თეირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირეები გააფრთხილა, რომ თუ ვაშინგტონი ირანს თავს დაესხმება, მათ ტერიტორიაზე აშშ-ის ბაზებს დაარტყამს, - ამის შესახებ Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომიტინგეების მხარდასაჭერად ჩარევით დაიმუქრა.
"თეირანმა რეგიონის ქვეყნებს, საუდის არაბეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დაწყებული თურქეთით დამთავრებული, განუცხადა, რომ აშშ-ის ბაზებს ამ ქვეყნებში თავს დაესხმებიან, თუ აშშ მიზანში ამოიღებს ირანს“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
მისი თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩსა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის პირდაპირი კონტაქტები შეჩერებულია, რაც მზარდი დაძაბულობის ასახვაა.
ამასთან, ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ ისრაელის შეფასებით, ტრამპმა გადაწყვიტა ჩარევა, თუმცა ამ ქმედების მასშტაბი და დრო გაურკვეველი რჩება.
მეორე ისრაელურმა წყარომ, მთავრობის წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უსაფრთხოების კაბინეტს სამშაბათს გვიან ღამით მიაწოდეს ინფორმაცია ირანში რეჟიმის დაშლის ან აშშ-ის ჩარევის შანსების შესახებ.