ekhokavkaza.com-ის ცნობით, სომხეთის პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა უკიდურესად უხეშად მოიხსენია ულტრაკონსერვატორი ფილოსოფოსი და კრემლის იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი და კრემლის რუპორი, ვლადიმირ სოლოვიოვი.
სიმონიანი ჟურნალისტებთან საუბრობდა ე.წ. ტრამპის მარშრუტის (TRIP) შესახებ და აღნიშნა, რომ პროექტს ყველა უჭერს მხარს, გარდა შიდა ოპოზიციისა და რუსი პროპაგანდისტებისა. მისი თქმით, თავად რუსეთის ხელისუფლება ამ ინიციატივის მიმართ საჯაროდ ნეგატიურ დამოკიდებულებას არ გამოხატავს.
"არანაირი განსხვავება არ არის. ისინი ორივე… რუსულ ენაში არის კარგი გამოთქმა, მაგრამ ეთერში მისი თქმა არ მინდა - ორივე ნეხვია, ჯოხზე წამოცმული ნეხვი. ჩემთვის ისინი ამისგან არაფრით განსხვავდებიან და ამაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ“, - განაცხადა სიმონიანმა და დასძინა, რომ საჭიროების შემთხვევაში საკუთარ აზრს რუს კოლეგებსაც გადასცემს. მან აღნიშნა, რომ ამის შესაძლებლობა უახლოეს მომავალში ექნება, რადგან მოსკოვშია მიწვეული რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის, ვალენტინა მატვიენკოს, მიერ.
როგორც სააგენტო News.am წერს, სიტუაციის კომენტირებისას სიმონიანმა ეს ფრაზა სამჯერ გაიმეორა.
შეგახსენებთ, ვლადიმირ სოლოვიოვმა განაცხადა, რომ რიგ სხვა ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში, უკრაინის მაგალითზე აუცილებელია "სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარება, რის მერეც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი, სერგეი კოპირკინი დაიბარეს. მას გადაეცა დიპლომატიური ნოტა, რომელშიც გამოხატულია "ღრმა აღშფოთება სახელმწიფო ტელეარხზე გადაცემაში გაკეთებული განცხადებების გამო“.
იხილეთ ასევე: