ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა დალასში, ტეხასში მომხდარი შემთხვევაა ასახული.

კამერამ ერთ ერთი მაღაზიის ავტოსადგომზე ცხენზე მჯდარი, კოვბოის ქუდში გამოწყობილი მამაკაცი და მისი მეგობარი დააფიქსირა. მამაკაცი ავტოსადგომზე ჯირითით შევიდა, შემდეგ კი კლასიკური ვესტერნის გმირის მსგავსად ცხოველს დეზი ჰკრა და გააჭენა, ოღონდ იმავე ფილმების გმირებისგან განსხვავებით, რომანტიკული მზის დასალიერისკენ კი არ გაემართა, გეზი მაღაზიის ავტომატური კერებისკენ აიღო და იმ რიგში ამოყო თავი, სადაც საკანცელარიო საქონელი ელაგა.

ცხენის მაღაზიაში გამოჩენას მყიდველების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, უმეტესობა ამ ფაქტს გაოცებით ან სიცილით შეხვდა. განსხვავებული იყო თანამშრომლების რეაქცია.
ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ დარბიან პანიკაში ჩავარდნილი დაცვის წევრები შენობაში და ცდილობენ "კოვბოი" და მისი ბედაური შენობიდან გაიყვანონ. ვიდეოს თავად მხედრის უკან მჯდომი მგზავრი, ახალგაზრდა ბიჭიც იღებდა.
"იმედია არ მოისაქმებს, იმედია არ მოისაქმებს" - ისმის მისი ხმა კადრში, თუმცა როგორც მოგვიანებით კამერამ დააფიქსირა, ოპერატორის ნატვრას ასრულება არ ეწერა.


ხანმოკლე დროის შემდეგ, მამაკაცებმა მაღაზია ცხენთან ერთად ზრდილობიანად დატოვეს .
სახალისო ვიდეომ მილიონობით ნახვა დააგროვა და უამრავი კომენტარი დაიმსახურა.