ინდოეთის მზიანი პლაჟებით ცნობილი გოა ამჯერად შემზარავი კრიმინალური ისტორიის მოწმე გახდა. თავიდან მომხდარი თითქოს მორიგი, ბანალური მკვლელობა უნდა ყოფილიყო, მაგრამ გამოძიების დეტალებმა მსოფლიო შეძრა. პოლიციამ რუსეთის მოქალაქე, 37 წლის ალექსეი ლეონოვი დააკავა, რომელიც ამ ეტაპზე ორი ქალის მკვლელობაშია ბრალდებული, თუმცა მისი ჩვენებები გაცილებით ბნელ და სისხლიან ამბებზე გვიყვება.
ყველაფერი ინდოეთის საკურორტო შტატში, გოაში დაიწყო, სადაც ალექსეი ლეონოვი, რომელიც თავს "ანიმატორად“ ასაღებდა და წლები ცხოვრობდა. სწორედ აქ, 14 და 15 იანვარს, მან ორი თანამემამულე, ელენა ვანეევა და ელენა კასტანოვა გამოასალმა სიცოცხლე - ორივე მათგანს ყელი გამოჭრა.
მკვლელობის ოფიციალური მოტივი, როგორც ხშირად ხდება, "ბანალური“ იყო: ვალი და ე.წ. "ცეცხლოვანი გვირგვინი“. ეს არის სპეციალური რეზინის რეკვიზიტი, რომელსაც ცეცხლის შოუს შემსრულებლები თავზე იმაგრებენ ცეცხლის "დასაჭერად". ლეონოვის მტკიცებით, ელენა კასტანოვამ მისგან ეს ნივთი ითხოვა და აღარ უბრუნებდა...
თუმცა, ჩვენებებში გაცილებით შემზარავი დეტალი გამოიკვეთა: ლეონოვმა განაცხადა, რომ განსაკუთრებულ ზიზღს გრძნობდა ქალების მიმართ, რომლებსაც ელენა ერქვათ.
"დედასაც ელენა ერქვა, ის ბავშვობაში ყურადღებას არ მაქცევდა და მჩაგრავდა“, - უთხრა მან გამომძიებლებს.
შემთხვევითობაა თუ არა, რომ ორივე მოკლული ქალი სწორედ ელენას სახელს ატარებდა? - პოლიცია მიიჩნევს, რომ ეს, სავარაუდოდ, მისი ფსიქოპათიური მდგომარეობის ნაწილია.
დაკითხვისას ლეონოვმა თავზარდამცემი ჩვენება მისცა - მისი თქმით, ინდოეთის სხვადასხვა შტატში, სულ 15 ქალი ჰყავს მოკლული. ის ქალებს სოციალურ ქსელებში ეცნობოდა, ხვდებოდა, ხოლო როდესაც სასიყვარულო ურთიერთობაზე უარს ეუბნებოდნენ, მათ კლავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება ნამდვილად სერიული მკვლელის ხელწერას ჰგავს, პოლიცია მის ჩვენებებს "არათანმიმდევრულს“ უწოდებს. ლეონოვმა უკვე დაასახელა 5 ქალი რომლებიც თითქოს მოკლა, მაგრამ ხუთივე მათგანი ცოცხალი და უვნებელი აღმოჩნდა. გამომძიებლების თქმით, ის მიდრეკილია მოვლენების გაზვიადებისკენ, რათა თავი "დიდ მანიაკად“ წარმოაჩინოს. თუმცა, პოლიცია მაინც ამოწმებს 100-ზე მეტი ქალის ფოტოს, რომელიც მის ტელეფონში იპოვეს. ყველა ამ ქალის ბედი ჯერჯერობით უცნობია.
სამართალდამცავების თქმით, ალექსეი ლეონოვი ფსიქიკურად გაუწონასწორებელია და რეგულარულად მოიხმარდა ნარკოტიკებს. ნაცნობები მას ახასიათებენ, როგორც ადამიანს, რომელიც ადვილად უმეგობრდებოდა ყველას, მაგრამ წამიერად შეეძლო წყობიდან გამოსვლა და ფიზიკურ აგრესიაზე გადასვლა. წარსულში მას გოაზე რამდენიმე მამაკაცზე თავდასხმაც ჰბრალდებოდა, თუმცა მაშინ საქმე არ აღძრულა.
პოლიცია ასევე აქტიურად სწავლობს 40 წლის ადგილობრივი ქალის, მრიდა საიკიას გარდაცვალების საქმეს, რომელიც 12 იანვარს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლეონოვმა თავდაპირველად თქვა, რომ მას ნარკოტიკები დაალევინა და ხის ჯოხით სცემა. თუმცა, ექსპერტიზამ სხეულზე ძალადობის კვალი ვერ იპოვა და სიკვდილის მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირება დაასახელა. ახლა დგინდება, ლეონოვმა თავად გაუკეთა მას სასიკვდილო დოზა თუ ქალმა ნებაყოფლობით მიიღო.
ალექსეი ლეონოვი ინდოეთში 2023 წლიდან ცხოვრობს გრძელვადიანი ვიზით. მუშაობდა დროებით სამუშაოებზე, ძირითადად, ფეიერვერკებისა და ცეცხლოვანი შოუების მოწყობაზე. დაკავებამდე თითქმის ერთი თვის განმავლობაში არ უმუშავია.
ამჟამად ალექსეი ლეონოვი 14-დღიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ინდოელი გამომძიებლები ცდილობენ გაარკვიონ, გვაქვს თუ არა საქმე ახალ "ჩარლზ სობრაჯთან“ (ცნობილი სერიული მკვლელი, რომელიც აზიაში ტურისტებზე ნადირობდა) თუ უბრალოდ, ნარკოდამოკიდებულ ფსიქოპათთან. ერთი კი ნათელია: ეს ისტორია შოკისმომგვრელ კითხვებს ტოვებს და კიდევ დიდხანს იქნება განხილვის თემა.