ავტორი:

“არ დავშანტაჟდებით!“ - საგანგებო სხდომა, ევროკავშირის ფარული “იარაღი“ და ნატო-ს წევრი 8 ქვეყნის მიმართვა ტრამპს: უთანხმოება გრენლანდიის გამო მწვავდება

“არ დავშანტაჟდებით!“ - საგანგებო სხდომა, ევროკავშირის ფარული “იარაღი“ და ნატო-ს წევრი 8 ქვეყნის მიმართვა ტრამპს: უთანხმოება გრენლანდიის გამო მწვავდება

ნატო-ს წევრი რვა ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია რომ „ტარიფების მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის საფრთხეს ქმნის".

  • როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, გრენლანდიაზე უთანხმოების გამო, დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნულ ქვეყნებს 2026 წლის 1-ელი თებერვლიდან 10%-იანი ტარიფები დაუწესდებათ, 1-ელი ივნისიდან კი ტარიფები 25%-მდე გაიზრდება და იქამდე იმოქმედებს, სანამ “გრენლანდიის სრულ და მთლიან შესყიდვაზე არ იქნება მიღწეული შეთანხმება”.

სწორედ ამას პასუხობს ნატო-ს წევრი რვა ქვეყნის განცხადება. ისინი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ისინი „სრულ სოლიდარობას უცხადებენ დანიის სამეფოს და გრენლანდიელ ხალხს“.

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით, რომლებსაც მტკიცედ ვუჭერთ მხარს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ავტორები არიან: დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.

ტრამპის მუქარანარევ განცხადებას გამოეხმაურნენ ევროპელი ლიდერებიც. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, "არავითარი დაშინება ან მუქარა არ იქონიებს გავლენას არც უკრაინასთან და არც გრენლანდიასთან დაკავშირებით. ტარიფებზე მუქარები მიუღებელია".

"საფრანგეთი ერების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთგულია, როგორც ევროპაში, ასევე სხვაგან. ამით ვხელმძღვანელობთ გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს უდევს საფუძვლად გაეროსა და ქარტიისადმი ჩვენს ერთგულებას.

ამის საფუძველზე გადავწყვიტეთ გრენლანდიაში დანიის მიერ ორგანიზებული წვრთნები. ამ გადაწყვეტილების ერთგულები ვრჩებით. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს არკტიკასა და ჩვენი ევროპის წინა ხაზზე უსაფრთხოებას ეხება. არავითარ დაშინებას ან მუქარას არ ექნება ჩვენზე გავლენა არც უკრაინაში, არც გრენლანდიაში, და არც სადმე სხვაგან მსოფლიოში, სადაც ასეთი ვითარებების წინაშე ვდგავართ,” - წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

  • BBC-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ შეერთებული შტატები გრენლანდიასთან დაკავშირებული დაპირისპირების ფარგლებში ტარიფებს დააწესებს, საფრანგეთი მოსთხოვს ევროკავშირს გაააქტიუროს „ანტიიძულებითი ინსტრუმენტი“,

„ანტიიძულებითი ინსტრუმენტი“ (ACI) ბრიუსელმა 2023 წელს დაამტკიცა, რათა შეეჩერებინა გარე ძალების მიერ, ევროკავშირის ან წევრ სახელმწიფოებში იძულებითი პოლიტიკური ცვლილებების მცდელობები.

“როგორც ჩანს, დღეს აშშ არის გარე ძალა, რომელიც გრენლანდიასთან დაკავშირებით ევროპული პოლიტიკის შესაცვლელად კომერციულ ძალას იყენებს,“ - წერს გამოცემა.

„ანტიიძულებითი ინსტრუმენტი“ ევროკავშირს აძლევს საშუალებას „საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“ საპასუხოდ იმოქმედოს იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებები ჩაიშლება. ევროკავშირი იტოვებს უფლებამოსილებას, დააწესოს შეზღუდვები საქონლისა და მომსახურების იმპორტსა და ექსპორტზე, ასევე ინტელექტუალური საკუთრების უფლებებსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე.

„გარდა ამისა, ACI საშუალებას იძლევა დაწესდეს სხვადასხვა შეზღუდვები ევროკავშირის ბაზარზე წვდომაზე, განსაკუთრებით სახელმწიფო შესყიდვებზე, ასევე ქიმიური და სანიტარული წესების დაცვით პროდუქციის ბაზარზე განთავსებაზე.“ აღსანიშნავია, რომ ACI აქამდე არასდროს გამოუყენებიათ.

დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების გამოცხადების შემდეგ, საგანგებო შეხვედრა გამართა ევროკავშირმა. მოგვიანებით აშშ-ის პირველი პირის განცხადებას სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური პირებიც გამოეხმაურნენ.

  • ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის განცხადებით, გრენლანდიაში აშშ-ის შეჭრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დედამიწაზე უბედნიერეს ადამიანად აქცევს.

„თუ გრენლანდიაზე გავამახვილებთ ყურადღებას, უნდა ვთქვა, რომ ამ ტერიტორიაზე აშშ-ის შეჭრა ვლადიმერ პუტინს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად აქცევს. რატომ? იმიტომ, რომ ეს უკრაინაში მისი შეჭრის ლეგიტიმაციას მოახდენს. თუ შეერთებული შტატები ძალას გამოიყენებს, ეს ნატო-სთვის სიკვდილის ზარი იქნება. პუტინი ორმაგად ბედნიერი იქნება“, - აღნიშნა ესპანეთის პრემიერმა.

  • იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის განცხადებით, დონალდ ტრამპის მუქარა გრენლადიასთან დაკავშირებული გეგმის მოწინააღმდეგე ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებაზე, შეცდომაა.

მელონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი შეხედულებები აშშ-ის პრეზიდენტს გაუზიარა.

„მჯერა, რომ დღეს ახალი სანქციების დაწესება შეცდომა იქნება. რამდენიმე საათის წინ ვესაუბრე დონალდ ტრამპს და ვუთხარი, რასაც ვფიქრობ“, - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.

  • ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰელენ მაკენტის განცხადებით, გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ტარიფების დაწესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება სრულიად მიუღებელი და ღრმად სამწუხაროა.

„ირლანდიამ ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდიის მომავალი არის საკითხი, რომელიც, დემოკრატიული პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, დანიამ და გრენლანდიელმა ხალხმა უნდა განსაზღვროს. ეს არის პოზიცია, რომელიც არ შეიცვლება. სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა მოლაპარაკებას არ ექვემდებარება. ეს არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი. ეს არის ის, რაც უზრუნველყოფს ყველა ქვეყნის - დიდის თუ პატარას, სამხედრო ალიანსებში გაერთიანებულის თუ ნეიტრალურის - უსაფრთხოებას და დაცულობას“, - აღნიშნა ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

  • გერმანიის ფინანსთა მინისტრისა და ვიცე-კანცლერის ლარს კლინგბეილის განცხადებით, დონალდ ტრამპი ევროპელ პარტნიორებს ტარიფებით ვერ დააშანტაჟებს.

მისი თქმით, გერმანია ყოველთვის გაუწვდის ხელს აშშ-ს საერთო გადაწყვეტილებების მოსაძებნად, მაგრამ ბერლინი ამ საკითხში ვაშინგტონს ვერ დაეთანხმება.

„ამიტომ ძალიან მკაფიო სიგნალია: არ დავშანტაჟდებით და ევროპული პასუხი იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა.

  • ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ტარიფები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს შეარყევს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს შექმნის.

„მოკავშირეებთან ერთად არქტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ფინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის დანიის ხელმძღვანელობით და მოკავშირეთა მიერ გრენლანდიაში კოორდინირებული მოქმედების მიზანიც. ევროპის ქვეყნები ერთიანები არიან. ხაზს ვუსვამთ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს. მხარს ვუჭერთ დანიას და გრენლანდიას. ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგი გრძელდება. ტარიფები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს შეარყევს და სახიფათო დაღმავალი სპირალის რისკს შექმნის“, - აცხადებს სტუბი.

იხილეთ ასევე: