ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ უარყო ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა და განაცხადა, რომ მკვლელობები "ისრაელის შეთქმულების“ გამო მოხდა, რომელიც დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამოწვევას ისახავდა მიზნად.
"როდესაც გარედან ტერორისტული ელემენტები შემოვიდნენ ამ საპროტესტო აქციებში, დაიწყეს პოლიციის ძალების, პოლიციის თანამშრომლებისა და უსაფრთხოების ძალების მიმართულებით სროლა. იქ იყვნენ ტერორისტული უჯრედები. ისინი შემოვიდნენ და გამოიყენეს "დაეშის“ სტილის ტერორისტული ოპერაციები. მათ პოლიციელები დაიჭირეს, ცოცხლად დაწვეს, თავები მოჰკვეთეს და დაიწყეს სროლა პოლიციელებისა და ასევე ხალხის წინააღმდეგ. შედეგად, სამი დღის განმავლობაში ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ“, - აღნიშნა არაღჩიმ.
"მათ სურდათ მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა. რატომ? იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მკვლელობები მოხდება, ის ჩაერევა. მათ სურდათ მისი ამ კონფლიქტში ჩათრევა. ეს ზუსტად ისრაელის შეთქმულება იყო. მათ სიკვდილიანობის რაოდენობის გაზრდა დაიწყეს ჩვეულებრივი ადამიანების, პოლიციელების მკვლელობით, სხვადასხვა ქალაქში ერთგვარი ბრძოლის დაწყებით“, - აღნიშნა არაღჩიმ.
მისი მტკიცებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს. ირანელმა მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ახლა სიმშვიდეა.
"ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. იმედი ვიქონიოთ, რომ სიბრძნე გაიმარჯვებს. ჩვენ არ ვცდილობთ დაძაბულობის მაღალ დონეს, რაც შეიძლება ყველასთვის კატასტროფული იყოს“, - აღნიშნა არაღჩიმ.