ქალები, რომლებმაც უკიდურესი სიღარიბე წარმატების გასაღებად აქციეს და მილიონები გამოიმუშავეს

ქალები, რომლებმაც უკიდურესი სიღარიბე წარმატების გასაღებად აქციეს და მილიონები გამოიმუშავეს

ყველა ქალს სურს იყოს წარმატებული, შემდგარი, საკუთარი საქმის მცოდნე და თავდაჯერებული. თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთ მათგანს საკუთარ თავში ეჭვი ეპარება. ამის მიზეზი კი შეძლება იყოს სიდუხჭირე, სოციალური ბარიერები, ასევე, გარემო, სადაც გაიზარდა. აღნიშნული, ან სხვა მიზეზების გამო, ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანები ცხოვრების მთავარ შანსს კარგავენ და წარმატების კარს სამუდამოდ ბოქლომით კეტავენ.

  • თუმცა, მსოფლიოს წარმატებულ ქალების სიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ რეალობაა სულ სხვაა - წარმატება გარემოზე არ არის დამოკიდებული, არამედ დამოკიდებულია შინაგან რწმენაზე, მონდომებასა და შრომაზე.

წარმოგიდგენთ მსოფლიოში 5 ყველაზე მდიდარ ქალს, რომლებმაც კარიერა ნულიდან დაიწყეს. მიუხედავად სოციალური ბარიერებისა და ფინანსური სირთულეებისა, ისინი არ დანებდნენ - უკიდურესი სიღარიბე და სიდუხჭირე წარმატების მთავარ გასაღება აქციეს.

  • ოპრა უინფრი

ოპრა გეილ უინფრი - ამერიკელი ტელეწამყვანი, პროდიუსერი და ქველმოქმედი, 1954 წელს მისისიპის ქალაქ კოსტიუშკოში, ბაპტისტთა ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები დაქორწინებულები არ იყვნენ. ბავშვობა ოპრამ ბებიასთან სოფელში გაატარა, სადაც წერა-კითხვა ისწავლა. მას ორატორული ნიჭი აღმოაჩნდა. ბიბლიის თავების კარგად მოყოლის გამო, ოპრას „მქადაგებელს“ უწოდებდნენ.

13 წლის ასაკში ის სახლიდან გაიქცა. მიზეზი შემაძრწუნებელია - მასზე ოჯახის რამდენიმე წევრი და მეგობარი ძალადობდა. 14 წლის ასაკში მან იმშობიარა, ბავშვი კი მალევე გარდაიცვალა. ოპრა თინეიჯერობის ასაკში ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. 18 წლის ასაკში მან თეატრალიზებულ სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა. სწავლის პარალელურად ის ადგილობრივ ტელეარხზე რეპორტიორად მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ტელევიზიაში ის პირველი შავკანიანი რეპორტიორი იყო.

ცნობილი წამყვანი მოგვიანებით საცხოვრებლად ჩიკაგოში გადავიდა და საკუთარ დილის შოუზე დაიწყო მუშაობა. ეს შოუ მოგვიანებით „ოპრა უინფრის შოუს“ სახელით გახდა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ოპრა ისტორიაში პირველი ქალი იყო, რომელმაც საკუთარი თოქ-შოუ შექმნა. მან ასობით მილიონი დოლარი დახარჯა განათლებასა და სოციალურ პროექტებზე.

შოუ ეთერში 1986 წლიდან 2011 წლამდე გადიოდა. თოქ-შოუს დატოვების შემდეგ, ოპრა უინფრიმ დააარსა OWN, Oprah Winfrey Network. ის დღემდე აქტიურად ეხმარება ბავშვებს და ქალებს მთელ მსოფლიოში.

მისი წმინდა ქონება დაახლოებით 2.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

  • კოკო შანელი

გაბრიელ ბონეერ „კოკო“ შანელი - მილიონერი ქალი, რომელმაც მოდის სამყარო შეცვალა. ის, 1883 წელს საფრანგეთში დაიბადა. 12 წლის ასაკში დაკარგა დედა. მამამ მისი ორი ძმა ფერმაში სამუშაოდ გაგზავნა, კოკო კი თავის დებთან ერთად, აუბაზინის მონასტერში დატოვა. 20 წლის კოკო ბავშვთა სახლიდან წავიდა და მუშაობა ტრიკოტაჟის მაღაზიაში, ქალაქ მულენში დაიწყო. კოკო პარალელურად, საღამოობით ერთ-ერთ კაბარეში მღეროდა, სადაც საარსებო ფულს შოულობდა. დიზაინერი ხშირად ასრულებდა ერთ სიმღერას, საიდანაც მოდის მისი მეტსახელი „კოკო“.

ამავე კაფეში გაიცნო ტექსტილის მწარმოებელთა დინასტიის შთამომავალი, ახალგაზრდა ოფიცერი ეთენ ბალზანი. 3 წელი ისინი ბალზანის სასახლეში ცხოვრობდნენ. კოკო შანელმა ამ პერიდოში დაიწყო საკუთარი ტანსაცმლის და ქუდების მოდელების შექმნა. ის ფიქრობდა, რომ იმ დროის მაღალი საზოგადოების ქალების ტანისამოსი ძალიან რთული და ძნელად სატარებელი იყო. პირველი ქუდების ატელიე შანელმა 1910 წელს გახსნა, რამაც პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა. 1919 წლიდან კი დაიწყო ქალის ტანსაცმლის მოდელების შექმნა ჯერსის ნაჭრისგან, რომელსაც ადრე მხოლოდ მამაკაცის სამოსისთვის იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ მან გამოუშვა პირველი დიზაინერის სუნამო Chanel No 5.

შანელი გახდა ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც საკუთარი სახელით შექმნა მოდის იმპერია.

  • დოლი რებეკა პარტონი

დოლი რებეკა პარტონი 1946 წლის 19 იანვარს დაიბადა. ის ცნობილია როგორც, კომპოზიტორი, მულტი ინსტრუმენტალისტი, მსახიობი, ავტორი, ბიზნესმენი და ჰუმანიტარული პირი. დოლი პარტონი ღარიბ ოჯახში გაიზარდა. ის, ოჯახში, 12 შვილიდან მეოთხე იყო. მისი მშობლები, რობერტ ლი და ავი ლი ოუენსი, დიდი ოჯახის რჩენას ცდილობდნენ.

თუმცა, მოკრძალებული წარმომავლობის მიუხედავად, პარტონი მუსიკოსების გარემოცვაში გაიზარდა, რომლებიც მას ამხნევებდნენ. პარტონი შოუბიზნესში ექვსი ათწლეულია მოღვაწეობს და ცხრა გრემის ჯილდო აქვს მოპოვებული. Forbes-ის თანახმად, მისი სიმღერების კატალოგის სავარაუდო ღირებულება 150 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

მისი ქონება 2022 წლის მონაცემებით 375 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა მომღერალი გულუხვია. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს პარტონმა 1 მილიონი დოლარი შესწირა COVID-19-ის ვაქცინის დასაფინანსებლად.

  • სარა ჯესიკა პარკერი

სარა ჯესიკა პარკერი - ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი 1965 წლის 25 მარტს დაიბადა. დიდი ხნით ადრე, სანამ სარა ჯესიკა პარკერი HBO-ს სერიალ „სექსი დიდ ქალაქში“ ნიუ-იორკელი მწერლის, კერი ბრედშოუს, ლეგენდარულ როლს მიიღებდა, ის უბრალოდ ოჰაიოს შტატის ქალაქ ნელსონვილიდან პატარა ქალაქში ცხოვრობდა.

პარკერს ცხოვრებაში ისეთი პერიოდი ჰქონდა, როდესაც მისი ოჯახი იშვიათად აღნიშნავდა დაბადების დღეებს, დღესასწაულებს ან სხვა ოჯახურ ღონისძიებებს. ცხრა შვილიდან ერთ-ერთი, პარკერი იხსენებდა იმ დროს, როდესაც ოჯახს არ შეეძლო ელექტროენერგიის გადახდა.

პარკერმა პირველი ბროდვეის როლი 11 წლის ასაკში მიიღო და მალევე, 1981 წელს, ჰოლივუდში გადავიდა, რათა მონაწილეობა მიეღო სატელევიზიო შოუში „კვადრატული მაჯები“. ის სხვადასხვა სერიალში მონაწილეობდა. როგორც ამბობენ, ეპიზოდში 1 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს.

  • ჯოან როულინგი

ჯოან კეტლინ როულინგი მსოფლიოში ცნობილია „ჰარი პოტერის“ სერიის ავტორად. მისი ისტორია ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებლად ითვლება. ის ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სიღარიბემ და უარყოფამ გზა გაუხსნას ადამიანს წარმატებისკენ.

ის, 1965 წლის 31 ივლისს, ინგლისში დაიბადა. აღსანიშნავია, რომ ჯოან როულინგს ბავშვობიდან უყვარდა წერა და ისტორიების მოყოლა. დედის გარდაცვალებამ მასზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა. პორტუგალიაში კი მისი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც შვილთან ერთად ბრიტანეთში დაბრუნდა. ის სოციალური დახმარებით ცხოვრობდა, არ ჰქონდა სამსახური, იტანჯებოდა დეპრესიით და ფინანსური სიდუხჭირით. როულინგი ხშირად წერდა კაფეებში, რადგან სახლში კომუნალურების გადახდის ფინანსები არ ჰქონდა.

„ჰარი პოტერის“ იდეა კი მატარებლით მგზავრობისას გაუჩნდა. პირველი წიგნი - Harry Potter and the Philosopher’s Stone, თორმეტმა გამომცემლობამ უარყო. ბოლო კი პატარა გამომცემლობამ Bloomsbury-მ გადაწყვიტა წიგნის გამოცემა. თავდაპირველად მცირე ტირაჟით დაბეჭდეს. წიგნმა მკითხველის დიდი ინტერესი გამოიწვია. „ჰარი პოტერის“ სერია 80-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. გაიყიდა 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარი. როულინგი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მწერალი ისტორიაში. აღსანიშნავია, რომ მან ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმარა.

მოამზადა ანა შვანგირაძემ

იხილეთ ასევე: