ავტორი:

Reuters-მა გურულ ჩიჩილაკზე და ახალი წლის ქართულ ტრადიციაზე რეპორტაჟი მოამზადა - "ეს რიტუალი წინა წლის ცუდი გამოცდილებისგან განთავისუფლების სიმბოლოა"

Reuters-მა გურულ ჩიჩილაკზე და ახალი წლის ქართულ ტრადიციაზე რეპორტაჟი მოამზადა - "ეს რიტუალი წინა წლის ცუდი გამოცდილებისგან განთავისუფლების სიმბოლოა"

Reuters-ი ახალი წლის გამორჩეული ქართული სიმბოლოს, ჩიჩილაკის შესახებ წერს და რეპორტაჟს გვთავაზობს. გამოცემას ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ და მისმა მეუღლემ, ნათია გედენიძემ უმასპინძლეს. რედაქციამ პირველად იხილა ჩიჩილაკის დაწვის ცერემონიალი.

ჩიჩილაკის დაწვის ცერემონიალი, სოფელი ტეზერა. REUTERS/ირაკლი გედენიძე
  • “ცენტრალურ საქართველოში, ხის ქოხთან ახლოს, ადგილობრივი მცხოვრები ნათია გედენიძე თოვლში რგავს დეკორატიულ ნაძვის ხეს, რომლის სიმაღლე ერთ მეტრს არ აღემატება და სწრაფად უკიდებს ცეცხლს,“ - წერს Reuters.

"ეს ის ქართული ნაძვის ხეა, რომლითაც ახალ წელს აღვნიშნავთ. ახლა, როდესაც ახალი წლის აღნიშვნა დასრულდა, ყველაფერ ძველს ვწვავთ, ვყრით და ახალ წელს ახალი იმედებით, სიყვარულით ვხვდებით“, - ციტირებს გამოცემა ნათია გედენიძის სიტყვებს, შემდეგ კი ძველი გურული ტრადიციის, ჩიჩილაკის შესახებ მოგვითხრობს:

“ეს ხეები, რომლებსაც "ჩიჩილაკი“ ეწოდება, მზადდება გამხმარი კაკლის ან თხილის ტოტებისგან. მისი ფოჩები მე-4 საუკუნეში მოღვაწე წმინდა ბასილის წვერის სიმბოლოა, რომელიც ღარიბებსა და დაუცველებზე ზრუნავდა.

ჩიჩილაკს, რომელიც პოპულარულია დასავლეთ საქართველოში, მაგრამ გავრცელებულია მთელ ქვეყანაში, ტრადიციულად სახლებში მართლმადიდებლურ შობას, 7 იანვარს დგამენ, ძველს კი წვავენ... ეს რიტუალი წინა წლის ცუდი გამოცდილებისგან განთავისუფლების სიმბოლოა", - წერა გამოცემა.

სტატიაში მოთხრობილია კიდევ ერთ სოფლის მკვიდრ მარიამ გულორდავაზე. ის თავის სახელოსნოში ზის, გარშემო ათობით ჩიჩილაკი უდევს და ოსტატურად თლის ახლებს.

"თხილი კეთილდღეობის სიმბოლოა“, - თქვა მან და დასძინა, რომ ძველი ჩიჩილაკის დაწვის შემდეგ, სახლში ახალი შემოაქვთ, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.

რეპორტაჟის ავტორები: დავით ჩხიკვიშვილი და ირაკლი გედენიძე; ტექსტის ავტორი: ლუსი პაპაქრისტუ; რედაქტორი: გარეთ ჯონსი.