გაეროს ახალი ანგარიშის თანახმად, მსოფლიო შევიდა ეპოქაში, როდესაც “წყლის მარაგები გლობალურად იწურება“ და ამას შეუქცევადი შედეგები მოჰყვება.
გაეროს უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გლობალური ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ისეთი ტერმინი, როგორიცაა "წყლის კრიზისი“ ვერ ასახავს პრობლემის რეალურ მასშტაბებს.
მსოფლიოს რეგიონები წყლის მარაგების სერიოზულ პრობლემებს განიცდიან: ქაბული შესაძლოა გახდეს პირველი თანამედროვე ქალაქი, რომელსაც წყალი ამოეწურება. მეხიკო წელიწადში დაახლოებით 50 სანტიმეტრით იძირება მისი ქუჩების ქვეშ არსებული უზარმაზარი წყალშემკრები ფენიდან ზედმეტი წყლის ამოტუმბვის გამო. სამხრეთ-დასავლეთ შეერთებულ შტატებში მუდმივად იბრძვიან იმისთვის, რომ გვალვით დაზარალებული კოლორადოს მდინარე, რომელშიც წყლის დონემ დაიწია - შეავსონ და პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნონ.
გაეროს უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ჟურნალ "Water Resources“-ში გამოქვეყნებულ კვლევას ეფუძნება.

კონცეფცია წყლის მარაგების გლობალურად მოწურვის შესახებ ასე მუშაობს: ბუნება რესურსს წვიმისა და თოვლის სახით გვაძლევს, მაგრამ მსოფლიო იმაზე მეტ წყალს ხარჯავს, ვიდრე იღებს - მდინარეებიდან, ტბებიდან, ჭაობებიდან და მიწისქვეშა წყალშემკრები ფენებიდან წყალს გაცილებით სწრაფი ტემპით იღებენ, ვიდრე ისინი ივსება, რის შედეგადაც "ვალებში“ ვვარდებით.
კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სიცხე და გვალვა ამძიმებს პრობლემას და ამცირებს ხელმისაწვდომი წყლის რაოდენობას.

ანგარიშში წარმოდგენილი სტატისტიკა საკმაოდ მძიმე სურათს აჩვენებს:1990 წლიდან დღემდე, პლანეტის დიდი ტბების 50%-ზე მეტმა წყლის მოცულობა დაკარგა; ძირითადი წყალშემკრები ფენების 70% გრძელვადიან პერსპექტივაში იკლებს; ხოლო მყინვარები 1970 წლიდან 30%-ით შემცირდა. იმ რეგიონებშიც კი, სადაც წყლის სისტემები შედარებით ნაკლებად არის დატვირთული, სასმელად ხელმისაწვდომი წყლის რაოდენობას დაბინძურება ამცირებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი რეგიონი განსაკუთრებით მძიმედ არის დაზარალებული, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა.
მიწისქვეშა წყლებზე დამოკიდებული სოფლის მეურნეობისა და ურბანული მოსახლეობის ზრდის გამო, სამხრეთ აზიის ზოგიერთ ნაწილში წყლის დონე ქრონიკულად მცირდება.
ანგარიშის თანახმად, კიდევ ერთი ცხელი წერტილია აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთი. სამეფო ჰოლოუეის უნივერსიტეტის გეომეცნიერების ასოცირებულმა პროფესორმა, ჯონათან პოლმა, განაცხადა, რომ ანგარიში "ცალსახად აჩვენებს კაცობრიობის მიერ, წყლისადმი არასათანადო მოპყრობას“. თუმცა, მისი თქმით, გლობალურად წყლის რესურსების ამოწურვის კონცეფცია "გაზვიადებულია“.