უკრაინის პოლიტიკურ ცაზე ახალი ვარსკვლავი კი არ აინთო, არამედ უკვე არსებულმა ყველაზე კაშკაშა ფიგურამ რადიკალურად შეიცვალა ამპლუა - ასე ეხმაურება უკრაინუკი მედია 34 წლის მიხაილ ფედოროვის დაწინაურებას. ადამიანმა, რომელმაც უკრაინა „სმარტფონში მოაქცია“, ქვეყნის თავდაცვის მინისტრად დაინიშნა. მან ამ პოსტზე დენის შმიგალი შეცვალა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა თავდაცვის მინისტრი უკრაინის ისტორიაში.
ვინ არის რეალურად მიხაილ ფედოროვი? - როგორ იქცა სარეკლამო სააგენტოს დამფუძნებელი ბიჭი ომში მყოფი ქვეყნის სამხედრო სტრატეგიის მთავარ იმედად და როგორია მისი პირადი ცხოვრება, რომელიც ხშირად ხდება სოციალურ ქსელებში განხილვის საგანი?
ბავშვობა ვაზილიევკაში: ვირტუალური ფულიდან რეალურ წარმატებამდე
მიხაილ ფედოროვი 1991 წლის 21 იანვარს, ზაპოროჟიეს ოლქის პატარა ქალაქ ვაზილიევკაში დაიბადა. მისი ბავშვობა არაფრით ჰგავდა მომავალი მინისტრის ცხოვრებას. როგორც თავად იხსენებს, სკოლის პერიოდში მისი მთავარი გატაცება ჭადრაკი და ტექნოლოგიები იყო. თუმცა, მიხაილი მხოლოდ თეორიით არ შემოიფარგლებოდა.
ჯერ კიდევ მოზარდობისას ის ცდილობდა ტექნოლოგიების „მონეტიზაციას“ - კომპიუტერულ თამაშებში ვირტუალურ ნივთებსა და ვალუტას აგროვებდა, რომლებსაც შემდეგ რეალურ ფულზე ყიდდა. პარალელურად, ზაფხულობით ადგილობრივ ფერმერებთან მოსავლის აღებაზე მუშაობდა, რათა საკუთარი ფული ჰქონოდა. სკოლაში კი მასწავლებლებს სასწავლო მასალების გაციფრულებაში ეხმარებოდა. ეს იყო მისი პირველი ნაბიჯები იმ გზაზე, რასაც მოგვიანებით „სახელმწიფო სმარტფონში“ ეწოდა.

სიყვარული საერთო საცხოვრებელში და 11-წლიანი "საიმედო ზურგი"
ფედოროვის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი ზაპოროჟიეს ნაციონალურ უნივერსიტეტს უკავშირდება. სწორედ იქ, სოციოლოგიისა და მართვის ფაკულტეტზე სწავლისას, გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე - ანასტასია.
მათი გაცნობის ისტორია კლასიკურია: სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, საერთო სამზარეულო და მეგობრობა, რომელიც დიდ სიყვარულში გადაიზარდა. ანასტასია, რომელიც ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, თავიდან მიხაილის რეპეტიტორიც კი იყო ინგლისურ ენაში. როგორც თავად ანასტასია იხსენებს, რამდენიმე თვე ისინი უბრალოდ მეგობრობდნენ, თუმცა მალე მიხვდნენ, რომ ერთმანეთის გარეშე ყოფნა არ შეეძლოთ.

იუბილემდე ორი კვირით ადრე მიხაილმა რჩეულს ხელი სთხოვა და 2 თვეში მათ ქორწილი გადაიხადეს. წყვილი უკვე 11 წელია ერთად არის და ჰყავთ ქალიშვილი - მარია. მიუხედავად იმისა, რომ მიხაილის კარიერა ელვისებურად განვითარდა, ანასტასია მისთვის ყოველთვის მთავარ დასაყრდენად რჩებოდა.
ანასტასია ფედოროვა: მოდის დიზაინერი, რომელიც ომის დროს ქვეყნიდან არ გაიქცა
ანასტასია ფედოროვა არ არის მხოლოდ „მინისტრის ცოლი“. ის წარმატებული ბიზნესლედია. კარიერა ზაპოროჟიეში დაიწყო, სადაც 4 წლის განმავლობაში IT სპეციალისტებს ინგლისურს ასწავლიდა. კიევში გადასვლის შემდეგ კი საკუთარი ბრენდი COVER შექმნა.
2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ბევრმა მაღალჩინოსანმა ოჯახები საზღვარგარეთ გააპარა. ანასტასიასაც ჰქონდა უამრავი შემოთავაზება, თუმცა მისი პოზიცია ურყევი იყო: ის და მისი შვილი უკრაინაში დარჩნენ.

„ჩემი მშობლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ჩემთვის ეს ომი ძალიან პერსონალურია“, - ამბობდა ის ინტერვიუებში. დღეს მისი ბრენდი COVER წარმატებით ვითარდება და 2024 წელს მისი კოლექცია პარიზშიც კი იყო წარმოდგენილი. ანასტასია თავადვეა საკუთარი სამოსის მოდელი და სოციალურ ქსელებში აქტიურად აპიარებს უკრაინულ წარმოებას.

სკანდალური ფოტოსესია
ფედოროვების ოჯახი პერიოდულად ხდება სოციალური მედიის ყურადღების ცენტრში მათი გულწრფელობის გამო. 2021 წლის ბოლოს მათ მიერ გამოქვეყნებულმა საახალწლო ფოტოსესიამ ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვიდეოში ჩანდა, როგორ გამოხატავდა მინისტრი გრძნობებს მეუღლის მიმართ - ეხვეოდა, კოცნიდა და არ ერიდებოდა ემოციების საჯაროდ ჩვენებას.
ბევრმა კრიტიკოსმა ეს კადრები მაღალჩინოსნისთვის „შეუფერებლად“ მიიჩნია, თუმცა თავად ფედოროვმა მშვიდად უპასუხა: „არაფერს ვიტყვი, თქვენ ისედაც ყველაფერს მიხვდებით“. ამით მან აჩვენა, რომ პოლიტიკური პოსტის მიღმა ის ჩვეულებრივი, მოსიყვარულე ქმარი და მამაა.

პოლიტიკური ნახტომი: სტუდენტური მერობიდან "ციფრული ტრანსფორმაციის" მინისტრობამდე
მიხაილ ფედოროვის პოლიტიკური კარიერა 2012 წელს დაიწყო, როდესაც ის „სტუდენტურ მერად“ აირჩიეს. ეს იყო მისი პირველი ტესტი ლიდერობაზე. ნამდვილი გარღვევა კი 2018 წელს მოხდა, როდესაც ის ვლადიმერ ზელენსკის გუნდს შეუერთდა. სწორედ ფედოროვი იყო ის ადამიანი, ვინც ზელენსკი სოციალური ქსელების ფენომენად აქცია. სულ რაღაც 270 ათასი დოლარის ბიუჯეტით, მან შეძლო მილიონობით გამომწერის მოზიდვა და „ზე“-ს ბრენდის შექმნა.
2019 წელს, სულ რაღაც 28 წლის ასაკში, ის უკრაინის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი გახდა - მას ჩააბარეს ახლადშექმნილი ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო. მისი მთავარი პროექტი - „დია“ (Dіia) - იქცა სიმბოლოდ იმისა, რომ სახელმწიფო სერვისები შეიძლება იყოს სწრაფი და გამჭვირვალე. ფედოროვმა დაამტკიცა, რომ კორუფციის დამარცხება ტექნოლოგიებითაა შესაძლებელი.

ომი, ილონ მასკი და „დრონების არმია“
ომის დაწყების პირველსავე დღეებში ფედოროვმა დაამტკიცა, რომ ციფრული დიპლომატია ისეთივე ძლიერი იარაღია, როგორც ტანკები. მისი ცნობილი პოსტი „ტვიტერში“ ილონ მასკისადმი გახდა გარდამტეხი მომენტი, რამაც უკრაინას Starlink-ის ტერმინალები მოუტანა.
მოგვიანებით მან წამოიწყო პროექტი "დრონების არმია“, რომლის ფარგლებშიც ათიათასობით დრონი იქნა შესყიდული და მომზადდა 10 000-ზე მეტი ოპერატორი. სწორედ ამ წარმატებამ განაპირობა მისი დანიშვნა თავდაცვის მინისტრის პოსტზე 2026 წლის იანვარში.
რას უნდა ელოდოს უკრაინა ახალი თავდაცვის მინისტრისგან?
მიხაილ ფედოროვს თავდაცვის სამინისტროში უზარმაზარი გეგმები აქვს. მისი პრიორიტეტებია:
ბრიგადების სრული აღჭურვა დრონებით: ტექნოლოგიური უპირატესობის მოპოვება ფრონტზე.
ლაზერული იარაღის წარმოება: რუსული „კრასნოპოლის“ ანალოგის შექმნა.
სამხედრო მომზადების გაციფრულება: თანამედროვე სტანდარტების დანერგვა წვრთნაში.
„სმარტ-მობილიზაცია“: პროცესი, სადაც მოქალაქეები თავად ირჩევენ სპეციალობას ციფრული პლატფორმით.
მიხაილ ფედოროვი არ არის ტიპური სამხედრო ჩინოვნიკი. მას არ აქვს გენერლის სამხრეები, მაგრამ აქვს სტრატეგიული ხედვა და ტექნოლოგიური ცოდნა, რაც თანამედროვე ომში გადამწყვეტია. მის ზურგს უკან კი დგას ძლიერი ქალი, ანასტასია, რომელთან ერთადაც მან გაიარა გზა ზაპოროჟიეს საერთო საცხოვრებლიდან ქვეყნის პირველ პირებამდე.

უკრაინა ახლა ტექნოლოგიურ რევოლუციას ელოდება ფრონტზე. შეძლებს თუ არა „ციფრული მინისტრი“ ომის მოგებას სმარტფონითა და დრონებით? ამას ძალიან მალე დავინახავთ.