მეცნიერების თქმით, ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მზეზე ყველაზე დიდი რადიაციული შტორმი დაფიქსირდა. მათივე მტკიცებით, ის ახლა დედამიწისკენ მოემართება და სავარაუდოდ, ორშაბათს დილით თვალისმომჭრელ პოლარულ ნათებას გამოიწვევს - როდესაც მზისგან გამოტყორცნილი ნაწილაკები დედამიწის მაგნიტურ ველს აღწევენ, ისინი ატმოსფეროში არსებულ აირებთან ურთიერთქმედებენ და ცაზე სხვადასხვა ფერის ნათებას ქმნიან.

"ამჟამად მიმდინარეობს S4-ის ძლიერი მზის რადიაციული შტორმი - ეს არის ყველაზე დიდი შტორმი ბოლო 20 წლის განმავლობაში. ბოლოს S4 2003 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა", - აღნიშნულია SWPC-ის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
კოსმოსურ შტორმს შეუძლია გაზარდოს რადიაციული ზემოქმედების რისკი დაბალ ორბიტაზე მყოფი ასტრონავტებისთვის, მაგალითად, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფებისთვის, ასევე პოლარული მარშრუტებით მგზავრებისთვის. მომატებულმა რადიაციამ ასევე შეიძლება საფრთხე შეუქმნას იმ თანამგზავრებს, რომლებსაც კომუნიკაციისა და ნავიგაციისთვის ვეყრდნობით.