ადამიანებში საკუთარი გვარ-სახელის ისტორია, წარმომავლობა მუდმივად დიდ ინტერესს იწვევს. ამიტომ ცდილობენ, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, არსებულ ცნობებსა თუ ინფორმაციებს გაეცნონ, მოიპოვონ.
ასეთები ჩვენს მკითხველთა შორისაც მრავლად არიან და ხშირად გვწერენ კიდეც მათი ინტერესი დავაკმაყოფილოთ. ამიტომ ჩვენში გავრცელებული ქალის რამდენიმე სახელი შევარჩიეთ. ისინი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის წიგნის „რა გქვია შენ?“ მიხედვით შევკრიბეთ.
აქ მოკლედ და გასაგებადაა ახსნილი აღნიშნული სახელების წარმომავლობა და სტრუქტურა.
გულიკო (ქართული) - ნაწარმოებია სიტყვისაგან „გულ“ საალერსო „იკო“ სუფიქსის დართვით. გვხვდება კაცის სახელადაც. მის სრულ ფორმად ითვლება გულისა.
გულნაზი (სპარსული) - „კოხტა ყვავილი“.
გულნარა (სპარსული) - „ბროწეულის ყვავილი“.
გულო (ქართული) - გვხვდება კაცის სახელადაც.
გურანდუხტ (სპარსული) – „გურამის (გვარამის) ასული“. საქართველოს სამეფო კარზე ძველთაგანვე ძალიან გავრცელებული სახელი იყო. ერქვა, მაგალითად: ვახტანგ გორგასლის დას, დავით აღმაშენებლის მეუღლეს და ბევრ სხვას.
გურანდა - გურანდუხტის შემოკლებული ფორმაა.
დალი (ქართული) - ნადირობის ქალღმერთის სახელია.
დარეჯან - წარმოადგენს მეორე ნაწილს სახელისა ნესტან-დარეჯან („სწორუპოვარი“). მისი მოფერებითი ფორმებია დარია, დარო, დარიკო. დარეჯან-ისაგან ნაწარმოებია გვარი დარჯანია. დარია დამოუკიდებელი სახელიც არის, ნიშნავს „მფლობელს“.
დიანა (ლათინური) - მთვარის, ტყის, ნადირობის ქალღმერთის სახელია. ბერძნულში მისი შესაფარდია არტემიდა. ბერძნული მითოლოგიით, ის იყო იუპიტერის შვილი და გამოხატავდნენ ხელში მშვილდით, თავზე ნახევარმთვარით. მისი დღესასწაული საბერძნეთში აზიიდან შევიდა.
დინა - ბიბლიური სახელია (სვანურად „ქალიშვილს,“ „გოგონას“ ნიშნავს).
დინარა - წარმოადგენს ქართული თამარ-ის სახეცვლილ ფორმას.
დოდო (ქართული) - მოფერებით: დოდონა, დოდიკა, დოდიკო. წარმოადგენს გოგო-ს სახეცვლილ ფორმას, როგორც მას გამოთქვამენ ჩვილი ბავშვები. დოდო გვხვდება აგრეთვე კაცის სახელად, რომელიც სულ სხვა წარმოშობისაა (ბიბლიური სახელია და „ღვთის მეგობარს“ ნიშნავს).
ელენე - ერთ-ერთი იმ სახელთაგანია, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული სხვადასხვა ფორმით (ელა, ელია, ლესია, ლენა, ნელი და სხვა). წარმოშობით წინარებერძნულია და დაახლოებით განმარტავენ როგორც „ნათელს,“, „მანათობელს“. ბერძნულ მითოლოგიაში ამ სახელით ცნობილია ულამაზესი დედოფალი – ელენე. ქართულში ამ სახელის მოფერებითი ფორმებია: ელო, ელიკო, ლენა, ნელი, ლელიკო.
ელეონორა - ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან, სადაც იგი შესაძლოა მომდინარეობდეს ძველი ბერძნულიდან და ნიშნავდეს „მოწყალებას,“ „თანაგრძნობას“. მისი შემოკლებული ფორმაა ნორა.
ელზა - ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან, სადაც იგი ელისაბედ-ის კნინობით ფორმას წარმოადგენს.
ელიკო - ელენე-ს კნინობითი ფორმაა, რომელიც მხოლოდ ქართულში გვხვდება და ცალკე სახელად ქცევის ტენდენცია ახასიათებს.
ელისაბედ (ძველი ებრაული) – „ღვთის მოფიცარი“ (სიტყვა-სიტყვით: „ღმერთს ვფიცავ,“ „ღმერთის ფიცი ჩემი“). მისი მოფერებითი ფორმებია: ლიზა, ლიზიკო.
ეფემია (ბერძნული) – „ღვთისმოსავი,“ „ღვთისმოყვარე“. მის კნინობით ფორმად ითვლება ქართულში: ფეფო, ფეფიკო, ფეფენა, ფეფელა (თუმცა წარმოშობით ესენი დამოუკიდებელი სახელები ჩანს).
ვენერა (ლათინური) - ანტიკურ მითოლოგიაში სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთის სახელია. იგივე სახელი ჰქვია პლანეტას (შეადარეთ ამ პლანეტის ქართული სახელწოდება ცისკარი და მისგან ნაწარმოები სახელი ცისკარა).
თალიკო - ქართული სახელია, მიღებული თამარ-ის კნინობითი ფორმისაგან: თამრიკო_თალიკო.
თამარ - ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ქალის სახელია საქართველოში საუკუნეთა მანძილზე. ამ სახელით ცნობილ ისტორიულ პირთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ მეფე (მეფობდა 1184-1213 წლებში). ეს პირველი ქართველი მეფე-ქალი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი სახელიც ქართულის მეშვეობით შევიდა საეკლესიო კალენდარში. წარმოშობით თამარს უკავშირებენ სემიტურ ენებს, კერძოდ ებრაულს, სადაც იგი „ფინიკის პალმას“ ნიშნავს. მოფერებითი ფორმებია: თამრო, თამრიკო, თამუნა, თამუნია, თაკო. თამარ-ისაგან არის ნაწარმოები გვარები თამარაშვილი, თამარაძე, თამარაული; გეოგრაფიული სახელები თამარისი, თამარაშენი და სხვა.
თამთა - მიღებული ჩანს თაჰამთა-საგან, რომელიც გვხვდება როსტომის და ზოგი სხვა ირანელი გმირის ეპითეტად და ნიშნავს „ღონიერს,“ „გოლიათს“, „ძლიერს,“ „მამაცს,“ „ გმირს“. სპარსეთში და ძველ საქართველოშიც ვაჟის სახელი იყო.
თამილა (ძველი რუსული) – „ტანჯული,“ „წამებული“.
თეა (ბერძნული) – „ღვთაება“.
თებრონე (ბერძნული) - მნიშვნელობა დაუდგენელია. ძველი ფორმაა თებრონია, ქართულში გავრცელებული ფორმაა თებროლე (გავიხსენოთ ხალხური ლექსი: „თებროლე მიდის წყალზედა“). მისი კნინობითია თებრო.
თეკლე (ბერძნული) – „ღვთის დიდება“. მისივე ვარიანტებია თეკლა (ერეკლე მეფის უმცროს ქალიშვილს ხუმრობით თეკლე-ბიჭს ეძახდნენ). ამ სახელის პირველ ნაწილს შეადგენს თეოს - „ღმერთი,“ რომელიც შედის აგრეთვე მრავალ სხვა საკუთარ სახელში (იხ. თედორე), მეორე ნაწილია კლეოს - „დიდება,“ რომელსაც შეიცავს აგრეთვე ევროპაში გავრცელებული ქალის სახელი კლეოპატრა - „მამის დიდება“.
თეო (ბერძნული) - „ღმერთი,“ „ღვთაება“. თეო-ს (ასევე თეკლე-ს) კნინობითია ქართულში თეკო.
თეონა (ბერძნული) – „ღვთის ფიქრი,“ „ღვთის გონება“. ადრე კაცის სახელი იყო და შემდგომ იქცა ქალის სახელად.
თინათინ (ქართული) - მზის სხივის ანარეკლი,“ მოციმციმე სხივი“. „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი ქალის სახელია და ამ პოემის წყალობით ძალზე გავრცელდა ქართულში. მისი მოფერებითი ფორმებია - თინა, თიკო, თინიკო, თინუკა, თინანო.
წაიკითხეთ ასევე: