ავტორი:

დავოსში ილჰამ ალიევს ვაჟიშვილი ახლავს: რა არის ცნობილი აზერბაიჯანის მმართველი დინასტიის მემკვიდრეზე? - განათლება, ქონება, გასაიდუმლოებული ქორწინება

დავოსში ილჰამ ალიევს ვაჟიშვილი ახლავს: რა არის ცნობილი აზერბაიჯანის მმართველი დინასტიის მემკვიდრეზე? - განათლება, ქონება, გასაიდუმლოებული ქორწინება

შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მათ შორის კულუარულ შეხვედრებზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს თან ახლავს ვაჟი, ჰეიდარ ალიევი უმცროსი. რიგი შეხვედრების ამსახველი ფოტოები, რომელზეც ალიევის ვაჟი ჩანს, სოციალურ ქსელებში პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდებზე გავრცელდა.

როგორც ცნობილია, ის ამ ეტაპზე აზერბაიჯანის მთავრობაში რაიმე ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებს. დავოსშია ასევე ალიევის მეუღლე, ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა.

როგორც ირკვევა, 28 წლის ჰეიდარ ალიევი დაესწრო ილჰამ ალიევის შეხვედრებს დავოსის ეკონომიკური ფორუმის კულუარებში სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებთან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრებს მისი შვილი ესწრება.

ის ესწრებოდა ილჰამ ალიევის შეხვედრას არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანსა და მის ოჯახთან 2024 წლის 9 იანვარს, მანამდე უმცროსი ალიევი აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ქალაქ შუშაში მეუღლესთან ერთად გამოჩნდა - ეს იყო 2023 წლის დეკემბერში.

როგორც ჩანს "უხილავი მემკვიდრე“ - ასე მას პრესაში მოიხსენიებდნენ ხოლმე, ნელ-ნელა ჩრდილიდან გამოდის და ქვეყნის მართვისთვის ემზადება. საქმე ისა, რომ აზერბაიჯანის მმართველი დინასტიის ერთადერთი ვაჟი, ჰეიდარ ალიევ უმცროსი, ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, დიდი ხნის განმავლობაში მართლაც "აჩრდილივით“ ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ბავშვობიდან პრეზიდენტობას უწინასწარმეტყველებენ, ის მაქსიმალურად ერიდება საჯაროობას და სოციალურ ქსელებს.

  • ვინ არის ალიევის ვაჟი?

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრეზიდენტის პოსტს 2003 წლიდან იკავებს, რას მან მემკვიდრეობით მამისგან, ჰეიდარ ალიევისგან მიიღო, შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ მისი 28 წლის ვაჟი, ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატად განიხილებოდეს.

უმცროს ალიევი დაიბადა 1997 წლის 24 აგვისტოს. დაამთავრა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია, ასევე სწავლობდა საზღვარგარეთაც, თუმცა ამის თაობაზე კონკრეტული ინფორმაცია არ იძებნება.

2018 წლის სექტემბერში მან სავალდებულო სამხედრო სამსახური დაიწყო და იგი 2019 წლის ზაფხულში დაასრულა.

ალიევების ოჯახი ჰეიდარ ალიევი უმცროსის სამხედრო სამსახურის დაწყების დღეს, 2017 წლის ოქტომბერი

  • გასაიდუმლოებული ქორწილი

ჰეიდარ ალიევ უმცროსი 2022 წლის შემოდგომაზე დაქორწინდა. ამის თაობაზე ინფორმაცია მეჰრიბან ალიევამ გაავრცელა, სწორედ მან გამოაქვეყნა "ინსტაგრამზე" წყვილის ფოტო და გაბედნიერება მიულოცა.

ჰეიდარ ალიევი უმცროსი მეუღლესთან ერთად შუშაში, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ქალაქზე კონტროლი დაამყარა

ქორწილი, რომელზეც ბაქოში მხოლოდ ჩურჩულებდნენ, 2022 წლის ნოემბერში გაიმართა - ქვეყანაში, სადაც ელიტური ქორწილები ათასობით სტუმრითა და პომპეზურობით გამოირჩევა, ჰეიდარის ქორწილი საოცრად მოკრძალებული აღმოჩნდა. წვეულებას სულ 60-მდე ადამიანი ესწრებოდა - მხოლოდ უახლოესი ნათესავები და მეგობრები. მდიდრული დარბაზების ნაცვლად, არჩევანი ბაქოს გარეუბანში მდებარე მცირე რესტორანზე - "Evdə“ შეჩერდა. მაშინ მეჰრიბან ალიევამ მხოლოდ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ნეფე-პატარძალი ზურგით ჩანდნენ. წყვილის სახეები საზოგადოებას იმხანად არ უნახავს.

  • ვინ არის ალიევების იდუმალი რძალი?

ალიევების ოჯახი დღემდე საგულდაგულოდ მალავს რძლის ვინაობას. მეჰრიბან ალიევამ მას მხოლოდ "მესამე ქალიშვილი“ უწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰეიდარმა მეუღლედ არჩეული გოგონა ჯერ კიდევ ბაქოს დიპლომატიურ აკადემიაში სწავლისას გაიცნო. არსებობს ვერსია, რომ თავად ახალგაზრდა წყვილის სურვილი იყო, საჯაროობისგან თავის არიდება, რათა დაეცვათ პირადი სივრცე.

ჰეიდარი, თავისი დების - ლეილასა და არზუსგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად ჩნდებიან "მაღალი საზოგადოების“ თავყრილობებზე, დროს უფრო მეტად ბიზნესსა და განათლებას უთმობს.

ალიევების ოჯახი, როგორც წესი, არ მალავს ხოლმე შვილიშვილების დაბადებას. მაგალითად, პრეზიდენტის ქალიშვილების - ლეილასა და არზუს შვილების ფოტოებს მეჰრიბან ალიევა ხშირად აქვეყნებს "ინსტაგრამზე“ და მათთან ერთად დროსაც საჯაროდ ატარებს. ჰეიდარის შემთხვევაში კი, მისი დაქორწინებიდან (2022 წლის ნოემბერი) დღემდე, მსგავსი სიახლე არ გახმაურებულა. სოციალურ ქსელებსა და აზერბაიჯანულ ოპოზიციურ ფორუმებზე პერიოდულად ვრცელდება ხმები "მემკვიდრის დაბადების“ შესახებ, თუმცა ამის დამადასტურებელი არცერთი ფოტო ან ოფიციალური განცხადება არ არსებობს.

  • არაოფიციალური ქონება

ღია წყაროებში რაც იძებნება, ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში ჰეიდარ ალიევი უმცროსი გახდა უზარმაზარი სასახლის მფლობელი მოსკოვის ოლქში, რუბლიოვო-უსპენსკის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და დახურულ დასახლებაში "მაიენდორფის ბაღები“.

13 წლის ასაკში მის სახელზე დარეგისტრირდა დუბაიში მდებარე სასახლე, რომლის ღირებულება 44 მილიონ დოლარს შეადგენდა.

როგორც ekhokavkaza.com წერს, ახალგაზრდა ალიევმა მოასწრო და უკვე ფინანსურ სკანდალშიც გაეხვა: ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ალიევების ოჯახის წევრები ფლობდნენ სხვადასხვა ბიზნესს, რომელიც იმალებოდა პანამასა და ვირჯინიის კუნძულებზე ოფშორული კომპანიების მიღმა, ასევე ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას და ოქროს საბადოებსაც კი.

ქონების დიდი ნაწილის ოფიციალური მესაკუთრე სწორედ ჰეიდარ ალიევი უმცროსი და მისი ორი დაა და ამ ქონების ჯამური ღირებულება, როგორც გამოცემა წერს, 120 მილიონი დოლარია.