აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო ჩამოაყალიბეს და დაგეგმილი ტარიფები ძალაში არ შევა.
“ძალიან პროდუქტიული შეხვედრის საფუძველზე, რომელიც ნატო-ს გენერალურ მდივან, მარკ რუტესთან მქონდა, ჩამოვაყალიბეთ გრენლანდიასთან და რეალურად, მთლიან არქტიკულ რეგიონთან მიმართებით მომავალი შეთანხმების ჩარჩო.
ეს შეთანხმება, თუ ბოლომდე იქნება მიყვანილი, დიადი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ყველა ქვეყნისთვის. ამ შეთანხმებაზე დაყრდნობით, არ დავაწესებ ტარიფებს, რომლებიც 1-ელ თებერვალს უნდა შესულიყო ძალაში.
საუბრების პროგრესთან ერთად მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი. ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრავალი სხვა, თუ საჭირო იქნება, პასუხისმგებლები იქნებიან მოლაპარაკებებზე - პირდაპირ მე ჩამაბარებენ ანგარიშებს”, - წერს ტრამპი.
Fox News-თან ინტერვიუში, რუტეს დაუსვეს შეკითხვა, დარჩება თუ არა გრენლანდია დანიის სამეფოს დაქვემდებარებაში იმ ჩარჩო შეთანხმებით, რომელიც ტრამპმა ახსენა.
"ეს საკითხი პრეზიდენტთან საუბრებში აღარ განხილულა. ის (ტრამპი) ორიენტირებულია იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ეს უზარმაზარი არქტიკული რეგიონი - სადაც ამჟამად ცვლილებები ხდება, სადაც ჩინელები და რუსები სულ უფრო და უფრო აქტიურები არიან, დავიცვათ", - აღნიშნა რუტემ.