ინდოეთში სპილომ 22 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი მოკლა - აგრესიული ცხოველი ისევ თავისუფლად გადაადგილდება, მოსახლეობა შველას ითხოვს

ინდოეთში სპილომ 22 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვი მოკლა - აგრესიული ცხოველი ისევ თავისუფლად გადაადგილდება, მოსახლეობა შველას ითხოვს

აღმოსავლეთ ინდოეთის მოსახლეობას კვირაზე მეტია სახლის სახურავებსა და ხეებზე სძინავს, რადგან სპილო, რომელმაც უკვე 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კვლავ თავისუფლად დახეტიალობს. დაღუპულთა შორის ოთხი ბავშვია, მათ შორის 8 თვის ჩვილი. სოფლის მაცხოვრებლებმა სახლები მიატოვეს, ზოგი კი ღამის მოახლოებისას თავშესაფარს სახურავებზე ან ხეებზე ეძებს.

სპილომ დასავლეთ სინგჰბჰუმის რაიონში უკვე ათობით სოფელი ააწრიალა. ცხოველი სავარაუდოდ შეჯვარების ფაზაში იმყოფება, რომელიც ტესტოსტერონის მატებით და აგრესიით ხასიათდება. ოფიციალური პირების თქმით, ეს მდგომარეობა შესაძლოა 20 დღემდე გაგრძელდეს.

ინდოეთის ხელისუფლებამ სპილოზე მასშტაბური ძებნა დაიწყო, რომელშიც 100-ზე მეტი ტყის თანამშრომელია ჩართული. მათი მიზანია მანამ დაიჭირონ სპილო, სანამ ის კიდევ ერთხელ დაესხმება თავს მოსახლეობას.

ჩაიბასას რაიონის ტყის განყოფილების ოფიცერმა, ადიტია ნარაიანმა განაცხადა, რომ სპილომ ყველა გათელა, ვინც კი გზად შეხვდა: "მხოლოდ ერთ ოჯახში 4 ადამიანი დაიღუპა. წარსულშიც გვინახავს შეჯვარების ფაზაში მყოფი სპილოები, თუმცა ისინი ადამიანებს იშვიათად ესხმოდნენ თავს".

ოფიცრის თქმით, ბოლო 9 დღის განმავლობაში, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა.

ოფიციალური პირები და მკვლევრები ძალადობას ტყის საფარის შემცირებას, ჰაბიტატის ფრაგმენტაციას და სპილოების სიახლოვეს ადამიანების აქტივობის ზრდას უკავშირებენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მთავრობამ დაღუპულთა ოჯახებს ფულადი დახმარება გადასცა.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, სპილო თავის ჯოგს ჩამოშორდა, რაც ხაზს უსვამს მისი პოვნის აუცილებლობას და ტყეში სხვა სპილოებთან შეერთების შესაძლებლობის მიცემას.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა