დღეს დავასრულოთ ვლადიმერ პუტინის მრავალფეროვანი "ოინებისა“ და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისთვის დაგებული "ხაფანგების“ შესახებ თხრობა. თითქმის სამი ათეული წლის ერთპიროვნული მმართველობის შემდეგ გარკვეული დასკვნები უკვე შეიძლება გამოვიტანოთ. პუტინი არ ყოფილა კა-გე-ბეს ან ეფ-ეს-ბეს გამორჩეული ოპერატიული თანამშრომელი, არც რაღაც განსაკუთრებული პიროვნული ნიჭიერება ახასიათებს, მაგრამ საჭირო თანაფარდობით, კომპლექსურად ფლობს მინიმალურად აუცილებელ ცოდნას. რაც მთავარია, კარგად იცის რუს “მუჟიკზე” და “დერჟავნიკზე” ზემოქმედების ტექნოლოგია. მისი ეკონომიკური კურსი სახელმწიფო-ბიუროკრატიული კაპიტალიზმისკენაა მიმართული. ეფ-ეს-ბეს მაქსიმალური კონტროლი ეკონომიკაზე (სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის პროცესზე); ჩაკეტილი საბანკო სივრცე და ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენება, “ჯიბის“ სახელმწიფო სათათბირო – ესაა დღევანდელი რუსეთი. მასმედიაზე ოლიგარქების: ბერეზოვსკისა და გუსინსკის კონტროლი სრული სახელმწიფო (ფაქტობრივად კი - პირადად პუტინის) კონტროლით შეიცვალა, არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვა, მაქსიმალური კონტროლი მსხვილ ბიზნესზე - ეს ყველაფერი პუტინის პრეზიდენტობის შედეგია. თუ მის გუნდში ხარ, “აბრამოვიჩი”, მილიარდერი და გუბერნატორი ხარ, ხოლო თუ რამეში ეწინააღმდეგები ან შენში კონკურენტს დაინახავს, მაშინ ხოდორკოვსკი ან ნავალნი ხდები და თუ მოგწვდა, ციმბირი ხელში გიჭირავს, კილერის ტყვია ან საწამლავი გეძებს და გპოულობს ლონდონში -ლიტვინენკოსავით.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი ფაქტობრივად სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია, თუმცა ეს რუსეთის მმართველს დიდად არ ადარდებს, რადგანაც საგარეო პოლიტიკაში პუტინი ყოველთვის "სტაიერია" (მძლეოსანი, რომელიც გრძელ მანძილზე დარბის), ვიდრე - "სპრინტერი" (მძლეოსანი, რომელიც მოკლე მანძილზე დარბის). ის ადამიანურ მსხვერპლს, ასევე, ფინანსურ დანაკარგებს არ ერიდება და ხანგრძლივ ისტორიულ პერიოდზე გათვლილ იმპერიულ პოლიტიკას აწარმოებს. პუტინის პიროვნებაში საკმაოდ თანაბრადაა განაწილებული რაციონალურობა და ემოციურობა. ხშირად ჩანს, რომ ის თავს იკავებს და ემოციებს ბოლომდე არ ავლენს. ამავე დროს, უზომოდ პატივმოყვარე რუსეთის პრეზიდენტი ბავშვობისდროინდელი და შემდეგ შეძენილი კომპლექსებისგან გათავისუფლებას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების დამცირებითა და დაცინვით ცდილობს. გააგრძელეთ კითხვა