ავტორი:

"მამა იმ შემთხვევაში შემხვდებოდა, თუ იქ ნიკოლა არ იქნებოდა... ეს სახეში სილის გაწვნას ჰგავდა" - ბრუკლინ ბეკჰემი მშობლებთან დაპირისპირების დეტალებს აღწერს

"მამა იმ შემთხვევაში შემხვდებოდა, თუ იქ ნიკოლა არ იქნებოდა... ეს სახეში სილის გაწვნას ჰგავდა" - ბრუკლინ ბეკჰემი მშობლებთან დაპირისპირების დეტალებს აღწერს

დევიდ და ვიქტორია ბეკჰემების უფროსი ვაჟი, ბრუკლინ პულც ბეკჰემი აცხადებს, რომ ოჯახთან შერიგება არ სურს. ბრუკლინმა ამის შესახებ ვრცელ წერილში აღნიშნა, რომელიც "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.

  • ბეკჰემების მეამბოხე შვილმა პირველად ისაუბრა საჯაროდ ოჯახთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მშობლებთან ურთიერთობა დეტალურად აღწერა.

ის მშობლებს ადანაშაულებს და წერს, რომ დევიდი და ვიქტორია ცდილობდნენ, ბრუკლინს, ცოლთან, ნიკოლასთან ურთიერთობა გაჰფუჭებოდა.

  • ცნობილ ოჯახში დაპირისპირების შესახებ თვეების განმავლობაში არსებული სპეკულაციების შემდეგ, ბრუკლინი ამბობს, რომ ცდილობდა სიტუაციის კონფიდენციალურად შენახვას, მაგრამ "სხვა გზა არ დარჩა გარდა იმისა, რომ სიმართლე საჯაროდ თქვას".

"წლების განმავლობაში ჩუმად ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ეს საკითხები კონფიდენციალური ყოფილიყო. სამწუხაროდ, ჩემი მშობლები და მათი გუნდი კვლავ აგრძელებს პრესასთან კონტაქტს, რის გამოც სხვა არჩევანი არ დამრჩა გარდა იმისა, რომ საკუთარი სახელით მესაუბრა და სიმართლე მეთქვა იმ ტყუილების შესახებ, რასაც მედიაში წერენ.

არ მინდა ჩემს ოჯახთან შერიგება. ცხოვრებაში პირველად არავინ მაკონტროლებს.

ბოლო დროს საკუთარი თვალით ვნახე, რა ძალისხმევას მიმართავენ მედიაში უამრავი ტყუილის გასავრცელებლად, ძირითადად უდანაშაულო ადამიანების ხარჯზე, საკუთარი ფასადის შესანარჩუნებლად. მაგრამ მე მჯერა, რომ სიმართლე ყოველთვის გამოაშკარავდება", - წერს ბრუკლინ ბეკჰემი.

მისი განცხადების დიდი ნაწილი ეთმობა მეუღლესთან, ნიკოლა პულცთან ურთიერთობას. როგორც ბრუკლინი წერს, ნიკოლას ბეკჰემების ოჯახი "უპატივცემულოდ ექცეოდა".

მან მშობლები დაადანაშაულა ქორწილის ჩაშლის მცდელობაში და განაცხადა, რომ ვიქტორიამ "ბოლო წუთს თქვა უარი ნიკოლასთვის კაბის შეკერვაზე, მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა აღფრთოვანებული იყო იმ ფაქტით, რომ ვიქტორიას დიზაინით შექმნილი საქორწილო კაბა უნდა ჩაეცვა. ამ ყველაფერმა კი აიძულა პულცი, რომ სასწრაფოდ ეპოვა ახალი კაბა".

  • ცნობისთვის, მედიაში იმ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლამ თავად თქვა უარი ვიქტორიას დიზაინით შექმნილი კაბის ჩაცმაზე. მოგვიანებით კი ნიკოლამ გამოცემა Time-თან ისაუბრა ამ თემაზე. მისი თქმით, "ვიქტორია მიხვდა, რომ კაბის შეკერვას დროულად ვერ დაასრულებდა".

გარდა ამისა, ბრუკლინ ბეკჰემი დედას ადანაშაულებს მისი საქორწილო ცეკვის "მითვისებაში" და წერს, რომ მაშინ, როცა ბრუკლინსა და ნიკოლას უნდა ეცეკვათ, ბრუკლინმა და ვიქტორიამ იცეკვეს.

ბრუკლინი თავის წერილში კიდევ ერთ დაპირისპირებაზე საუბრობს. ის იხსენებს დევიდ ბეკჰემის დაბადების დღეს, როდესაც დევიდი 50 წლის გახდა. მედიაში წერდნენ, რომ ნიკოლა და ბრუკლინი დევიდის დაბადების დღეს არ დაესწრნენ. როგორც ბრუკლინი აღწერს, ის ცოლთან ერთად ლონდონში, სასტუმროში იმყოფებოდა ერთი კვირის განმავლობაში, სურდა ოჯახთან ერთად დროის გატარება, თუმცა დევიდი უარს ამბობდა მათთან შეხვედრაზე, გარდა წვეულებაზე შეხვედრისა, რომელსაც 100 ადამიანი დაესწრებოდა და სადაც უამრავი კამერა იქნებოდა.

ბრუკლინის თქმით, საბოლოოდ, დევიდი დათანხმდა მასთან შეხვედრას, თუმცა იმ პირობით, თუ იქ ნიკოლა არ იქნებოდა. "ეს სახეში სილის გაწვნასავით იყო", - წერს ბრუკლინი. მისივე ცნობით, ამის შემდეგ მისი ოჯახი ლოს ანჯელესში იმყოფებოდა, ბრუკლინის ნახვაზე კი უარი თქვეს. აღსანიშნავია, რომ იმ დროს მედია წერდა, რომ შეხვედრაზე ბრუკლინი თვითონ არ მივიდა, რადგან იქ იმყოფებოდა მისი ძმის, რომეოს შეყვარებულიც, რომელიც მანამდე ბრუკლინის შეყვარებული იყო.

ბრუკლინი აკრიტიკებს ოჯახს, რადგან მისი თქმით, ვიქტორიასა და დევიდისთვის ბრენდი "ბეკჰემი" ყველაფერზე მაღლა დგას და დასძენს, რომ ოჯახის სიყვარული განისაზღვრება იმით, თუ რამდენ პოსტს გამოაქვეყნებ ოჯახის შესახებ სოციალურ ქსელში.

"მშობლები მთელი ცხოვრების განმავლობაში მაკონტროლებდნენ, ოჯახთან დაშორების შემდეგ კი პირველად ცხოვრებაში, ეს შფოთვა გაქრა", - წერს ბრუკლინი.