12 იანვარს ერთი წელი შესრულდა, რაც ჟურნალისტი, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" თანადამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი სასჯელს იხდის. თავდაპირველად მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მუხლი შედარებით მსუბუქი, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ. ჟურნალისტს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწნის გამო. საპატიმროში ჟურნალისტი 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა, შიმშილობის 24-ე დღეს ის კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
მანანა ამაღლობელი, ექიმი-დერმატოლოგი, მზიას ძმისშვილი:
- მზიას ყოველ შაბათს ვნახულობ, ბოლოს ის 12 იანვარს ვნახე, პატიმრობის წლისთავზე. მამიდას შიმშილობამდეც გასტროენტეროლოგიური პრობლემები ჰქონდა და ახლაც მედიკამენტებს იღებს.
მარცხენა თვალში აღარ აქვს მხედველობა, მარჯვენაში კი - დაბალი პროცენტი. კერატოკონუსი აქვს და საოპერაციოა, რათა შეუნარჩუნდეს ის მხედველობა მაინც, რაც ახლა აქვს, თორემ მომატების პერსპექტივა არ არის. მზია ძალიან ძლიერი ქალია და არ გვაჩვენებს სისუსტეს არც ჩვენ და არც საზოგადოებას, ძალიან მხნედ გამოიყურება.
მზია ჩემი ბავშვობაა, ის მარტო მამიდა არ არის, ჩემთვის დედაცაა და მამაც. 6 წლის რომ ვიყავი, მზიას უფროსი ძმა, მამაჩემი, გარდაიცვალა - 28 წლისა ავარიაში მოყვა. მე და ჩემი სამი დედმამიშვილი უმამოდ დავრჩით. იმხანად მზია პირველი კურსის სტუდენტი იყო. მამიდა მარტო ფიზიკურად არ ზრუნავდა ჩვენზე, საოცრად თბილი, მზრუნველი იყო... წარმოიდგინეთ, ოჯახში ამხელა ტრაგედია რომ დატრიალდება და ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი დარჩება. მაშინ დედაც ძალიან ახალგაზრდა იყო... არ ვიცი, დღემდე მაქვს საკუთარ თავთან კითხვები, როგორ შეძლო მზიამ ის ყველაფერი, რაც ჩვენთვის გააკეთა. ხშირად ამოდიოდა ჩვენთან, სოფელში (შუახევის რაიონი, სოფ. ჭვანა) და მამეცადინებდა. პირველ კლასში რომ შევედი, "ვეფხისტყაოსნის" პროლოგი მასწავლა და დღემდე მახსოვს. მერე, როცა გავიზარდე, ვსაყვედურობდი, რა დაგიშავე, პატარა ბავშვს რას მაწვალებდი პროლოგის დასწავლაზე-მეთქი.
სკოლაში ფრანგულს ვსწავლობდით და მზიას წყალობით, ალბათ, ყველაზე კარგად მომზადებული მე მივდიოდი ხოლმე. ასე რომ, მზია ჩვენი მასწავლებელიც, რეპეტიტორიც იყო, საერთოდ, ყველაფერი. როცა სკოლა დავამთავრეთ, ბათუმში წავედით სასწავლებლად და მზიასთან ვიზრდებოდით. ის ყველაფრით გვერდში გვედგა მორალურად თუ ფინანსურად. რაც კი შეიძლება ადამიანს დადებითი გააჩნდეს, მზიასგან გვაქვს. მისი დამსახურებაა, დღეს ვინც ვართ...განაგრძეთ კითხვა
წაიკითხეთ ასევე: