ავტორი:

ტრამპმა "მშვიდობის საბჭოში“ სომხეთის შემდეგ, აზერბაიჯანიც მიიწვია - მიიწვევენ თუ არა საქართველოს?

ტრამპმა "მშვიდობის საბჭოში“ სომხეთის შემდეგ, აზერბაიჯანიც მიიწვია - მიიწვევენ თუ არა საქართველოს?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "მშვიდობის საბჭოში“ სომხეთის შემდეგ, აზერბაიჯანიც მიიწვია.

აზერბაიჯანის მთავრობის განაცხადებით, ქვეყანამ მიიღო მიწვევა და მზად არის "მშვიდობის საბჭოს“ შეუერთდეს.

"აზერბაიჯანი, როგორც ყოველთვის, მზადაა აქტიურად შეიტანოს წვლილი საერთაშორისო თანამშრომლობაში, მშვიდობასა და სტაბილურობაში“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ნაზელი ბაღდასარიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ღაზას "მშვიდობის საბჭოში“ წევრობის შესახებ დონალდ ტრამპის მიწვევა მიიღო. მიწვევ მიიღეს თურქეთმა და რუსეთმაც.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა. საბჭო წარმოადგენს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური კონფლიქტების, მათ შორის ისრაელი-ღაზას კონფლიქტის, მოგვარებას. თეთრი სახლის განცხადებით, "მშვიდობის საბჭო“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, ღაზას დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს.

საქართველოსამ დრომდე მიწვევა არ მიუღია და ოპოზიციის წარმომადგენლებისა და რიგი ექსპერტების თქმით, სავარაუდოდ, არც მიიღებს.

"დააკვირდით, ალბათ, "ქართული ოცნების" ანტიევროპული ნარატივები როგორ ძალიან ჰგავს ტრამპისას, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" მის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დამყარება ვერა და ვერ შეძლო. სამაგიეროდ, ეს მოახერხეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა. საქმე ის არის, ტრამპისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნის ინტერესები და არა ვიღაცის ნარატივებთან თანხვედრა", - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან".