30 წლამდე მამაკაცი, რომელსაც მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, 11 წლის ბავშვს სექსუალური შინაარსის წერილებს სწერდა და მისგან ეროტიკული ფოტოების გაგზავნას მოითხოვდა. მამაკაცი 15 იანვარს სასამართლომ გარყვნილ ქმედებაში დამნაშავედ ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეზე არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” იურისტი მარიამ ვარამაშვილი მუშაობდა, რომელიც AMBEBI.GE-სთან მომხდარის შესახებ ჰყვება.
"ეს დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა. 11 წლის გოგონას ტიკ-ტოკის მეშვეობით დაუკავშირდა პირი, რომელიც მას გაეცნო, როგორც თანატოლი. ბავშვს თავიდან ეგონა, რომ ყალბი “ექაუნთით” მისი მეგობარი სწერდა და მიმოწერა ცნობისმოყვარეობის გამო გააგრძელა. თუმცა კაცმა ის საუბარში შეიტყუა და რამდენიმე დღეში დაარწმუნა, რომ უყვარდა. მამაკაცმა იცოდა, რომ მისი შეტყობინებების ადრესატი ბავშვი იყო. მიუხედავად ამისა, ის ბავშვს სთხოვდა გეკეთებინა კონკრეტული სექსუალური ხასიათის ქმედება, ეს აღებეჭდა ფოტოს ან ვიდეოს სახით და მისთვის გაეგზავნა. გოგონა, მისი ასაკიდან გამომდინარე, ვერც კი იგებდა რას მოითხოვდა მისგან მამაკაცი. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი - როდესაც ასეთი ფაქტი ხდება, აქვთ განცდა, რომ ბავშვი იყო ეკრანზე დამოკიდებული, ან დედა ვერ აქცევდა სათანადო ყურადღებას და ბრალეულობა ისევ მსხვერპლის მხარეს გადმოდის, რაც არასწორია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბავშვი ზომიერ დროს ატარებდა ეკრანთან და ეს მიმოწერაც დიდხანს არ გაგრძელებულა, სულ რაღაც რამდენიმე დღეში, დედამ გაარკვია რა ხდებოდა და მყისიერად მოახდინა სწორი რეაგირება.” - აცხადებს ადვოკატი.
როგორ გაიგო დედამ მომხდარის შესახებ
უფლებადამცველის მონათხრობით, ბავშვი ჩვეულებრივ დადიოდა სკოლაში და რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მისი ცხოვრებს წესში დედას არ შეუნიშნავს. მოძალადე ბავშვს არწმუნებდა, რომ მასთან კომუნიკაცია ოჯახის წევრებისგან მალულად დაემყარებინა. ერთ ღამეს, როცა დედას გამოეღვიძა, დაინახა, რომ ბავშვს ხელში ტელეფონი ეჭირა. სწორედ ასე გაარკვია, თუ რა საფრთხის წინაშე იდგა მისი შვილი. ბავშვმა მშობელს ყველაფერი უამბო და მიუხედავად მძიმე ემოციური ფონისა, უფლებადამცველებთანაც ითანამშრომლა. თუმცა მოძალადის "ტიკ-ტოკის" “ექაუნთი” იმდენად ანონიმური იყო, რომ იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლეოდა. აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელებიდან "ტიკ-ტოკი" ყველაზე უკონტროლო სივრცეა, ვინაიდან ის სამართალდამცავ ორგანოებთან არ თანამშრომლობს, განსხვავებით სხვა სოციალური პლატფორმებისგან.
ბავშვი დედამ და საქმეში ჩართულმა იურისტმა მოძალადეს საუბარი მსხვერპლის სახელით გაუბეს და მას მობილურის ნომერი “გამოიტყუეს”, რის შემდეგაც მისი იდენტიფიცირება და დაკავება სამართალდამცავებს აღარ გასჭირვებიათ.
"მიუხედავად იმისა, რომ პირის ბრალეულობა უტყუარად დადასტურდა, პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მობილური, რომელშიც არ იყო წაშლილი არცერთი მიმოწერა და აშკარად ჩანდა, რომ კაცს ბავშვთა პორნოგრაფიისა და პედოფილიის მიმართ ინტერესი ჰქონდა, ოჯახი მას მხარს ბოლომდე უჭერდა. მამაკაცს დანაშაული არცერთ ეტაპზე არ უღიარებია. აღსანიშნავია, რომ ბავშვისთვის შიშველი ფოტოს ჩვენება, თავისი იქნება ეს თუ სხვისი არის გარყვნილი ქმედება, ზუსტად იგივე სიმძიმის დანაშაულია და იგივე სასჯელით ისჯება, როგორც ეს შეიძლება ყოფილიყო ბავშვის სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ფიზიკური შეხების შემთხვევაში. “ - გვეუბნება ადვოკატი.
კიბერძალადობა - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოწვევაა
კიბერძალადობა როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, ძალზედ გავრცელებული დანაშაულია. ჯანმო-ს უახლესი ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2024 წელს გამოქვეყნდა და 2021-22 წლის მონაცემებს ეყრდნობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, აჩენებს, რომ ყოველ მეექვსე არასრულწლოვანს ერთხელ მაინც აქვს გამოცდილი კიბერბულინგი. კვლევა ხაზს უსვამს, რომ პრობლემის მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტთა თქმით, საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოშიც.
საქმე იმაშია, რომ კიბერძალადობის ყველა შემთხვევას ისეთი დასასრული არ აქვს, როგორზეც სტატიაში გიამბეთ. ძირითადად პირიქით ხდება. ყოფილა შემთხვევები, როცა მსხვერპლს სიცოცხლე სუიციდით დაუსრულებია. და თუ საქმე აქამდე არ მისულა, ძალადობას, ბულინგს, მუქარას, არასრულწლოვნის ფსიქიკისთვის გამოუსწორებელი ზიანი მიუყენებია.
როგორ მოქმედებს მსხვერპლზე კიბერძალადობა
"გარდატეხის ასაკი ისედაც რთული პერიოდია მოზარდის ცხოვრებაში და მსგავსმა გამოცდილებამ შესაძლოა, არასრულწლოვანში გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, სუიციდური აზრები, თვითშეფასებისა და აკადემიური სირთულეები. შესაძლოა, მოზარდებს უბიძგოს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენებისკენ.
გარდა ამისა, მათ ურთულდებათ კომუნიკაცია თანატოლებთან, კარგავენ ინტერესს საყვარელი საქმიანობების მიმართ. კიბერძალადობას აქვს ერთი თავისებურება, როცა ხილული არ არის მოძალადე, უსაფრთხოების დაკარგვის განცდა კიდევ უფრო მძაფრდება. ეს ყველაფერი კი პიროვნების ფორმირებაზე ახდებს გავლენას და მოზარდს უჩნდება განცდა, რომ რაც მოხდა, მისი ბრალია. მსხვერპლის ქცევა რადიკალურად იცვლება. ეს არის ის პირველადი ნიშნები, რის შემთხვევაშიც მშობელმა ეჭვი უნდა მიიტანოს კიბერ ან ნებისმიერი სხვა სახის ძალადობაზე და შესაბამისად იმოქმედოს” - გვიხსნის ფსიქოლოგი თეა ფანჩულიძე.
როგორ უნდა მოიქცეს მშობელი
"ამ დროს მოზარდს, როგორც გითხარით, აქვს თვითბრალეულობის განცდა და ის, რომ ვერ გაუგებენ, დასჯიან და სწორედ ამის გამო ამბობს რაიმეს მოყოლაზე უარს. შესაბამისად, მშობელი და უფროსები ამის საპირისპიროდ უნდა მოიქცნენ. ბავშვი უნდა დავარწმუნოთ, რომ მას მოვუსმენთ განსჯის გარე და მხარს დავუჭერთ ემოციურად. მშობელი პროკურორის პოზიციაში არ უნდა ჩადგეს და გაუთავებელი კითხვები არ უნდა დაუსვას. გამოცდილება აჩვენებს, რომ ფაქტი, რომელიც ხდება, ბავშვს იმდენად ზიანს არ აყენებს რამდენადაც დამოკიდებულება, რომელიც მოდის გარემოდან: ოჯახიდან, სკოლიდან, საახლობლოდან, საზოგადოებიდან. იმის მაგივრად, რომ ძალადობის აღმოფხვრაზე ვიმუშაოთ, მსხვერპლზე გადადის ბრალეულობა. ეს იწვევს იმასაც, რომ ოჯახები, მსგავსი ფაქტებს გამომვლენისას, აღარ მიმართავენ სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან ერიდებიან ბავშვის რეტრავმატიზაციას.” - გვეუბნება ფსიქოლოგი.
როგორია სახელმწიფოს როლი
სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ მსგავსი ტიპის დანაშაული თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე არ არის მარტივად გამოსავლენი და გამოსაძიებელი, თუმცა სახელმწიფოს აქტიური ჩართულობა და მზაობა, ბევრ რამეს შეცვლიდა. დარგის სპეციალისტთა მოსაზრებით, აქცენტი უპირველესად ცნობიერების ამაღლების კუთხით გასატარებელ მთელ რიგ ღონისძიებებზე უნდა გაკეთდეს. აქტიური მუშაობაა ამ კუთხით საჭირო სკოლებთან, პედაგოგებთან, რათა მათ ჰქონდეთ საკმარისი ცოდნა და უნარები, რათა სწორად იმოქმედონ მსგავსი ფაქტების გამოვლენისას. და რაც მთავარია, სახელმწიფომ ძალისხმევა მომხდარი ფაქტის დროულ და ეფექტურ გამოძიებაზეც უნდა მიმართოს, რაც თავის თავში პრევენციასაც მოიცავს.
"ასეთი ტიპის დანაშაულზე გამოძიების დაწყებაც კი ურთულესია, მსხვერპლს და უფლებადამცველს უამრავი ბარიერის გადალახვა უწევთ. რატომ არიდებენ მსგავსი ტიპის დანაშაულზე გამოძიების დაწყებას თავს? არის რამდენიმე მიზეზი - ვერ არგებენ კანონმდებლობას, მათ ჰგონიათ, რომ ამას კანონი არ არეგულირებს, თუმცა მაგალითად, ადევნების მუხლში არის დათქმა, რომელმაც თავისუფლად შეიძლება დაარეგულიროს იგივე კიბერადევნების საკითხიც, მაგრამ თავად სამართალდამცავებს აქვთ ცნობიერების და კომპეტენციის პრობლემა. არის კიდევ ერთი გარემოებაც: ზოგადად, ცნობილია, რომ არამხოლოდ საქართველოში, ასეთი ტიპის დანაშაულების გამოძიება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ვინაიდან მათ არ სურთ გაუხსნელი საქმეებით სტატისტიკის გაფუჭება, თავს არიდებენ დანაშაულის დარეგისტრირებასაც კი.
ვერ ვიტყვით, რომ მიმართვიანობის პრობლემაა. პრობლემა უფრო იმაშია, რომ განმცხადებელს ხვდება მხოლოდ მართლწესრიგის ოფიცერი, დგება ოქმი და იდება თაროზე, გამომძიებლამდეც კი არ მიდის საქმე. თუ იდენტიფიცირებულია მოძალადე, შესაძლოა, დაურეკონ და სიტყვიერად გააფრთხილონ, მაგრამ ეს არის მაქსიმალური შედეგი რასაც ისინი აღწევენ.” - აცხადებს ადვოკატი.
მარიამ ვარამაშვილის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა კიბერ ძალადობის შემთხვევებს შინაარსობრივად არეგულირებს, კარგი იქნებოდა საკანონმდებლო აქტებში გაჩენილიყო ჩანაწერები უშუალოდ კიბერძალადობის დასახელებით.
"ალბათ ეს უფრო ნათელს გახდიდა სახელმწიფოს მიდგომას და ბევრად უფრო მობილური და ეფექტური იქნებოდა. რაც მთავარია, დანაშაულზე გამოძიების დაწყების საკითხი, კონკრეტული ადამიანის აღქმასა და გადაწყვეტილებაზე არ იქნებოდა მინდობილი” - გვეუბნება ადვოკატი.
უმნიშვნელოვანესია, თითოეულმა მოზარდმა და მშობელმა იცოდეს, თუ რას ნიშნავს კიბერძალადობა და როგორ დაცვას თავი მისგან. კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები გვირჩევენ, გავეცნოთ, ვებგვერდს millab.ge, ის წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების ერთგვარ გზამკვლევს, რომლის მიზანია, მისცეს ახალგაზრდებს ცოდნა ინტერნეტ-სივრცეში არსებული საფრთხეების, მათ შორის კიბერბულინგის გამოწვევის შესახებ და განუვითაროს ამ საფრთხეებისაგან თავდაცვის უნარები.