ბრიტანეთში დააკავეს 10 შვილის დედა, რომელსაც 25 წლის განმავლობაში საკუთარ სახლში "თანამედროვე მონა" ჰყავდა. როგორც ცნობილია, მსხვერპლი 56 წლის ამანდა ვიქსონის სახლში 14 წლის ასაკიდან ცხოვრობდა. მისი ერთადერთი თავშესაფარი ნესტიანი და ჭუჭყიანი საძინებელი იყო.

მას ყოველდღე უწევდა სახლის დალაგება და ვიქსონის შვილებისა და შინაური ცხოველების მოვლა. საქმის დეტალების თანახმად, დღეში ერთხელ ნარჩენებით კვებავდნენ, გარდა ამისა, ეკრძალებოდა საკუთარი თავისთვის ელემენტარული საკვების მომზადება ან ჩაიდნის გამოყენებაც კი. ვიქსონი მას რეგულარულად სცემდა, რამდენჯერმე კი კიბეებიდანაც დააგორა.
მსხვერპლი თავის გამტაცებელს „ჯადოქარს“ უწოდებდა. ვიქსონმა იგი 1996 წელს აიყვანა, რადგან მშობლებს გარკვეული „სირთულეები“ ჰქონდათ.

მოზარდი მაშინვე შეუდგა სახლში მუშაობას: იატაკის წმენდას, ჭურჭლის რეცხვას, აბაზანის დალაგებას და ბავშვების სკოლისთვის მომზადებას. ის სახლიდან მხოლოდ სამედიცინო ვიზიტებისთვის გადიოდა. მისი ტანჯვის სრული საშინელება მხოლოდ მას შემდეგ გამოვლინდა, რაც ტრავმირებულმა მონობის მსხვერპლმა გამბედაობა იპოვა, ოჯახის წევრს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. ვიქსონი დაუყოვნებლივ დააკავეს. განაჩენი შემდეგ თვეში გახდება ცნობილი.

საქმის მწარმოებელი სოციალური მუშაკების ცნობით, დაზარალებულმა წონაში მოიმატა და ადგილობრივ კოლეჯში მათემატიკისა და ინგლისურის გაკვეთილებს ესწრება. ის ასევე რეგულარულად თამაშობს ფეხბურთს.