ირანში დაკავებული და სიკვდილმისჯილი დემონსტრანტის, ერფან სოლთანის შესახებ ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება, - ამის შესახებ BBC წერს.
არსებული ინფორმაციით, 26 წლის ერფანი, რომელიც ირანში მიმდინარე აქციების დროს დააკავეს, დღეს უნდა დასაჯონ სიკვდილით.
ირანის ოფიციალურ პირებსა და სახელმწიფოსთან აფილირებულ მედიას სოლთანის საქმეზე ჯერჯერობით კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებია. თუმცა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ დაკავებული მომიტინგეების მიმართ სამართლებრივი პროცესების დაჩქარებაზე; მათ ისინი "მოძალადეებად“ და "ტერორისტებად“ მოიხსენიებენ.
ერფანის საქმეს განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ის იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომელსაც სიკვდილით დასჯიდნენ.