ავტორი:

ემანუელ მაკრონი "Top Gun"-ის ელფერით - რატომ შეიცვალა საფრანგეთის პრეზიდენტმა იმიჯი და რატომ ჩნდება მედიასთან მზის სათვალით

ემანუელ მაკრონი "Top Gun"-ის ელფერით - რატომ შეიცვალა საფრანგეთის პრეზიდენტმა იმიჯი და რატომ ჩნდება მედიასთან მზის სათვალით

დავოსის ეკონომიკურ სამიტზე გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპის კრიტიკით მედიის და საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

თუმცა მხოლოდ ეს არ არის - მაკრონი კიდევ ერთი დეტალის გამო მოექცა ყურადღების ცენტრში.

ის დახურულ სივრცეში, მსოფლიო ლიდერების წინაშე ავიატორის სტილის მზის სათვალით წარსდგა.

  • თავად მაკრონს გამოსვლისას აღნიშნული აქსესუარის ტარების მიზეზი არ განუმარტავს, თუმცა ფრანგული მედიის ცნობით, ეს პრეზიდენტის მიმდინარე სამედიცინო მდგომარეობასთან არის დაკავშირებული.

გასულ კვირას სამხრეთ საფრანგეთში გამართულ სამხედრო ღონისძიებაზე, ქვეყნის ლიდერი ჩაწითლებული თვალით გამოჩნდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ასევე მზის სათვალე მოირგო.

სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ემანუელ მაკრონმა თავის მდგომარეობას “სრულიად უმნიშვნელო“ უწოდა და დაამატა რომ ბოდიშს იხდიდა “მისი თვალის არასასიამოვნო იერის გამო“

ფრანგული მედიის ცნობით, მაკრონის წითელი თვალი სავარაუდოდ, სისხლჩაქცევის - თვალში სისხლძარღვის გასკდომის შედეგია.

  • აღნიშნული მდგომარეობა საგანგაშო არ არის, არ იწვევს ტკივილს და არ ახდენს გავლენას მხედველობაზე, სისხლჩაქცევა კი ჩვეულებრივ ორი კვირის განმავლობაში თვითონვე გადადის.

მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ, მაკრონმა სათვალის ტარება ესთეტიკური მიზეზების გამო აირჩია, მისმა გადაწყვეტილებამ სოციალურ ქსელებში დისკუსია გამოიწვია, მომხმარებლების ნაწილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ტრაბახა და თავის წარმოჩენაზე შეყვარებული ადამიანი უწოდა.

სხვებმა იხუმრეს, რომ ის “კიბორგია“ ან ჰოლივუდის მსახიობ ტომ კრუზს ბაძავს ფილმიდან Top Gun (1986), რომლის ეკრანზე გამოსვლამ ავიატორის სათვალე მოდის სიმბოლოდ აქცია.

წყარო