ავტორი:

გაუპატიურება მწვრთნელისგან, ჩაგვრა პარტნიორისგან, ორსულობის მოშლა პირდაპირ შეჯიბრის დროს - 5-გზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონის სკანდალური წიგნი, რომელმაც სპორტული სამყარო შეძრა

გაუპატიურება მწვრთნელისგან, ჩაგვრა პარტნიორისგან, ორსულობის მოშლა პირდაპირ შეჯიბრის დროს -  5-გზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონის სკანდალური წიგნი, რომელმაც სპორტული სამყარო შეძრა

სპორტული სამყარო ზამთრის 25-ე ოლიმპიადის მოლოდინშია, რომელსაც იტალიის ორი ქალაქი მილანი და კორტინა უმასპინძლებს. 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა ჩატარდება 6-22 თებერვალს, პარაოლიმპიადა კი - 6-15 მარტს. ოლიმპიური შეჯიბრებები გაიმართება ზამთრის სპორტის 16 სახეობაში, პარალიმპური კი - 6 სახეობაში. საქართველო ზამთრის ოლიმპიადაზე დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა წელს, ქართველი მოციგურავეების ბოლო წარმატებების შემდეგ, ამ სახეობის გუნდურ პირველობაში მედლების იმედიც კი გვაქვს და დიდი ინტერესითაც ველით შეჯიბრების დაწყებას, თუმცა ამჯერად ჩვენს სპორტსმენებზე არ ვაპირებთ მოყოლას.

ჩვენი სტატია შეეხება სკანდალს ფიგურული ციგურაობის სამყაროში, რომელიც ზუსტად ოლიმპიადის წინ აგორდა და რაც ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ტიტულიან წყვილს ყინულზე სპორტულ ცეკვებში შეეხება.

დიახ, ფრანგი მოცეკვავეები გაბრიელა პაპადაკისი და გიომ სიზერონი ყველა დროის საუკეთესო ყინულზე მოციგურავეებად მიიჩნევიან - ამაზე მათ მიერ მოპოვებული გამარჯვებები ლაპარაკობს: 5-გზის მსოფლიო და ამდენჯერვე ევროპის ჩემპიონები; 2018 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორები - მათ ამ ოლიმპიადაზე თავისუფალ პროგრამაში 123, 35 ქულით მსოფლიო რეკორდი დაამყარეს და ოქრომდე სულ ცოტა დააკლდათ, თუმცა უკვე 2022 წლის ოლიმპიადაზე ისინი, ფაქტობრივად, უკონკურენტო ფავორიტები იყვნენ და გაიმარჯვეს კიდეც.

ოლიმპიადიდან მალევე დუეტმა გამოაცხადა, რომ პაუზას იღებდნენ შეჯიბრებებიდან. 2024 წელს კი ოფიციალურად დაადასტურეს, რომ დიდი სპორტიდან მიდიოდნენ, თუმცა... როგორც მოგვიანებით გაირკვა, გიომმა სხვა მეწყვილის მოძებნა დაიწყო და იპოვა კიდეც - ლორანს ფურნიე-ბოდრი, რომელთან ერთადაც სპორტულ შეჯიბრებებს გასულ წელს დაუბრუნდა და სულ ცოტა ხნის წინ, ევროპის ჩემპიონიც გახდა შეფილდში.

გასულ წელსვე გახდა ცნობილი, რომ გაბრიელა პაპადაკისი ავტობიოგრაფიულ წიგნს წერდა, თუმცა არავინ ელოდა, რომ ის ასეთი სკანდალური გამოვიდოდა.

  • პაპადაკის-სიზერონის წყვილის ისტორია

გაბრიელა პაპადაკისი საფრანგეთის ქალაქ ლერმონ-ფერანში, 1995 წლის 10 მაისს დაიბადა. ის ბავშვობიდანვე მოციგურავეებს შორის იზრდებოდა - მისი დედა, კატერინა დელა მონიკა დღემდე ფიგურული სრიალის მწვრთნელია.

გიომ სიზერონიც საფრანგეთში, კერძოდ, მონფერანში 1994 წლის 12 ნოემბერს დაიბადა.

ისინი ერთმანეთს 2008 წელს შეხვდნენ, როცა, სულ რაღაც, 12-13 წლისანი იყვნენ და მალევე დაიწყეს ერთად ვარჯიში.

მათი დუეტი საერთაშორისო ასპარეზზე პირველად 2013 წელს გამოჩნდა. წყვილის პირველი დიდი წარმატება კი 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვიხილეთ, როდესაც პირველად გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები და მას შემდეგ 2022 წლამდე დომინირებდნენ...

ფიგურული სრიალის მოყვარულებს, მათ შორის მეც, ყინულის ქალღმერთი გაბრიელა ყოველთვის ამ წყვილის მთავარ ფიგურად მიგვაჩნდა, რომლის სრიალიც განუმეორებელი იყო, ის ერთი ნახვით აჯადოებდა მაყურებელს.

მათი დუეტი ყოველთვის გამოირჩეოდა უნიკალური სტილით, ემოციური სიღრმითა და ტექნიკური სიზუსტით, მთავარი ძალა კი პარტნიორებს შორის სრულყოფილ სინქრონში და მოძრაობების უწყვეტობაში იყო. ერთი შეხედვით, ისეთი ურთიერთგაგება, პირდაპირ სრული ერთიანობა ჩანდა ყინულზე, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მის მიღმა ასევე ღრმა, სიყვარულით და პატივისცემით სავსე ურთიერთობა არ იდგა.

მათ შორის რომ რომანტიკული ურთიერთობა არ იყო, ეს ადრევე იყო ცნობილი, საქმე ისაა, რომ გიომ სიზერონმა 2020 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ არის ჰომოსექსუალი და აქტიურად უჭერს მხარს ლგბტ თემს.

  • "რომ არ გავქრე“ ("Pour ne pas disparaître")

გაბრიელას წიგნი "რომ არ გავქრე“ 2026 წლის 15 იანვარს გამოვიდა, თუმცა მანამდე გავრცელდა ნაწყვეტები, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ შოკში ჩააგდო ფიგურული ციგურაობის სამყარო. გაბრიელა ამბობს, რომ ეს წიგნი არ არის სიზერონზე, არც მათ ურთიერთობაზე, ეს არის სისტემაზე, რომლის მსხვერპლადაც გრძნობს თავს, თუმცა თავდაპირველად გავრცელებულმა წიგნის ფრაგმენტებმა ისე წარმოაჩინა, რომ გაბრიელა ყოფილ მეწყვილეს უპირისპირდებოდა...

თუმცა ფაქტია, გაბი, როგორც მას ახლობლები მოიხსენიებენ, წიგნში თავისი ყოფილი პარტნიორზე ნამდვილად ცოტას არ ლაპარაკობს, შედეგად კი დუეტის იმიჯი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჰარმონიისა და წარმატების ეტალონად მიიჩნეოდა, ფერფლად იქცა.

გაბრიელა სიზერონს არა პარტნიორად, არამედ მაკონტროლებელ ნარცისად და მჩაგვრელ მანიპულატორად აღწერს. მისი თქმით, დუეტში მკაცრი იერარქია სუფევდა, სადაც თავს მეორეხარისხოვან სპორტსმენად გრძნობდა და საკუთარი პროგრამების განხილვაშიც კი სიტყვის უფლება არ ჰქონდა.

"მასთან მარტო დარჩენის ფიქრი მაშინებდა, მისი სიცივე კი სისხლს მიყინავდა“, - წერს პაპადაკისი.

მისი თქმით, იგი ორ ტირანს შორის აღმოჩნდა მოქცეული: ძალაუფლების მქონე პარტნიორსა და დედა-მწვრთნელს შორის, რომლებიც ზოგჯერ მის წინააღმდეგ ერთიანდებოდნენ.

  • თუმცა წიგნის ყველაზე შოკისმომგვრელი ნაწილი პირად ტრავმებს შეეხება.

პაპადაკისი დეტალურად აღწერს მოზარდობის ასაკში მომხდარ ორ გაუპატიურებას, რომელთაგან ერთ-ერთი, მისი მტკიცებით, იმ მწვრთნელმა ჩაიდინა, რომელიც დღემდე მუშაობს ინდუსტრიაში.

არანაკლებ მტკივნეულია 2019 წლის ეპიზოდიც: იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატის დროს, უკიდურესი სტრესის პირობებში, გაბრიელა იძულებული გახდა, ორსულობა შეეწყვიტა, რათა ოლიმპიადაზე გამოსვლის შესაძლებლობა შეენარჩუნებინა. ფიგურისტის თქმით, მას მუცლის მოშლა პირდაპირ შეჯიბრების დროს მოუხდა...

  • სიზერონის პასუხი

გიომ სიზერონმა პასუხის გაცემას არ დააყოვნა. L’ÉQUIPE-თან ინტერვიუში მან აღიარა საკუთარი მომთხოვნელობა, თუმცა ეს "მყიფე ფსიქიკის მქონე პარტნიორისთვის ტვირთის შემსუბუქების“ სურვილით ახსნა. მოციგურავის ადვოკატებმა პაპადაკისი უკვე დაადანაშაულეს ცილისწამებასა და "ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებაში.

  • ახალი რეალობა და... გაბრიელა ისევ დაზარალდა

ის ტელეარხმა NBC-მ მილანში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებზე კომენტატორის როლიდან ჩამოაშორა. მიზეზად დასახელდა ყოფილი პარტნიორის საჩივარი და "ინტერესთა კონფლიქტი“. მედია-გიგანტმა განაცხადა, რომ ვერ უზრუნველყოფს მიუკერძოებლობას კონსულტანტისგან, რომლის ყოფილი პარტნიორი კვლავ აქტიურად ასპარეზობს ახალ პარტნიორთან - ლორანს ფურნიე-ბოდრისთან და მაღალ შედეგებს აჩვენებს.

საზოგადოების ნაწილი პაპადაკისს უჭერს მხარს და სიზერონს ეგოიზმში ადანაშაულებს, მაშინ როცა სხვები მოციგურავეს "დაგვიანებული ჩივილისთვის“ აკრიტიკებენ.

თავად გაბრიელა ამტკიცებს, რომ წიგნი მხოლოდ მათი დუეტის ისტორიაზე ბევრად ფართოა და მკითხველებს მთლიანად წაკითხვისკენ მოუწოდებს.

"დიახ, ველოდი, რომ წიგნი გარკვეულ შთაბეჭდილებას მოახდენდა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ვინც წაიკითხავდა, გაიგებდა - მე მინდოდა, ის ძალიან ფაქიზად დამეწერა. ნეიტრალურად. კომენტარებზე ძალიან ბევრი ვიმუშავე. ამიტომაც ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა.

ვიცით, რომ ადამიანები, რომლებიც ჩაგვრით სისტემებს უპირისპირდებიან, ყოველთვის წინააღმდეგობას აწყდებიან. მაგრამ ჩემთვის შეუძლებელია ვიყო ნამდვილად ბედნიერი, თავისუფალი ადამიანი, როდესაც საკუთარ თავთან ჰარმონიაში არ ვცხოვრობ

შევძელი თუ არა ჩემი გზავნილის გადმოცემა? ჯერ - არა. გაჩნდა სენსაციური სათაურები... ეს ჭკუიდან მშლის, რადგან ამ დროს ფიქრობ, - ამდენი დრო დავხარჯე ამ წიგნის წერაში, რათა პრობლემის სირთულე გამომეკვლია, ადამიანებისთვის ამეხსნა, რა ხდება და როგორ მუშაობს სისტემა და ახლა… სამწუხაროა, რომ ჩემი შრომა ამ ყველაფრამდე დაიყვანეს.

გიომი ჩემი წიგნის გმირი არ არის. აქამდე ყველაფერი არასწორად იყო გაგებული - ადამიანები ჩემს ნაცვლად ლაპარაკობდნენ. საბედნიეროდ, წიგნი ახლა უკვე გამოქვეყნებულია. ხალხს შეუძლია წაიკითხოს. და თუ მთლიანად წაიკითხავთ, გაიგებთ, რომ ეს ურთიერთობა მხოლოდ სისტემის სიმპტომია. წიგნი მის წინააღმდეგ არ არის დაწერილი.

შეიძლება თუ არა წიგნის გამოქვეყნების თარიღმა გიომს ზიანი მიაყენოს? - დიახ, მესმის, რომ ასე შეიძლება აღიქმებოდეს. მაგრამ გამოქვეყნების თარიღი დადგინდა მანამდე, ვიდრე მისი სპორტში დაბრუნება გამოცხადდებოდა. ის თავის ცხოვრებას ცხოვრობს. მე - ჩემსას. ეს არის და ეს", - ამბობს გაბრიელა.

პაპადაკსის თქმით, ფიგურული სრიალის სამყარო "ქალებისთვის ძალიან რთულია“. მისი თქმით, ამ სისტემაში მამაკაცები განაგებენ ყველაფერს. ნელ-ნელა მივხვდი, რომ ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში ვიყავი“, - ამბობს ფრანგულ მედიასთან გაბრიელა, რომელსაც სიზერონი ჩივილით ემუქრება...

ანა გიორგაძე