11 იანვარს სოხუმის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქართველი ცოლ-ქმრის მზისა შეროზიას და ჯიმშერ მესხიას სიცოცხლე ემსხვერპლა. სიკვდილს სასწარულად გადაურჩა მათი ვაჟი, რომელიც იმ საბედისწრო დღეს მშობლებთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გლოვაა ჯვარში და ყველა განიცდის მომხდარს. სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ისინი სამუშაოდ ბიჭვინთაში მიდიოდნენ და სწორედ ამ დროს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. საჭესთან ჯიმშერ მესხია იჯდა. ძალიან უჭირთ წარსულში მათზე საუბარი, იმ ადამიანებს, ვინც მათ იცნობდა.
"ჩემი საუკეთესო მეზობლები არიან გარდაცვლილები მზისა და ჯიმშერი. არაჩვეულებრივი პიროვნებები, არაჩვეულებრივი შვილები გაზარდეს. აფხაზეთიდან, გალიდან დევნილები არიან. ფესვები სამეგრელოდან ჰქონდათ და აფხაზეთის ომის შემდეგ ისევ ამ კუთხეში დაბრუნდნენ. ჯვარში ვცხოვრობდით ერთად, ერთ კორპუსში.. სამეგრელოს პატარა ქალაქია ჯვარი, ენგურჰესის დასახლება. მოგეხსენებათ როგორია სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში და ამიტომ სამუშაოდ გაღმა, აფხაზეთში გადადიოდნენ, ბიჭვინთაში დადიოდნენ. ჯიმშერი და მისი ვაჟი მშენებლობაზე მუშაობდა. შვილიშვილიც იქ ჰყავდათ დასაქმებული, მაგრამ საბედნიეროდ იმ დღეს ის მათთან ერთად არ იყო. მზისა სასტუმროში მუშაობდა ადმინისტრატორად. გალში აქვთ სახლი, მაგრამ ხშირად იქ არ იყვნენ, რადგან სახლი გამოკეტილია. შვილებიც აქეთ ცხოვრობენ ჯვარში.
მიდიოდნენ სამუშაოდ და ჩამოდიოდნენ კვირაში ერთხელ ჯვარში. სამი შვილი ჰყავთ, ყველა დაოჯახებულია, ძალიან კარგი ადამიანები არიან. იმ სამუშაოს წყალობით ფინანსური მდგომარეობა მოიწესრიგეს. მინივენი შეიძინეს და საზღვარზე, ხიდთან ტოვებდნენ, გაღმაც ჰყავდათ მერსედერსის მარკის პატარა მანქანა, რითაც გადაადგილდებოდნენ სამსახურამდე. კვირას დილით გადავიდნენ საზღვარზე, საჭესთან ჯიმშერი იჯდა. დილით კუჭის წვა ჰქონია ჯიმშერს, შვილიშვილი გაუშვა თურმე აფთიაქში და წამალი მოატანინა. ტკივილგამაყუჩებელი დაულევია და შვილიშვილისთვის უთქვამს, ბებიას არ უთხრა ცუდად რომ ვარ, თორემ ვერ წავალთ დღეს სოხუმშიო. გულის ტკივილი იყო ეტყობა, გამაყუჩებელმა ოჩამჩირემდე მიიყვანა და იქ სოხუმის გზაზე მოხდა ავარია. მანქანაში სამნი იყვნენ ცოლ ქმარი და უკან მათ შვილს სავარძელზე ეძინა. შვილი ამბობს, დედის განწირულმა კივილმა გამომაღვიძა და მერე არაფერი მახსოვსო. შვილს თავი და ფეხი აქვს ტრავმირებული, საბედნიეროდ გადარჩა. ჯიმშერი სასწრაფომ გადაიყვანა კლინიკაში და გზაში დაიღუპა. ცოლის მხარეს იყო ძლიერი დაზიანება, მოგლეჯილია სავარძელი მანქანის და გარდაიცვალა მზისა. უთხრეს ექიმებმა შინაგანი სისხლდენები შეუჩერეთო, მაგრამ გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
დიდი იმედი დავკარგეთ ყველამ, მეზობლებმაც. ყველა გულისტკივილით და სიყვარულით გაიხსენებს მათ და ეს ჩანს იმ კომენტარებიდან, რაც სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც შევიტყვეთ, აფხაზების მანქანას შეეჯახნენ უკანა მხარეს. თურმე იმ მანქანაში ოთხი ძმა იჯდა, ისინი არ დაშავებულან. ძმა ჰყავდათ თურმე გარდაცვლილი და მისი საფლავის ქვისთვის მიდიოდნენ. იმ აფხაზებს დიდი ყურადღება გამოუჩენიათ.
როგორც ამბობენ, ერთ ერთი თანამდებობის პირი ყოფილა. მოაკითხეს თურმე სამძიმარის სათქმელად გალში, სადაც ესვენა ცოტა ხანი ცხედრები. დახმარებაც შეუთავაზებიათ. ძალიან ამოგვიდნენ გვერდშიო. ცხედრების გადმოსვენების საბუთების მომზადებაშიც დაგვეხმარნენო. საზღვარზე ყველა გვისამძიმრებდაო. მინდა სამძიმარი ვუთხრა მათ შვილებს და მთელ სამეზობლოს, რადგან ყველასთვის დიდი დანაკლისია მათი გარდაცვალება" - ამბობს ჩვენთან საუბარში დიანა თოდუა, გარდაცვლილი ცოლ ქმარის მეზობელი.