ავტორი:

მორიგი სკანდალი - ტრამპი მაკრონისა და მარკ რუტეს პირად შეტყობინებებს ასაჯაროებს: "მაკრონი არავის სჭირდება, მის ღვინოებს 200%-იან ტარიფს დავუწესებ"

მორიგი სკანდალი - ტრამპი მაკრონისა და მარკ რუტეს პირად შეტყობინებებს ასაჯაროებს: "მაკრონი არავის სჭირდება, მის ღვინოებს 200%-იან ტარიფს დავუწესებ"

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პირადი შეტყობინების "სქრინშოთს" აქვეყნებს.

მესიჯის ავთენტურობას ელისეის სასახლეში ადასტურებენ. აი, რას სწერს მაკრონი ტრამპს:

"მეგობარო, სირიის შესახებ ერთ აზრზე ვართ. ირანთან დაკავშირებით დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია".

  • ემანუელ მაკრონი ტრამპს ხუთშაბათს, პარიზში "დიდი შვიდეულის“ შეხვედრის გამართვას სთავაზობს.

"შემიძლია შეხვედრის ფარგლებში უკრაინელები, დანიელები, სირიელები და რუსები მოვიწვიო. მოდი, აშშ-ში გამგზავრებამდე, ხუთშაბათს, პარიზში ვისადილოთ“, - წერს მაკრონი. ცნობისთვის, ამ ჯგუფიდან რუსეთი 2014 წელს, ყირიმის ანექსიის საპასუხოდ გარიცხეს.

გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ გაგზავნილი პირადი შეტყობინებაც გაასაჯაროვა:

რუტე მას მადლობას უხდის სირიაში გაწეული სამუშაოსთვის და ამბობს: "მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ვიპოვო გზა გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით წინსვლისთვის.

  • ემანუელ მაკრონთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთანაც ისაუბრა და მას ფრანგულ ღვინოებსა და შამპანურზე 200%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა. ეს მას შემდეგ თქვა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკრონი არ აპირებს ღაზის საკითხთან დაკავშირებით "მშვიდობის საბჭოს" წევრობას.

"ის [მაკრონი] არავის აინტერესებს, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს. თუ მტრულად განეწყობიან. მის ღვინოებსა და შამპანურებზე 200%-იან ტარიფს დავაწესებ და მაშინ შეუერთდება [მშვიდობის საბჭოს]", - განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, ემანუელ მაკრონის საპრეზიდენტო ვადა 2027 წლის მაისში იწურება, ხოლო საფრანგეთის კანონმდებლობის მიხედვით, მას არ შეუძლია მესამე ვადით კენჭისყრა.

რაც შეეხება "მშვიდობის საბჭოს" - ეს არის გლობალური ორგანო, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭომ გასული წლის ნოემბერში დაამტკიცა და ისრაელ-ჰამასის ცეცხლის შეწყვეტის ზედამხედველობისთვის შეიქმნა. საბჭოში მონაწილეობის მისაღებად მოწვევები გაეგზავნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს.