ბრიტანული გამოცემა The Sunday Times -ის ინფორმაციით, ირანში დაღუპულთა რიცხვი 16 500-ს აჭარბებს, ხოლო 330 000-ზე მეტი დემონსტრანტი დაშავდა. როგორც გამოცემა ირანელ ექიმებზე დაყრდნობით წერს, დაღუპულთა უმრავლესობა 30 წლამდე ახალგაზრდაა.
დაღუპულებს შორის არიან, ბავშვები და ორსული ქალები.
“ეს სისასტიკის სრულიად ახალი დონეა. ისინი სამხედრო დანიშნულების იარაღს იყენებენ, არის ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები თავის, კისრის და გულმკერდის არეში. მე ვესაუბრე ათობით ადგილობრივ ექიმს და ისინი შოკირებულები არიან, ტირიან“, - განაცხადა გამოცემასთან ირანელ-გერმანელმა თვალის ქირურგმა და მიუნხენის სამედიცინო ცენტრის სამედიცინო დირექტორმა ნამირ პარასტამ.
The Sunday Times -ის ცნობით, "საავადმყოფოებში ზოგიერთი პაციენტი გარდაიცვალა იმის გამო, რომ უსაფრთხოების ძალებმა სისხლის გადასხმაზე უარი თქვეს. ზოგიერთ კლინიკაში პაციენტების გადასარჩენად სისხლი სამედიცინო პერსონალმა გაიღო."

უკვე რამდენიმე კვირაა ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სოციალური პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ხალხი ქუჩაში 29 დეკემბერს გამოვიდა, თუმცა მალევე ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში გადაიზარდა, რასაც მმართველი ძალის მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა.
როგორც მედია წერს, საპროტესტო მუხტის ჩასახშობად, ირანის მთავრობამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ჰეზბოლასა და ერაყის მილიცია განალაგა. მანამდე, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ, ფართომასშტაბური დემონსტრაციების ფონზე, უსაფრთხოების „წითელი ხაზი“ გამოაცხადა.
Reuters-ის ინფორმაციით, ირანის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ირანში გამართული საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 5 000 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 100-ზე მეტი პოლიციელი.
იხილეთ ასევე: