ავტორი:

ამაზონელი ტომი, რომელიც არასდროს შესულა კონტაქტში თანამედროვე ცივილიზაციასთან - "თავიდან მეგონა, სიტუაცია ძალადობაში გადაიზრდებოდა, მაგრამ..."

ამაზონელი ტომი, რომელიც არასდროს შესულა კონტაქტში თანამედროვე ცივილიზაციასთან - "თავიდან მეგონა, სიტუაცია ძალადობაში გადაიზრდებოდა, მაგრამ..."

ამერიკელ პოდკასტერმა ლექს ფრიდმანმა თავის გადაცემაში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც პირველად ისტორიაში, მაღალი ხარისხით გადაღებულ კადრებში ამაზონის ჯუნგლებში მობინადრე ერთ - ერთ ის ტომია ნაჩვენები, რომელიც არასდროს შესულა კონტაქტში თანამედროვე ცივილიზაციის წარმომადგენელთან.

გადაღებული ვიდეოს ავტორი პოლ როზოლიე, რომელმაც ამაზონიაში მუშაობას ორი ათწლეული მიუძღვნა, აცხადებს, რომ ეს მომენტი მის ცხოვრებაში “ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამოცდილება იყო“.

აქამდე არსებულიო კადრები, რომლებიც ამ ტომის ყოფა-ცხოვრებას ასახავს, როგორც წესი, შორიდან მოძველებული კამერებით არის გადაღებული.

“რაც აქამდე გინახავთ, მხოლოდ ბუნდოვანი გამოსახულებებია, ყველზე ახლო კადრი 100 მეტრის დაშორებიდანაა გადაღებული, ჩვენ კი 800-მილიმეტრიანი ობიექტივით ვიღებდით და 2 ტელეკონვერტერი გამოვიყენეთ, მსგავსი რამ არასოდეს ყოფილა ნაჩვენები. ფაქტობრივად, მსოფლიო პრემიერაა“, - ამბობს როზოლიე.

ვიდეოში ტომის წევრები სანაპიროზე ჩნდებიან. ისინი კოორდინირებულად და ფრთხილად მოძრაობენ, უცნობებს აკვირდებიან და ცდილობენ ყოველი დეტალი გაანალიზონ, რათა შესაძლო საფრთხე შეაფასონ.

როზოლიე იხსენებს, როგორ აკვირდებოდა მათ სხეულის ენას - "თავიდან ყველაფერი ისე მიდიოდა, მეგონა, სიტუაცია ძალადობაში გადაიზრდებოდა".

“შეხედეთ, როგორ მოძრაობენ. როგორ მიუთითებენ ჩვენზე. შეხედეთ ამ კაცს რომელსაც მშვილდი უჭერავს“, - ამბობს პოლი და მამაკაცზე მიუთითებს რომელიც ისრების მომზადებას იწყებს.

“ყველა მიმართულებით ვიყურებდი და ვფიქრობდი: ნეტა საიდან წამოვა ისარი - მეთქი?" - იხსენებს როზოლიე.

მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა. როდესაც გადამღებ ჯგუფთან მანძილი შემცირდა ტომის წევრებმა იარაღის დაშვება დაიწყეს. ნაწილმა მშვილდი და ისრები ძირს დააწყო, დაძაბულობა სწრაფად გადაიზარდა ცნობისმოყვარეობაში და ტომის ზოგიერთ წევრს ღიმილიც კი შეეტყო.

მკვლევართა შეფასებით, მსოფლიოში ჯერ კიდევ დაახლოებით 200 “უკონტაქტო“ ჯგუფი არსებობს, რომელთა უმეტესობა ამაზონის ტროპიკულ ტყეში - ბრაზილიასა და პერუში ცხოვრობს.

იმის გამო, რომ მათთან უშუალო კონტაქტი შესაძლოა სასიკვდილო საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს, ამ ტომებზე ინფორმაცია ძირითადად სატელიტური სურათებიდან, ავიამონიტორინგის საშუალებით და ადგილობრივი მეზობელი ტომებიდან მიღებული მონათხრობის საშუალებით მიიღება.

2018 წელს მსგავსი თემის წარმომადგენლებმა 26 წლის ამერიკელი მისიონერი ჯონ ალენ ჩაუ მაშინ მოკლეს, როდესაც ის ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულზე მცხოვრებ ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ ხალხთან ცდილობდა კონტაქტის დამყარებას.

მიუხედავად ინდოეთის მთავრობის მიერ დაწესებული მკაცრი აკრძალვისა, ჩაუმ მეთევზეები მოისყიდა, რათა იგი კუნძულზე გადაეყვანათ. მან ადგილობრივებს საკუთარი თავი წარუდგინა, ქრისტიანულად იქადაგა და საჩუქრები დატოვა. მაგრამ სენტინელებმა, რომლებიც იმით არიან ცნობილნი, რომ უცხოებს დანახვისთანავე ისრების უშენენ, ჯონ ალენის მცდელობებს ძალადობით უპასუხეს და მოკლეს. მისიონერის ცხედარი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის.

კიდევ ერთი საფრთხე, რაც მსგავს ტომებთან კონტაქტს ახლავს თან, არის იმ დაავადებების გავრცელების საშიშროება, რომლებიც განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისთვის შედარებით უვნებელია, მაგრამ ტომებისთვის, რომლებსაც მსგავსი ინფექციების მიმართ იმუნიტეტი არასდროს ჰქონიათ, შეიძლება სასიკვდილო საფრთხის მატარებელი აღმოჩნდეს და იზოლირებულ თემებში მოსახლეობის სწრაფი და ზოგჯერ სრული განადგურებაც კი გამოიწვიოს.

ბოლო პერიოდში ინდუსტრიული საქმიანობა სულ უფრო ღრმად აღწევს შორეულ ტყეებში. ტყის უკანონო ჭრა, სამთო მოპოვება და ნარკოტრაფიკის მარშრუტები იმ ბუფერულ ზონებს ამცირებს, რომლებიც მსგავსი ჯგუფების იზოლაციას უწყობს ხელს, ამიტომ ყოველწლიურად მსგავსი კონტაქტის შემთხვევების რაოდენობა სულ უფრო იმატებს.

წყარო