ჩილე მასშტაბურ ტყის ხანძრებს ებრძვის. ქვეყნის სამხრეთით, უზარმაზარ ტერიტორიაზე გაჩენილ კერებს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო დედაქალაქ სანტიაგოდან დაახლოებით 500 კილომეტრის დაშორებით მდებარე ნიუბლესა და ბიობიოს რეგიონებიდან 50 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.


შინაგან საქმეთა მინისტრის, ალვარო ელიზალდეს განცხადებით, „ნუბლეს რეგიონში თავშესაფრებში 160-ზე მეტი ადამიანი იმყოფება, ხოლო ბიობიოს რეგიონში - 700-ზე მეტი“.
პრეზიდენტმა გაბრიელ ბორიჩმა კვირას სამხრეთ რეგიონში საგანგებო ზომები გამოაცხადა. ხანძარმა პენკოს უმეტესი ნაწილი მოიცვა, დაიწვა მანქანები, სკოლა და ეკლესია.


„მიმდინარე სერიოზული ხანძრის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, ნუბლისა და ბიობიოს რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადო“ - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.
მეხანძრეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 19 აქტიურ ხანძარს ებრძვიან. მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი სამუშაოებს ართულებს. პრეზიდენტის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაიზრდება. მისი შეფასებით, მხოლოდ ბიობიოს რეგიონში დაზარალებული სახლების საერთო რაოდენობა ათასს აჭარბებს.



„ბევრი ადამიანი სახლებშია ჩარჩენილი. ფიქრობდნენ, რომ ხანძარი ტყის პირას შეჩერდებოდა. ხანძარი კონტროლიდან გამოვიდა, ამას არავინ ელოდა" - განაცხადა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, 55 წლის ჯონ გუზმანმა.


ბოლო წლებში ტყის ხანძრებმა სამხრეთ-ცენტრალური ჩილე გაანადგურა. პროკურატურის ცნობით, 2024 წლის თებერვალში, სანტიაგოს ჩრდილო-დასავლეთით ხანძრებმა 138 ადამიანი იმსხვერპლა.