ბოლო ხანს სულ უფრო მეტად უჩივიან მოზარდები სტრესსა და დაღლილობას. ისინი ხშირად საუბრობენ, ფიზიკურ და ემოციურ გამოფიტვაზე, რაც ძალიან აწუხებთ. აღსანიშნავია, რომ მოზარდების ჩივილები უბრალო დაღლილობას გაცილებით აღემატება. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ემოციურმა გამოფიტვამ შეიძლება მათზე იმდენად დიდი გავლენა იქონიოს, სკოლაში ყოველდღიური სიარულიც ვერ შეძლონ. აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ სტრესი და დაღლილობა გავლენას ახდენს მათ ურთიერთობებზე, აკადემიურ მოსწრებასა და განწყობაზე.
ამ თემაზე საზოგადოება ერთ აზრზეა - მოზარდების გამოფიტვისა და გადაღლილობის მიზეზი სოციალური ქსელები და გაჯეტებია.
აღნიშნულ საკითხზე, თავისი გამოცდილება მე-11 კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზმა გაგვიზიარა. მისი თქმით, ყველაზე დიდი სტრესი მოზარდისთვის ძილის რეჟიმის დარღვევაა. ასევე, ბავშვის ფსიქიკას ძალიან დიდი ზიანი შეიძლება მოუტანოს სოციალურ ქსელში მუდმივად სხვებთან თავის შედარებამ.
"გაჯეტების გამოყენება მაქსიმალურად შევამცირე. დიდ დროს ვიდეო თამაშებსაც აღარ ვუთმობ. ვგრძნობდი, რომ ეს უდიდეს ენერგიას მართმევდა და მფიტავდა. ძალიან მიჭირდა დილით ადრე გაღვიძება, რადგან გვიან ვიძინებდი, კლასში კი შრომისუუნარო ვიყავი. სამწუხაროდ, ჩემს თაობაში აღნიშნული პრობლემები ხშირია. მე ერთადერთი არ ვარ, ვისაც ეს აწუხებდა ან აწუხებს. ჩემს მეგობრებთან ამაზე ხშირად ვსაუბრობ, მშობლებს და უფროსებს რატომღაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი ტელეფონების ბრალია, რაც სიმართლე არაა. ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი შინაგანი გადაღლისა და გამოფიტვის ნამდვილად სოციალურ ქსელების აქტიურად გამოყენებაა, მაგრამ გარდა ამისა, სხვა ბევრი რამაა. დიდ გავლენას ახდენს სოციუმი, სკოლა. ჩვენ გარდატეხის ასაკში ვართ და ეს არ უნდა დაავიწყდეს ჩვენს მშობლებს და საზოგადოებას“, - ამბობს ნიკოლოზი.
საზოგადოებისა და მასწავლებლის როლზე ასევე გვესაუბრა მეათეკლასელი ანა. მისი თქმით, პედაგოგის ერთმა არასწორად ნათქვამმა სიტყვამ ბავშვს თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა შეიძლება დააკარგვინოს. ასევე, პირიქით - შექებამ საკუთარი თავის რწმენა შეიძლება აუმაღლოს.
"ჩვენ დიდ დროს ვატარებთ სკოლაში. შინ თუ დაღლილი მივდივართ, ეს მხოლოდ გაკვეთილების ბრალი არ არის. ბავშვებს ზოგჯერ გვიჭირს ემოციების გამოხატვა. მშობლების კითხვაზე, თუ რატომ არ ვართ ხასიათზე? - ვპასუხობთ, რომ, უბრალოდ, დავიღალეთ. ამ დროს, ამ "უბრალოდ დავიღალეს“ იქით მრავალი მიზეზია ხოლმე. მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ხშირად, როდესაც რაღაც ისე არ გამომდის, როგორც მინდა, ვითრგუნები. ვიღაც ამაზე იტყვის, უბრალოდ, ყურადღება არ მიაქციოო, მაგრამ მე ეგრე არ შემიძლია. ამ დროს კი მასწავლებლის საყვედური იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შევასრულე დავალება სრულყოფილად, უარესად მთრგუნავს. თუმცა, ამას ჩემს ყველა მასწავლებელზე ვერ ვიტყვი. არიან ისეთებიც, რომლებიც გაგებით ეკიდებიან ჩემს თუნდაც იმ დღეს ცუდ ხასიათზე ყოფნას. მოკლედ, ჩემი ასაკის ბავშვებში შინაგანი გამოფიტვის მრავალი მიზეზია, ბოლომდე მეც ვერ ამოვხსენი“, - აღნიშნავს ანა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი მოზარდებში ემოციური გადაღლილობის შეიძლება იყოს უზომო, გადაჭარბებული მოთხოვნები, რომლებსაც შეიძლება მოზარდი თვითონ უყენებდეს საკუთარ თავს, ან შეიძლება გარშემომყოფები უწესებდნენ მას ისეთ მოთხოვნებს, რომელთა შესრულებაც მის ძალებს აღემატება. ასევე მშობლებისა და მასწავლებლების დიდი მოლოდინები...
საინტერესოა პედაგოგების დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. რა იწვევს მათი აზრით, ემოციურ გამოფიტვას და როგორ გამოიხატება კლასში მოსწავლეების შრომისუნარიანობის დაქვეითება?
აღნიშნულ თემაზე ახალგაზრდა მასწავლებელი, რუსკა შარაშიძე გვესაუბრა. მისი თქმით, კლასში, ხშირადაა შემთხვევა, როდესაც მოსწავლე დაღლილია, აქვს სტრესული მდგომარეობა და არანაირი მოტივაცია. როგორც რუსკა აღნიშნავს, მათი უმეტესობა სკოლაში სიარულზეც იტყოდა უარს, მშობელი რომ არ აძალებდეს.

"ძირითადად, მე-11 კლასის მოსწავლეებს ვასწავლი. ბავშვები ხშირად არიან დაღლილები, უენერგიოდ გრძნობენ თავს, რასაც ღიად გამოხატავენ. ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა რამდენიმე მათგანს კლასში ჩაეძინა კიდეც. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მოსწავლე მუშაობს და მუდმივად გამოუძინებელია, დაღლილი მოდის, რაც სტრესულ მდგომარეობაში აგდებს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდებზე დიდი გავლენა ახდენს ტექნოლოგიები, გაჯეტები, ხშირად ათენებენ კომპიუტერებთან და ტელეფონებთან. ბავშვები, სამწუხაროდ, ხშირად ხდებიან დაცინვისა და ბულინგის მსხვერპლნი სოციალურ სივრცეებში, რის შედეგადაც უყალიბდებათ კომპლექსები, სტრესი, არ აქვთ რაიმეს კეთების მოტივაცია. ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ საუბარს აზრის არ აქვს, რადგან ვერ გაუგებენ. ეს ყველაზე კარგად გამოიხატება მაშინ, როდესაც ახალგაზრდას უჭირს საუბარი, საკუთარი აზრის გამოხატვა. ეშინიათ, რომ თუ თავიანთ მოსაზრებას დააფიქსირებენ, გარშემომყოფები დასცინებენ... სწორედ ამიტომ, ეს შიშები რომ გადალახონ, ვცდილობ, ბავშვები ხშირად ჩავრთო დისკუსიაში. სამწუხაროდ, უმეტესობა უარს ამბობს აზრის გამოხატვაზე. ისინი, უბრალოდ, ამბობენ, რომ დაღლილები არიან და საუბარი არ სურთ“, - ამბობს რუსკა შარაშიძე.
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგმა - ანანო ჟორჟოლიანმა თემა უფრო გაშალა. მისი თქმით, მოზარდების გაღიზიანება ან დაღლილობა ხშირად მრავალფეროვანი ფაქტორების კომბინაციას უკავშირდება.
"ფიზიკური დაღლილობა, ძილის ნაკლებობა, ჰორმონალური ცვლილებები, ემოციური გადატვირთვა ან გრძნობების გამოხატვის სირთულეები მათი რეაქციის ნაწილს ქმნიან. დამატებით, მეგობრებთან კონფლიქტები, ოჯახური სტრესი, ახალი გარემო და რუტინის ცვლილებები ხშირად აძლიერებს გაღიზიანებას“, - აღნიშნავს ფსიქოლოგი.
თუმცა, აღსანიშნავია, ისიც, რომ ზოგჯერ მშობლები და მასწავლებლები ბავშვების დაღლილობას სიზარმაცეს მიაწერენ.

"დაღლილი ბავშვი ცდილობს, მაგრამ ვერ ასრულებს დავალებებს. უჭირს კონცენტრაცია, სწრაფად იღლება, უშვებს შეცდომებს და ემოციურად რეაგირებს მცირე სირთულეებზეც. მაგალითად, ბავშვი შეიძლება დაჯდეს გაკვეთილების მოსამზადებლად, თუმცა რამდენიმე წუთში მოითხოვოს შესვენება, გაღიზიანდეს ან იტიროს, მაშინ, როცა დასვენებისა და მხარდაჭერის შემდეგ იგივე დავალებას უკეთ ასრულებს. ეს მიუთითებს რესურსების ამოწურვაზე და არა სიზარმაცეზე“, - გვეუბნება ანანო ჟორჟოლიანი.
პირველ რიგში, ფსიქოლოგი გამოსავალს მოზარდის მოსმენაში ხედავს. ბავშვების შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებაში.
"გამოსავალი მდგომარეობის სწორ შეფასებაშია, ბავშვის მოსმენაში, მისი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებაში, დატვირთვის გადახედვასა და მხარდამჭერი კომუნიკაციის შექმნაში. საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტთან დროული მიმართვა ეხმარება როგორც ბავშვს, ისე მშობლებსა და პედაგოგებს, სირთულეების გამწვავების თავიდან აცილებაში, ბავშვის რესურსების აღდგენაში“ , - აღნიშნავს ფსიქოლოგი ანანო ჟორჟოლიანი.
ავტორი: ანი შვანგირაძე