“ესკალაციის თავიდან აცილება გვსურს და დავოსში ტრამპთან შეხვედრას შევეცდები“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სამყარო ცვლილებების მდგომარეობაშია და ჩვენ ადაპტაცია უნდა მოვახდინოთ. ვიზიარებთ აშშ-ის შეფასებას და ნატო-ს პარტნიორმა ქვეყნებმა რეგიონის უსაფრთხოებისთვის უფრო მეტი უნდა გააკეთონ“, - განაცხადა მერცმა.
მერცის თქმით, გრენლანდიასა და დანიას შეუძლიათ, რომ „გერმანიის სოლიდარობის იმედი“ ჰქონდეთ.
„მზად ვართ, აშშ-სთან მოლაპარაკებებს მხარი დავუჭიროთ. ამ მოლაპარაკებების საფუძველი კი ყოველთვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები უნდა იყოს“, - აღნიშნა მერცმა.
ასევე, მერცის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან დამატებითი ტარიფების დაწესება „ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს დაასუსტებს და ორივე მხარის ეკონომიკას ზიანს მიაყენებს“.
„თუ ტარიფების წინაშე აღმოვჩნდებით, რასაც არაგონივრულად მივიჩნევთ, მაშინ საპასუხო რეაქცია გვექნება“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.