მრავალრიცხოვანი წყაროების ინფორმაციით, რამზან კადიროვის უმცროსი ვაჟი, ადამი, რომელსაც ჩეჩნეთის ლიდერი თავის მემკვიდრედ მოიაზრებს, ბოლოდროინდელ ავარიაში ისე მძიმედ არ დაშავებულა, როგორც ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ.
წყაროები საფუძვლიანად მიიჩნევდნენ ვერსიას, რომ 18 წლის ადამ კადიროვი მკურნალობას მოსკოვში, ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში გადის. თუმცა, კვირას საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამედიცინო ბორტი, რომელსაც ის მოსკოვში უნდა გადაეყვანა, მოულოდნელად დუბაიში გაფრინდა - იქ, სადაც კადიროვების კლანს რამდენიმე ვილა და ე.წ. „სათადარიგო აეროდრომი“ აქვს.
რა არის ცნობილი ამ დროისთვის?
„ВЧК-ОГПУ“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კადიროვ-უმცროსის მდგომარეობა, რომელიც თავიდან კრიტიკულად ფასდებოდა, მოსკოვის საავადმყოფოში ჰოსპიტალიზაციის შემდეგ გაუმჯობესდა. სხვა დეტალები მისი ჯანმრთელობის შესახებ არ კონკრეტდება.

ამავდროულად, ოპოზიციური მოძრაობა NIYSO და გამოცემა „ნოვაია გაზეტა ევროპა“ წერდნენ, რომ ადამმა რამდენიმე მსუბუქი ტრავმა მიიღო, რომლებიც მის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. NIYSO-ს ინფორმაციით, მას ყბა აქვს მოტეხილი და სახეზე ნაკაწრები აღენიშნება, ხოლო „ნოვაია-ევროპა“ შესაძლო ტვინის შერყევასა და დაბეჟილობებზე საუბრობს. გავრცელებული ცნობით, მას სერიოზული დაზიანებები უსაფრთხოების ღვედებმა და ბალიშებმა ააცილა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე „კავკაზ.რეალი“ წერდა, თითქოს ავარიის შემდეგ ადამი გროზნოს საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში, რეანიმაციაში მოათავსეს. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მემკვიდრის ამოცნობაც კი შეუძლებელი იყო.
საეჭვო გადაფრენები დუბაის მიმართულებით
გამოცემა „ვაჟნიე ისტორიამ“ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კადიროვ-უმცროსი მოსკოვში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს „მფრინავი ჰოსპიტალით“ გადაიყვანეს. საინფორმაციო პორტალ „აგენტსტვოს“ ცნობით, იგივე ბორტი კვირა დილით მოსკოვიდან დუბაიში ჩაფრინდა, საათ ნახევარში გროზნოში დაბრუნდა, ხოლო ორშაბათს დილით ისევ მოსკოვში ჩავიდა.
კადიროვების ოჯახი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რამდენიმე ვილას ფლობს. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის დასაწყისში რამზან კადიროვს ვლადიმერ პუტინი დაუპირისპირდა იმის გამო, რომ ფარულად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ახლო აღმოსავლეთის მუსლიმურ მონარქიებთან საკუთარი აქტივებისა და ოჯახის უსაფრთხოების გარანტიებზე.
საინტერესოა ისიც, რომ ადამის ტრანსპორტირებისას მოსკოვში გაფრინდა Airbus-იც (ბორტის ნომრით RA-73417), რომელიც ავარიის მომენტში დუბაიში იმყოფებოდა. ფსბ-ს სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, სწორედ ამ ბორტით დაფრინავს რამზან კადიროვი რეგულარულად საამიროებში.
ვინ არის დამნაშავე ავარიაში?
ავარიის შედეგად დაიღუპა იმ ავტომობილის მძღოლი, რომელიც კორტეჟს შეეჯახა. დღემდე უცნობია, ვინ იჯდა კორტეჟის პირველი მანქანის საჭესთან. „კავკაზ.რეალის“ ინფორმაციით, მანქანას თავად ადამი მართავდა, ხოლო სხვა ვერსიით - მისი დაცვის უფროსი აპტი ირასხანოვი.
თავად ავარია დანაშაულთა აღრიცხვის ჟურნალში არ გაუტარებიათ, რაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრას შეუძლებელს ხდის. ჩეჩნეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მომხდარზე პასუხისმგებლობა საგზაო პოლიციის იმ თანამშრომელს დააკისროს, რომელმაც თითქოს გზა დროულად არ გადაკეტა. სტაროპრომისლოვის შოსეს მონაკვეთი, სადაც ინციდენტი მოხდა, კვლავ გადაკეტილია.

ავარიის შემდეგ ჩეჩენი ძალოვნები იმ საავადმყოფოში მივიდნენ, სადაც დაშავებულები იმყოფებოდნენ. ისინი ექიმებსა და პაციენტებს ტელეფონებს ართმევდნენ და ჟურნალისტებთან კონტაქტის შემთხვევაში მუქარასაც არ ერიდებოდნენ.
ბრძოლა მემკვიდრეობისთვის
რამზან კადიროვი დიდი ხანია მძიმედ არის დაავადებული. 11 იანვარს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას თირკმელები გაეთიშა. მისი ავადმყოფობის ფონზე აქტიურად დაიწყო შემცვლელის ძებნა. თუ კადიროვს მემკვიდრედ ადამი სურს, ფსბ-ს თავისი კანდიდატურა ჰყავს - ადამ დელიმხანოვი. ასევე განიხილება უფროსი ვაჟის, 20 წლის ახმატ კადიროვის ვარიანტიც, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა.