში.

"ირანში აშკარად არის შეკრული მთავრობა, სამხედრო და უსაფრთხოების სამსახური. მთავრობა აჩვენებს, რომ მას არ აქვს წითელი ხაზები, რაზეც ცხედრების რაოდენობა მეტყველებს", - ამბობს დიდი ბრიტანელი ექსპერტი, როქსან ფარმანფარმაიანი.

აშშ-მა შესაძლოა, განიხილოს ხამენეიზე პირდაპირი თავდასხმა. თუმცა სხვა ქვეყნის ლიდერის მკვლელობა უკიდურესი ესკალაციის შემცველი ნაბიჯი იქნებოდა, გამოიწვევდა სერიოზულ სამართლებრივ პრობლემებს და აუცილებლად გამოიწვევდა ხანგრძლივ სამხედრო პასუხს.

ამასთან, ხამენეის მოკვლა სულაც არ ნიშნავს, რომ რეჟიმი შეიცვლება.

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს გამოჩნდა, რომ ხამენეიმ შეძლო ისრაელის თვალთვალის თავიდან აცილება. ომის შემდეგ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, - "ჩვენი სამიზნე რომ ყოფილიყო, აუცილებლად მოვიშორებდით“.

ირანის ლიდერს ასევე წინასწარ შერჩეული ჰყავდა სამი მაღალი რანგის სასულიერო პირი, რომლებიც მის შემცვლელებად განიხილებოდნენ მისი სიკვდილის შემთხვევაში, რათა ძალაუფლების სწრაფი გადაცემა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ხამენეის ლიკვიდაციის შემთხვევაში, ყველაზე სავარაუდო შედეგია ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ ძალაუფლების ხელში აღება.

ასეთი გაურკვეველი ფონიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ სხვა ალტერნატივებიც განიხილება. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო არის მიზნობრივი კიბერშეტევა, თუმცა ჩნდება კითხვა - რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ის?

მადუროს დაკავების შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა კარაკასში ელექტროენერგია გამორთო მისი დაკავების გასაადვილებლად, თუმცა ირანში მსგავსი ნაბიჯი მხოლოდ სამხედრო ოპერაციასთან ერთად იქნებოდა ეფექტიანი.

დიდი ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, კიარან მარტინი აცხადებს, რომ "ძნელია იმის დანახვა, რამ შეიძლება იმუშაოს“ და რომ ელექტროენერგიის გათიშვა უფრო მეტად სამოქალაქო მოსახლეობას დააზარალებს.

უფრო მარტივი ვარიანტი შეიძლება იყოს, რომ ქვეყანა "სტარლინკით გადაავსონ" - თუმცა, როგორც მარტინი ამბობს, ეს"სინამდვილეში კიბეროპერაცია არ არის“ და რეპრესიების შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება ქუჩებში მკვლელობებს ვერ შეაჩერებს.

ის, რისი მიღწევაც აშშ-ის სამხედრო ჩარევით არის შესაძლებელი, შესაძლოა ვერ დაემთხვეს ტრამპის დაპირებას, რომ "დახმარება გზაშია“.

წყარო: The Guardian