ავტორი:

რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ოკუპანტი რუსეთის მიერ გალში ტერმინალის მშენებლობასთან იგორ გიორგაძეს, რომელიც ქართველებს აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოგვიწოდებს?

რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ოკუპანტი რუსეთის მიერ გალში ტერმინალის მშენებლობასთან იგორ გიორგაძეს, რომელიც ქართველებს აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოგვიწოდებს?

ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურის ხიდს მიღმა რუსული ინვესტიციებით აშენებული გალის ტერმინალთან ირკვევა, რომ მასთან დაკავშირებულია იგორ გიორგაძეა, - ამის თაობაზე სტატიას ekhokavkaza.com ავრცელებს, რომლის შემოკლებულ ვერსიასაც გთავაზობთ:

როდესაც სოხუმში, ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სატვირთო ტერმინალის მშენებლობაზე ლაპარაკი დაიწყო, დისკუსია ძირითადად ეკონომიკაზე, ლოჯისტიკასა და ტრანზიტზე იყო ფოკუსირებული. თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ, ზოგიერთი აფხაზისთვის ეს პროექტი უკვე აღარ აღიქმებოდა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ინიციატივად. "ჰაბისა“ და "განვითარების“ რიტორიკის მიღმა, 1990-იანი წლების დასაწყისის ომის დროინდელი სახელები, ბიოგრაფიები და დაუმთავრებელი საქმეები გამოიკვეთა. ერთ-ერთი ასეთი სახელია იგორ გიორგაძე - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი.

2025 წლის დეკემბერში, სოხუმში პირველად საჯაროდ გახდა ცნობილი ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან სატვირთო ტერმინალის პროექტის მიზანი. ამის შესახებ ტრანზიტული და ლოჯისტიკური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და აფხაზეთში მსოფლიოს ხალხთა ასამბლეის ხელმძღვანელმა, ასტამურ ახსალბამ განაცხადა. მისი თქმით, პროექტი ხორციელდება ასამბლეის, კერძოდ კი მისი ხელმძღვანელის მხარდაჭერით.

იმ დროისთვის ამ კონკრეტულ განცხადებას მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი რეზონანსი არ მოჰყოლია. ვითარება შეიცვალა 2026 წლის იანვარში, როდესაც აფხაზურმა Telegram-არხებმა ყურადღება მსოფლიოს ხალხთა ასამბლეის სტრუქტურაზე გაამახვილეს. გაირკვა, რომ ორგანიზაციის გენერალური მდივნის ერთ-ერთი მოადგილე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე იყო.

  • იგორ გიორგაძე კარიერული დაზვერვის ოფიცერი და სსრკ-ის კე-გე-ბეს უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულია. 1990-იანი წლების დასაწყისში იგი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდა და სპეციალური დანიშნულების რაზმების ფორმირებას ხელმძღვანელობდა. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა და მოქმედებდა ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმები, მათ შორის, ქართული "ალფას“ რაზმების სახელით ცნობილი დანაყოფები.

იგორ გიორგაძე, რომელიც დაახლოებით ოცდაათი წელია მოსკოვში ცხოვრობს, ასამბლეის ვებსაიტზე "გენერალური მდივნის მოადგილეების“ განყოფილებაში მართლაც არის მითითებული, როგორც ANO "საქართველო საზღვარგარეთ“ პრეზიდენტი.

ვებსაიტ Rusprofile-ის მონაცემებით, არაკომერციული ორგანიზაცია "საქართველო საზღვარგარეთ“ მოსკოვში 2022 წლის 6 აპრილს დარეგისტრირდა და საინფორმაციო სააგენტოების ინდუსტრიაში საქმიანობს. ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობას დაარსების დღიდან იგორ გიორგაძე იკავებს.

ამ ინფორმაციამ საზოგადოებაში კითხვები და შეშფოთება გამოიწვია, განსაკუთრებით უსაფრთხოების თემაზე.

  • "ასეთი მასშტაბის ტრანზიტული პროექტები მხოლოდ ეკონომიკას არ შეეხება. ისინი დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, ტერიტორიულ კონტროლთან და გრძელვადიან პოლიტიკურ შედეგებთან. როდესაც პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი დაკავშირებულია ყოფილ მაღალჩინოსანთან, რომელიც აფხაზეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ეს უკვე საზოგადოებრივი განხილვის საკითხია და არა პირადი არჩევანის“, - წერს აფხაზეთის ანალიტიკური ცენტრის Telegram-არხი.

ამ ამბის გაშუქება ოპოზიციურმა Telegram არხმა "აფხაზეთის ანალიტიკურმა ცენტრმა“ დაიწყო. მისმა ავტორებმა გაიხსენეს გიორგაძის როლი 1992–1993 წლების საქართველო-აფხაზეთის ომის დროს და ხაზი გაუსვეს, რომ ის იმ პერიოდში საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი თანამდებობის პირი იყო:

სკანდალის აფეთქებიდან რამდენიმე დღეში, მსოფლიო ხალხთა ასამბლეის აფხაზეთის წარმომადგენლობამ საკუთარ Facebook-გვერდზე ("მსოფლიო ხალხთა ასამბლეა“) გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით - "საქართველოს კე-გე-ბეს ყოფილი უფროსი“. ვიდეოში იგორ გიორგაძე ქართველებს მოუწოდებს, მოინანიონ აფხაზებისა და ოსების წინაშე.

"აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტების მოსაგვარებლად, უპირველესად უნდა გავიგოთ, რა მოხდა, და ბოდიში მოვიხადოთ. მე იმასაც ვიტყოდი, რომ მიუხედავად იმისა, შესაძლოა ამას გარკვეული წინააღმდეგობა მოჰყვეს, ჩვენ უნდა მოვინანიოთ. თუნდაც იმ უდანაშაულო ადამიანების გამო, რომლებმაც ამ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღიათ - ეს შინაგანი გაწმენდა იქნება“, - ამბობს ის ვიდეოში.

  • აფხაზური ტელეგრამ-არხებისთვის საერთო სურათის კიდევ ერთ ფრაგმენტად იქცა საერთაშორისო ფორუმი, რომელიც მსოფლიო ხალხთა ასამბლეის ეგიდით 2025 წლის 20-21 სექტემბერს გაიმართა. აფხაზური დელეგაციის შემადგენლობაში, სხვებთან ერთად, შედიოდნენ ასამბლეის აფხაზეთის ფილიალის ხელმძღვანელი ასტამურ ახსალბა და აფხაზეთის ყოფილი ლიდერი ასლან ბჟანია. საყურადღებოა, რომ სპიკერებს შორის იყო დავით ქართველიშვილი - ქართული საპარლამენტო პარტიის "ხალხის ძალის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი.

2025 წლის დეკემბერში იგორ გიორგაძე მნიშვნელოვნად გააქტიურდა მედია სივრცეში. გასული წლის დასაწყისში მან გახსნა YouTube არხი, ასევე Facebook და Instagram გვერდები. 2026 წლის იანვარში ამოქმედდა მისი Facebook გვერდის ქართულენოვანი ვერსიაც. ყველა პლატფორმაზე გიორგაძე აქვეყნებს საკუთარ ინტერვიუებსა და მოსაზრებებს სხვადასხვა თემაზე.

"აქტუალური საკითხები იგორ გიორგაძესთან. ბლოგი მათთვის, ვისაც აინტერესებს პროფესიონალი დაზვერვის ოფიცრის ხედვა მიმდინარე გლობალურ მოვლენებზე და ვისაც სურს საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობების აღდგენა“, - ნათქვამია მისი Facebook გვერდის აღწერაში.

თავის უახლეს პუბლიკაციებში იგი კონფლიქტის თემებსაც შეეხება. მისი მტკიცებით, ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ქართულ მხარეს და იმ პერიოდის ხელისუფლებას ეკისრება.

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ გონებიდან ილუზია, თითქოს კრემლს მხოლოდ აფხაზებისა და ოსებისთვის ბრძანებების გაცემა სჭირდება და ისინი მორჩილი კრავებივით საქართველოს ფარეხში დაბრუნდებიან. ეს არ მოხდება", - ამბობს ის თავის ვიდეობლოგში.

ამ სტატიას ეხმაურება პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:

"საინტერესო დეტალები ჩნდება ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურის ხიდს მიღმა ვითომ საიდუმლოდ რუსული კერძო ინვესტიციებით მშენებარე გალის ტერმინალის ირგვლივ. ირკვევა, რომ მასთან დაკავშირებულია იგორ გიორგაძე, რომელსაც აფხაზურ ტელეგრამ არხებზე ყურადღება მიექცა მას შემდეგ, რაც მსოფლიო ხალხთა ასამბლეის სტრუქტურა ნახეს, რომელიც ტერმინალის მშენებლობის უკან დგას და სადაც გენერალური სამდივნოს ერთადერთი მოადგილედ სწორედ ყოფილი უშიშროების მინისტრი და წარსულში ედუარდ შევარდნაძეზე ტერაქტში ბრალდებული და ძებნილი იგორ გიორგაძე გვევლინება.

აფხაზებს თავის შიშები რომ აქვთ სრულიად გასაგებია, თუმცა საინტერესო დეტალია ივანიშვილის კიდევ ერთი პარტია "ხალხის ძალის", როგორც წერენ, დამფუძნებლის დავით ქართველიშვილის მონაწილეობა 2025 წლის 20-21 სექტემბერს ამ ასამბლეის საერთაშორისო ფორუმზე, შესაბამისად, მისი სავარაუდო კავშირები იგორ გიორგაძესთან და კრემლთან.

ერთსაც დავამატებ, იმისთვის რომ ვინმე "ქოცმა" არ იფიქროს, არიქა, ბიძინა რუსებთან ქვეყნის გამთლიანებისთვის შრომობსო და გეტყვით, რომ ქვეყნის გამთლიანებას არამხოლოდ კრემლში გამორიცხავენ სულ რომ რუსეთში დავბრუნდეთ ნებით, არამედ, თავად რუსეთის კაცი გიორგაძეც თავის ვიდეო მიმართვაში.

წყარო