ავტორი:

"ერთ-ერთი ჰოლდინგის ხელმძღვანელი ვარ... ასევე რაჭაში სასტუმროს ვაშენებ" - "პოლიციელობიდან ქურდობამდე": დავით დვალის ახალი როლები და საქმიანობა ეკრანს მიღმა

"ერთ-ერთი ჰოლდინგის ხელმძღვანელი ვარ... ასევე რაჭაში სასტუმროს ვაშენებ" - "პოლიციელობიდან ქურდობამდე": დავით დვალის ახალი როლები და საქმიანობა ეკრანს მიღმა

"ერთი თვის წინ ტელევიზიით თვალი მოვკარი, ზუსტად ის პერიოდი გადიოდა, რომელშიც მე ვმონაწილეობ... მაყურებელს ენატრება სერიალი, რადგან დიდი ინტერესით უყურებდა და ამიტომაც იმეორებენ" - გვეუბნება პოპულარული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი პერსონაჟის - გაჩა ზვერაძის როლის შემსრულებელი მსახიობი დავით დვალი.

"დაქალების“ ბოლო სეზონში მონაწილეობდა და დაიხურა კიდეც სერიალი. უარყოფითი როლი ერგო, თუმცა მისი პერსონაჟის მიმართ დიდი ინტერესი მაშინვე გაჩნდა. როგორ აფასებს ამ გადასახედიდან მის როლს და რას საქმიანობს ამ ეტაპზე, ამაზე AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

- პოპულარული იყო თქვენი პერსონაჟი. სერიალში აქტიურად შემოხვედით და მაყურებლისთვის დასამახსოვრებელი სახე შექმენით...

- კი, ცოტა ხმაური გამოვიწვიეთ... „დაქალებში“ ბოლო ერთი სეზონი ვიყავი. სერიალიც ფაქტობრივად ისე დამთავრდა, რომ არჩევნების მოლოდინი იყო, ჩემი პერსონაჟი დაიჭირეს. ციხეში ჩარჩა და გამოსვლის საშუალება ჯერჯერობით ვერ მიეცა.

- ხშირად ამბობენ, რომ ქეთი დევდარიანი სცენარით თითქოს წინ უსწრებდა საქართველოში მომხდარ მოვლენებს, ამბებს... როგორ ფიქრობთ, შეიძლება ეს მართლაც მისი "წინასწარმეტყველური" უნარი იყოს?

- გაინტერესებთ ეს რა ფენომენია და ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? ნამდვილად ასეა, ხანდახან კი არა, ხშირ შემთხვევებში პარალელები ივლება სერიალსა და რეალურ ცხოვრებას შორის. ქეთის თვისებაა, ზუსტად ისეთ რაღაცებზე გააკეთოს აქცენტი, რაც გარდაუვალად მოსალოდნელია, რაც სახელმწიფოსა თუ ადამიანების ცხოვრებაში შეიძლება უხეშად რომ ვთქვათ, შაბლონური მომენტებია. კი, „ჩააჭიროს“ ისეთ ადგილებს, რაც მოსალოდნელია, რაც იცის, რომ ამა თუ იმ ფორმით მოხდება. დავიწყოთ იქიდან, რომ პერსონაჟებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ვისი ცხოვრებაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებას ჰგავს და შესაბამისად რაც მათ თავს ხდება, ჩვენს თავსაც იგივე ხდება. ამიტომაც სერიალის გმირებში საკუთარ თავს ვიჭერთ. ზუსტად იგივეა სახელმწიფოსთან მიმართებაშიც. იმ სახელმწიფოსთან, რაც სერიალშია შექმნილი, პარალელები რეალურ, ჩვენს სახელმწიფოსთან ივლება. შესაბამისად ეს შაბლონური ქცევებიც გამეორებადია.

- ადრე მითხარით, რომ პერსონაჟი გაჩა ზვერაძე აბსოლუტურად განსხვავდება ჩემი პიროვნებისგან, ამას ვინც მიცნობს, ბევრი მეუბნებიანო. ამ გადასახედიდან ისევ იმავეს იტყვით?

- აქ უკეთესი იმ ადამიანების შეფასება იქნებოდა, ვინც პიროვნულად მიცნობს. მეც და ყველამ მეტ-ნაკლებად ვიცით, თითოეული რას წარმოვადგენთ, რადგან საკუთარ თავს ყველაზე უკეთ ვიცნობთ. ეს პერსონაჟი ზვერაძე ჩემი პიროვნებისგან აბსოლუტურად განსხვავებულია, თუმცა ნებისმიერ ადამიანში არსებობს დადებითი და უარყოფითი საწყისი. როდესაც მსახიობი ამა თუ იმ პერსონაჟს ასახიერებს, აუცილებლად პერსონაჟის სიღრმეებში ჩადის. არკვევს, რამ მიიყვანა აქამდე, რომ ასეთ პიროვნებად ჩამოყალიბდა, როგორი ცხოვრება ჰქონდა, სად დაიბადა (თუმცა ეს ყველაფერი სცენაში მოცემული არ არის. ამას მსახიობი თვითონ, თავის თავში ამუშავებს), ვინ ზრდიდა, ვინ იყვნენ მშობლები, ჰყავდა საერთოდ თუ არა დედ-მამა, სკოლაში როგორ იზრდებოდა, ჩხუბობდა თუ არა, - ბევრი ნიუანსია. ამაზე დაყრდნობით უკვე გონებაში პერსონაჟის პორტრეტს აგებ და ასე ყალიბდება გმირი. მისი ნებისმიერი ქცევა, გამოხედვა სწორედ აი „იმ წარსულიდან“ მომდინარეობს, რომელიც მსახიობმა პერსონაჟის შეფასებით შექმნილი. შემდეგ მაყურებლამდე უკვე იმ ფორმით მიდის, რა ფორმითაც მას აინტერესებს.

- მოგწონთ თქვენი ნამუშევარი?

- ძალიან მაქსიმალისტი ვარ. საკუთარი თავით არასოდეს ვარ ბოლომდე კმაყოფილი. როდესაც შემდეგ ვუყურებ, ვიჭერ იმას, რომ რაღაცის ცოტა სხვანაირად გაკეთება შეიძლებოდა, უფრო მეტად მოწოდება შეიძლებოდა, ოღონდ, ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიდეს ტექნიკაში. "ტექნიკას" ყოველთვის ხვდება მაყურებელი. მინდა, რომ ჩემი ნამუშევარი ტექნიკაში არ გადავიდეს...

- გენატრებათ გადაღების პროცესი?

- ძალიან მენატრება და ენატრება ყველას, მსახიობებსაც და მაყურებელსაც. საინტერესოა გადაღების პროცესი. ცუდია თუ კარგი, რა თქმა უნდა, შენი პერსონაჟიც გიყვარს... თუმცა ახლაც სერიალის მიმართულებით რაღაც გადაღების პროცესში ვარ ჩართული და ამ მონატრებას ასე ვინაზღაურებ, ვიკომპენსირებ. ვმონაწილეობ სერიალში "მარჯვენა სანაპირო" - ერთ-ერთ პერსონაჟს ვასახიერებ. კიდევ ფილმში გადამიღეს, რომელიც ალბათ თებერვალში გამოვა. ეს არის ბერი გაბრიელის ცხოვრება. იქაც ერთ-ერთ გმირი ვითამაშე. ფილმი გიორგი კაჭარავამ გადაიღო. ბერი გაბრიელის როლს მსახიობი ზურა ავსაჯანიშვილი ასრულებს. ფილმი ეხება მამა გაბრიელის განვლილ გზას, ერისკაცობიდან სალოსობამდე. ახალგაზრდობის პერიოდიდან იწყება, როდესაც ლენინის პლაკატი დაწვა და როდესაც დააკავეს. თავიდან დახვრეტა მიუსაჯეს, შემდეგ დახვრეტა მკაცრი რეჟიმის იზოლატორში პატიმრობით შეეცვალა. მკაცრი რეჟიმის იზოლატორში კანონიერ ქურდებთან ერთად ჩასვეს. ეგონათ, ქურდები „შეჭამდნენ,“ მაგრამ პირიქით მოხდა. ისინი უფლის რწმენაზე მოაქცია. მოკლედ, მე ამ ფილმში ერთ-ერთ ქურდს ვთამაშობ...

"მარჯვენა სანაპირო"

- კანონიერი ქურდი? საინტერესოა...

- ჯერ პოლიციელი ვითამაშე, მერე - ქურდი... საერთოდ გადაღებები ჩემთვის ძალიან საინტერესო პროცესია ჩემთვის...

- კიდევ რით ხართ ამ ეტაპზე დაკავებული?

- ჩემი პირადი საქმიანობა გახლავთ ის, რომ ერთ-ერთი ჰოლდინგის ხელმძღვანელი გახლავართ. ამის პარალელურად ვაგრძელებ ასევე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას - რაჭაში, ნიკორწმინდაში, საიდანაც წარმოშობით ვარ, სასტუმროს ვაშენებ. მშენებლობა თითქმის დასრულებულია, კოსმეტიკური სამუშაოები დამრჩა. ეს სამუშაოებიც იმიტომ მქონდა შეჩერებული, რომ გვერდით კიდევ ერთი ნაგებობა - ეთნოგრაფიული სახლი ავაშენე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ზაფხულს ამ კოსმეტიკურ სამუშაოებსაც დავასრულებთ. მინდა, რომ იქ მეურნეობაც გავმართო და ეს ყველაფერი მერე ტურისტებსაც მოეწონოთ. ბიზნესი და ტურიზმი კი ვახსენე, მაგრამ თუ პოპულიზმში არ ჩამითვლით, ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე, ჩემი რეგიონი და ძალიან მინდა, აღორძინდეს, აყვავდეს. მერე ყველა იქით ჩავალთ, რაღაცას უფრო მასობრივად გავაკეთებთ და რაჭაც თავის პირველ, ცოცხალ სახეს დაიბრუნებს არა მარტო ზაფხულში.

- დღეს ბევრი ცდილობს დედაქალაქიდან რეგიონში გადასვლას და იქ მეურნეობას მისდევენ...

- გეთანხმებით, მართლაც შეიცვალა ამ მიმართულებით ადამიანების დამოკიდებულება, რაც ძალიან სასიხარულოა. მათ შორის ამ ყველაფერში ბევრი ახალგაზრდაა ჩართული. რაჭაში ვენახებსაც რომ გადახედოთ, ადრე თუ მიგდებული იყო, ახლა მოვლილ-დავარცხნილია. მასშტაბებიც გაზრდილია. ეს ახალგაზრდა კაცები, ბიჭები უკვე ძალიან კარგად არიან გარკვეული აგრონომიაშიც იმიტომ, რომ აინტერესებთ. იმიტომ აინტერესებთ, რომ ადამიანებს ამის გაკეთების სურვილი აქვთ. ცხადია, რომ ბევრი რამ ფინანსებზეა დამოკიდებული. შესაბამისად ფინანსები უნდა გქონდეს, რაც იმის საშუალებას გაძლევს, რომ განვითარდე, ამასთან დიდი შრომაა საჭირო. რომ არა ფინანსები, დღეს საქმე, რაც დავიწყე, უკვე დამთავრებული მექნებოდა. ისე ვმოქმედებ, როგორც თანხები მომყვება. სიტყვაზე, ერთი აგურის ფული მაქვს, ვყიდულობ აგურს, მიმაქვს რაჭაში და არ ვყიდულობ სხვა რამეს. ეს იმიტომ, რომ დიდია ჩემი სურვილი, იქ რაღაც შევქმნა. კი, მირჩევნია არსებული თანხა იმ ერთ აგურში დავხარჯო, წავიღო, რაღაც გავაკეთო, ვიდრე დავუშვათ მანქანა გამოვცვალო ან გავერთო, სამოგზაუროდ წავიდე. ნებისმიერ სხვა კომფორტს ვიკლებ იმიტომ, რომ ის გავაკეთო, რის გაკეთებაც მინდა.

- მერე ალბათ ღვინოსაც დააყენებთ მარანში და მანამდე მარანსაც ააშენებთ...

- ნიკორწმინდაში კი ვართ, მაგრამ ვენახები უფრო ქვევით გვაქვს. ყურძენი დამწიფებას ნიკორწმინდაში ვერ ასწრებს. ისე, ბოლო დროს კლიმატური ცვლილებების გამო უკვე მშვენივრად მწიფდება, მაგრამ ვენახები სახვანჭკარე ზონაში, ბუგეულშია. რაც შეეხება დაწურვას, დიდი მამაპაპისეული საწნახელი გვაქვს, დიდი ბაბუის დროსაა გამოთლილი და მასში მოგვიწევს ფეხებით ყურძნის დაწურვა. მარანსაც მოზრდილი სივრცე დავუთმე, სადაც ეს ყველაფერი მოეწყობა, რაც ძალიან მაგარი ამბავია...

- თქვენს მაყურებელს, ჩვენს მკითხველს და გულშემატკივარს რას უსურვებთ...

- პირველ რიგში ყველას მივულოცავ ახალ წელიწადს. ახალ წელიწადს ერთმანეთს იმიტომ ვულოცავთ, რომ ახალი წლისგან კარგ სიახლეებს ველოდებით. ამიტომ მხოლოდ საუკეთესო სიახლეებს ვუსურვებ, როგორსაც ელოდებიან, რაც დაგეგმილი აქვთ. ბევრი საინტერესო პროექტი და სანახავი რამ ჰქონოდეთ, თუნდაც ქართული ფილების სახით, რადგან არის გარკვეული პროექტები, რომელიც მალე გამოვა და დიდი იმედი მაქვს, რომ საინტერესო იქნება. კინოს იმიტომ ვახსენებ, რომ როგორც მაყურებელი, ქართულ კინოს ძალიან ვაფასებ. ქართულმა კინომ ბევრი რამ მასწავლა და ვფიქრობ, ასეთი ფენომენი მსოფლიოში ძალიან იშვიათია. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი გამოდის, მაგრამ ქართულ ფილმს ძალიან მაღალი თამასა უჭირავს - ძველ ფილმებიდან მოყოლებული... შესაბამისად მინდა, ეს თამასა ამ სფეროში დაბრუნდეს და მაყურებელმაც ისიამოვნოს.ბოლოს მადლობას გიხდით თქვენ, რომ გაგახსენდით.

წაიკითხეთ ასევე: