რაში სჭირდება გრენლანდიაზე პრეტენზიის გამოცხადება დონლდ ტრამპს, როდესაც კუნძულზე უზარმაზარი ამერიკული სამხედრო-კოსმოსური ბაზა უკვე არის და ამასთანავე, აშშ-ს იქ განუსაზღვრელი რაოდენობის ჯარისკაცის განთავსება შეუძლია. მით უფრო, რომ ამ ვითარებაში რუსეთიდან და ჩინეთიდან გრენლანდიის დაუფლების საფრთხე, რაზეც ბოლო ხანს ტრამპი ლაპარაკობს, ფაქტობრივად, არ არსებობს? - ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტრევიუდან:
- გრენლანდია, მგონი, იმგვარ სიმბოლოდ იქცევა მალე, როგორც ელდარ შენგელაიას ფილმშია. ხუმრობა იქით იყოს და, კი, აშშ-ს შეუძლია სამხედრო კონტინგენტის გაზრდა, მაგრამ ის პოლიტიკურად ვერ აკონტროლებს კუნძულს, მის პოლიტიკას ვერ განსაზღვრავს. როგორც ცნობილია, გრენლანდია თავის პორტებში ჩინურ გემებსაც უშვებს და რუსულსაც - კუნძული მათი საწვავით უზრუნველყოფის ბაზაა. ტრამპს ამ ფუნქციის მოსპობა უნდა და, ბოლოს და ბოლოს, აიძულებს, ალბათ, ევროკავშირს, რომ აღარ შეუშვას რუსული და ჩინური გემები პორტებში და ამით შესაძლოა დასრულდეს ეს დავიდარაბა. თუ ტრამპმა ეს ყველაფერი მაინც გააგრძელა და ნატოსთან დრამატულ კონფლიქტამდემიიყვანა, მას იმპიჩმენტი არ ასცდება. ბოლოს მაგის რეიტინგები ნანახი გაქვთ? - ვენესუელის სპეცოპერაციის მიუხედავად, სულ იკლებს და იკლებს. რესპუბლიკელი სენატორებიც კი უკვე დაუფარავად გამოხატავენ უკმაყოფილებას ტრამპის ხუშტურების გამო. თუ მან კიდევ უფრო გაამწვავა გრენლანდიის საკითხი, ვფიქრობ, ცუდად წაუვა საქმე. ისე, კანადის მითვისებაც უნდოდა, მაგრამ მალევე გააჩუმეს.
დააკვირდით, ალბათ, "ქართული ოცნების" ანტიევროპული ნარატივები როგორ ძალიან ჰგავს ტრამპისას, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" მის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დამყარება ვერა და ვერ შეძლო. სამაგიეროდ, ეს მოახერხეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა. საქმე ის არის, ტრამპისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნის ინტერესები და არა ვიღაცის ნარატივებთან თანხვედრა.
- ევროპის როლზეც მინდა ვისაუბროთ, რომელიც ასევე ღრმა კრიზისშია. ბოლო წლების უზრუნველმა ცხოვრებამ, განახევრებულმა თავდაცვის ბიუჯეტებმა და უსაფრთხოებაზე ნაკლებმა ზრუნვამ, მნიშვნელოვნად შეარყია ევროკავშირის, როგორც ძალის ცენტრის პოზიცია; უკრაინაში ომმა კი პირდაპირ გამოაჩინა ის საფრთხეები, რაც შეიძლება დაემუქროს უახლოეს მომავალში ბებერ კონტინენტს.
- მე თუ მკითხავთ, ევროპაში პრობლემები დაიწყო მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი, ბრექსიტმა გამოააშკარავა ის შიდა უთანხმოებები, რაც ევროკავშირში იყო. ვითარება მართლაც რთულია - ბევრ ქვეყანაში უკმაყოფილებაა, ხელისუფლებებში მოდიან რადიკალურ-ექსტრემისტული ძალები. საბედნიეროდ, ევროპაში კანონის უზენაესობაა* და ხელები შებოჭილი აქვთ. საფრანგეთის მომავალ არჩევნებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. რა თქმა უნდა, არსებობს ევროკავშირის დაშლის საფრთხე, თუმცა მე მაინც გაზვიადებული მგონია ასეთი მოლოდინი. თუ სურთ ევროკავშირი რეალური ძალის ცენტრად იქცეს, მმართველობის სტრუქტურა უნდა შეიცვალოს მთლიანად, რაც, ალბათ, ნელ-ნელა მოხდება კიდეც. ჩემი შეფასებით, ევროკავშირი მოახერხებს ამ პრობლემების დაძლევას. წაიკითხეთ სრულად