ავტორი:

იულია ტიმოშენკო სასამართლომ 765 000-დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - მას 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება: რას ედევებიან უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს?

იულია ტიმოშენკო სასამართლომ 765 000-დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა - მას 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება: რას ედევებიან უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს?

კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია "ბატკივშჩინას“ ლიდერს, იულია ტიმოშენკოს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა "უმაღლესი რადას" დეპუტატების მოსყიდვის საქმეზე. იგი გათავისუფლდა 33,3 მილიონი გრივნის (დაახლოებით 765 ათასი დოლარი) ოდენობის გირაოთი.

თავდაპირველად, ბრალდების მხარე ითხოვდა მისთვის 50 მილიონი გრივნის (დაახლოებით 1,4 მილიონი დოლარი) ოდენობის გირაოს დაკისრებას, ასევე ტიმოშენკოსთვის რიგი საპროცესო ვალდებულებების დაწესებას.

  • მათ შორის იყო: ბრალდების მხარის გამოძახებაზე გამოცხადება, კიევისა და კიევის ოლქის ფარგლებს გარეთ არგასვლა, სამუშაოსა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე იმ პირებთან კონტაქტისგან თავის შეკავება, რომლებიც შესაძლოა საქმესთან იყვნენ დაკავშირებული.

ტიმოშენკომ წინა დღეს განაცხადა, რომ მისი საბანკო ანგარიშები უკვე დაყადაღებულია და ამიტომ მას არ აქვს შესაძლებლობა, საკუთარი გირაო გადაიხადოს.

"რა არის აბსურდი? ეს არის ის, როცა გეგმავ გირაოს გადახდას აშკარად შეკვეთილ პოლიტიკურ საქმეზე იმ თანხით, რომელიც მიღებული გაქვს ერთ-ერთი არცთუ ჭკვიანი "დიქტატორის’ მხრიდან პოლიტიკური დევნის კომპენსაციის სახით, მაგრამ ამას ვერ აკეთებ. იმიტომ, რომ შენი ანგარიშები სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უკვე დაბლოკილია“, - დაწერა მან Facebook-ზე.

ტიმოშენკო ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ეს დევნა "პოლიტიკაში ყოფნის წლებში უკვე პირველი პოლიტიკური შეკვეთა არ არის“.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმე შესაძლოა საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყოს.

"როგორც ჩანს, არჩევნები ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე გვეგონა, და ვიღაცამ კონკურენტების გაწმენდა გადაწყვიტა“, - განაცხადა მან.

  • რაში ადანაშაულებენ ტიმოშენკოს

13 იანვარს უკრაინის ანტიკორუფციულმა უწყებებმა განაცხადეს, რომ გამოავლინეს "უმაღლესი რადას" ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელის კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობა. NABU-სა და SAP-ის ინფორმაციით, ეს პოლიტიკოსი დეპუტატებს ქრთამს სთავაზობდა კონკრეტული კანონპროექტებისთვის "კი“ ან "არა“ ხმის მიცემის სანაცვლოდ.

მეორე დღეს "უმაღლეს რადაში" ფრაქცია "ბატკივშჩინას“ ხელმძღვანელს, იულია ტიმოშენკოს, ოფიციალურად წაუყენეს ბრალი თანამდებობის პირისთვის უკანონო სარგებლის შეთავაზებაში (უკრაინის სსკ-ის 369-ე მუხლის მე-4 ნაწილი). ამ მუხლით მას ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

  • გამოძიების ვერსია

გამოძიების ვერსიით, ტიმოშენკომ "ცალკეულ სახალხო დეპუტატებთან დაიწყო მოლაპარაკებები სისტემური მექანიზმის დანერგვაზე, რომლის ფარგლებშიც უკანონო სარგებლის სანაცვლოდ უზრუნველყოფილი იქნებოდა მათი ლოიალური ქცევა კენჭისყრების დროს“.

საუბარი არ იყო ერთჯერად შეთანხმებებზე - ანტიკორუფციული ორგანოების მტკიცებით, საქმე შეეხებოდა რეგულარულ თანამშრომლობის მექანიზმს, რომელიც წინასწარ გადახდებს და ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილ ურთიერთობას ითვალისწინებდა.

NABU-მ ასევე გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერები საუბრის გაშიფვრით, რომელშიც, მათი მტკიცებით, ტიმოშენკო მონაწილეობდა. ვიდეოში იგი თითქოს უცნობ დეპუტატს უთანხმდება, რომ მან და კიდევ ორმა დეპუტატმა "რადაში" ხმა იმავე სქემით მისცენ, როგორც "ბატკივშჩინამ“.

მანამდე, გასული წლის დეკემბრის ბოლოს, NABU-მ და SAP-მა განაცხადეს, რომ გამოავლინეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელშიც მოქმედი სახალხო დეპუტატები შედიოდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, საუბარი შესაძლოა პროპრეზიდენტული პარტიის "ხალხის მსახურის ზოგიერთ დეპუტატზე ყოფილიყო.

  • ტიმოშენკოს პოზიცია

პარასკევს სასამართლოში ტიმოშენკომ განაცხადა, რომ გამოძიების მასალების ანალიზის შემდეგ დაასკვნა, რომ მის წინააღმდეგ ჩვენება შესაძლოა "ხალხის მსახურის“ დეპუტატმა იგორ კოპიტინმა მისცა, რომელთანაც მას შეხვედრა ჰქონდა.

ტიმოშენკოს ვარაუდით, კოპიტინს შეეძლო მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება ზეწოლის ქვეშ მიეცა, რადგან თავად კოპიტინის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება. ოფიციალურად კოპიტინის წინააღმდეგ საქმის არსებობა არ დადასტურებულა.

ტიმოშენკომ ასევე განაცხადა, რომ NABU-ს მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერები დამონტაჟებულია და ვიდრე სრული ჩანაწერების, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტიზის, ჩატარება არ მოხდება, მათი სისხლის სამართლის საქმეში გამოყენება დაუშვებელია.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი დევნის მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვის მცდელობაა და დაამატა:

"მე აქ [უკრაინაში] ვიქნები მანამ, ვიდრე ქვეყანა, არსებითად, ფაშისტური რეჟიმისგან არ გათავისუფლდება“.

"ბატკივშჩინას“ ლიდერმა სასამართლოს სთხოვა, მის მიმართ არ დაეწესებინა რაიმე შეზღუდვა."თქვენს წინ მდგომი გარწმუნებთ: არცერთ გამოძახებას არ გავაცდენ, რადგან ჩემთვის ეს ღირსების საკითხია, რათა ამ ადამიანების ნამდვილი სახე გამოვაჩინო“, - განაცხადა ტიმოშენკომ.