უკრაინის ანტიკორუფციულმა უწყებებმა განაცხადეს, რომ გამოავლინეს უმაღლესი "რადას" ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელის შესაძლო კავშირი კორუფციასთან.
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო ( NABU) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა ( SAP) ამტკიცებენ, რომ აღნიშნული პოლიტიკოსი დეპუტატებს ქრთამს სთავაზობდა კონკრეტული კანონპროექტების "მხარდასაჭერად“ ან "წინააღმდეგ“ ხმის მიცემის სანაცვლოდ. BBC-ის უკრაინული სამსახურის წყაროების ცნობით, ლაპარაკია პარტია "ბატკივშჩინას“ ლიდერ იულია ტიმოშენკოზე.
გამოცემა "უკრაინსკაია პრავდამ“ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩხრეკა მიმდინარეობდა კიევში, ტუროვსკაიას ქუჩაზე მდებარე პარტია "ბატკივშჩინას“ ოფისში.
"უნიანი" კი წერს, რომ ოფისში ჩხრეკის ცნობა ახლახან დაადასტურა იულია ტიმოშენკომ.

მან ამის თაობაზე სოციალურ ქსელებში დაწერა, თუმცა არაფერი უთქვამს, მიიღო თუ არა ოფიციალურად ეჭვმიტანილის სტატუსი. მისი თქმით, ჩხრეკა თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
"ოცდაათზე მეტმა, კბილებამდე შეიარაღებულმა მამაკაცმა, ყოველგვარი დოკუმენტების წარდგენის გარეშე, ფაქტობრივად, დაიკავა შენობა და თანამშრომლები მძევლად აიყვანა“, - აღნიშნავს ის.
ამასთანავე, ტიმოშენკო ამტკიცებს, რომ ამისთვის არ არსებობდა არც განმარტებები და არც სამართლებრივი საფუძვლები. ის ანტიკორუფციული სტრუქტურების თანამშრომლების მიერ ჩატარებულ ჩხრეკას"გრანდიოზულ პიარ-აქციას“ უწოდებს.
"ვერაფერი იპოვეს, ამიტომ, უბრალოდ, წაიღეს ჩემი სამუშაო ტელეფონები, საპარლამენტო დოკუმენტები და პირადი დანაზოგი, რომლის შესახებ ინფორმაცია სრულად არის ასახული ოფიციალურ დეკლარაციაში. კატეგორიულად უარვყოფ ყველა აბსურდულ ბრალდებას. როგორც ჩანს, არჩევნები ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე გვეგონა, და ვიღაცამ გადაწყვიტა კონკურენტების "გაწმენდის" დაწყება“, - წერს ტიმოშენკო.
წაიკითხეთ ასევე: