"ცენტრალიზებული შესყიდვები ვერ შეამცირებს კორუფციას. პირიქით, გაზრდის სისტემურ რისკს", - ამის შესახებ "ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრი საკრებულოში, ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში წერს და მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმიანება. ცნობისთვის, შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც ცალკეული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას უზრუნველყოფს, შესასყიდი საქონლისა და მომსახურების საპროგნოზო ღირებულება წლიურად 2 მილიარდი ლარია
"მეგობრებო, ნახავდით ინფორმაციას, რომ "ქართული ოცნება" აპირებს შექმნას ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც ცენტრალიზებულად განახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს. შესასყიდი საქონლისა და მომსახურების საპროგნოზო წლიურ ღირებულებად 2 მილიარდი ლარი დასახელდა.
რადგან ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს (ფაქტობრივად 10 წლიანი), გაგიზიარებთ ჩემს შეხედულებას ამ ინიციატივასთან დაკავშირებით: დავიწყოთ იმით, სწორია თუ არა ცენტრალური შემსყიდველი უწყების შექმნა. თეორიულად და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით - კი, შესაძლოა იყოს სწორი. ცენტრალური შესყიდვების ორგანო არსებობს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოში.
მარტივია იმის ახსნა, რა არის ამ მოდელის იდეა. ობიექტურად, ცენტრალიზებული შესყიდვები მიზნად ისახავს:
ა) მასშტაბის ეფექტს - დიდი მოცულობით შესყიდვისას ფასი იკლებს;
ბ) სტანდარტიზაციას - ერთნაირი საქონელი/მომსახურება ერთნაირი წესით;
გ) ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას - სამინისტროებს აღარ უწევთ ათასობით ტენდერის ცალ-ცალკე ჩატარება;
დ) პროფესიონალიზაციას - სპეციალიზებული შესყიდვების გუნდი უკეთ აკეთებს საქმეს, ვიდრე ფრაგმენტული უწყებები. კანონის დონეზე მართალია ისიც, რომ ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნა გათვალისწინებულია "საჯარო შესყიდვების შესახებ" კანონით. ეს კანონი მიღებულია EU ასოცირების ვალდებულებების ფარგლებში. ანუ, ფორმალურად და ინსტიტუციურად იდეა არ არის არასწორი. პრობლემა არ არის ის, რა იქმნება. პრობლემაა ის, როგორ, ვის მიერ და რა გარემოში კეთდება ეს ყველაფერი. მივყვეთ თანმიმდევრულად რა არის ამ ინიციატივაში რეალურად სახიფათო. აქ თეორიიდან უნდა გადავიდეთ საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში. ა) უკიდურესი კონცენტრაცია - 2 მილიარდი ლარი ერთ ცენტრში.
2 მილიარდი ლარი წლიურად ნიშნავს: სახელმწიფო შესყიდვების უზარმაზარ ნაწილს; ეკონომიკური ძალაუფლების კოლოსალურ კონცენტრაციას ერთ უწყებაში. ეს ქმნის ერთ წერტილზე მორგებულ კორუფციულ რისკს - "ვინც აკონტროლებს ამ ორგანოს, აკონტროლებს ბაზარს." დასავლურ ქვეყნებში ასეთი ორგანოები: ექვემდებარება ძლიერ საპარლამენტო კონტროლს; აქვთ მიუკერძოებელი აუდიტი; მოქმედებენ რეალურად დამოუკიდებელ სასამართლო გარემოში. საქართველოში ეს სამი კომპონენტი ფაქტობრივად მოშლილია.
ბ. "მაღალკვალიფიციური კადრები" - არაფრისმთქმელი ფორმულა. ეს ფრაზა პოლიტიკურადაც ძალიან პრობლემურია. საქართველოს პრაქტიკაში "მაღალკვალიფიციური კადრები" ნიშნავს: მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პირებს; ყოფილ თანამდებობის პირებს; ერთგულ, მაგრამ არა დამოუკიდებელ გადაწყვეტილების მიმღებებს. ეს კი ნიშნავს, რომ ტექნოკრატიული ინსტრუმენტი შეიძლება გადაიქცეს პოლიტიკურ ბერკეტად. სიტყვა "შეიძლება" ალბათ ზედმეტიცაა, გარდაუვლად გადაიქცევა
გ. კონკურენციის შემცირების სერიოზული რისკი. ცენტრალიზებულ ტენდერებს აქვთ ერთი თანდაყოლილი პრობლემა: პატარა და საშუალო ბიზნესის გამორიცხვა. დიდ, კონსოლიდირებულ ტენდერებში მონაწილეობა მხოლოდ მსხვილ კომპანიებს შეუძლიათ, რაც ავტომატურად შექმნის "რჩეულ მომწოდებელთა კლუბს“ და გააძლიერებს ბაზრის ოლიგოპოლიზაციას. საქართველოს პირობებში, სადაც ეკონომიკა ისედაც კონცენტრირებულია და ბევრი მსხვილი კომპანია პოლიტიკურად ახლოს დგას ხელისუფლებასთან, ეს ინიციატივა კონკურენციისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.
დ. "დამხმარე საქმიანობის ფარგლებში" - ძალიან საშიში და ბუნდოვანი ფორმულირება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაწილი. ეს ნიშნავს, რომ: ორგანოს შეუძლია ჩაერთოს კონკრეტული უწყების მოთხოვნით შესყიდვის განხორციელებაში, მაგრამ კრიტერიუმები ბუნდოვანია. რისკი მდგომარეობს იმაში, რომ მივიღებთ შერჩევით ჩართულობას, პოლიტიკურად სასურველი უწყებების დახმარებას, არასასურველების იგნორირებას. ე. დამოუკიდებლობის სრული დეფიციტი. ყველაზე დიდი პრობლემა: ეს ორგანო არ არის დამოუკიდებელი. იგი იქმნება: მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავრობის სტრუქტურაში, მთავრობის კონტროლქვეშ. ეს იმ პირობებში, როცა: პროკურატურა არ არის დამოუკიდებელი; სასამართლო არ არის დამოუკიდებელი; სახელმწიფო აუდიტი უკიდურესად სუსტია.
ვ. ევროკავშირის არგუმენტის მანიპულაციური გამოყენება. მართალია, EU კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთ ორგანოს, მაგრამ EU არ ითხოვს ძალაუფლების ამ დონის კონცენტრაციას. ის ითხოვს გამჭვირვალობას, კონკურენციას და დამოუკიდებელ კონტროლს. საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, იდეა არის თეორიულად სწორი, კონტექსტი - უკიდურესად პრობლემური. ეს ინიციატივა საქართველოს რეალობაში: გაზრდის კორუფციულ და პოლიტიკურ რისკებს; დაასუსტებს კონკურენციას; გააძლიერებს ეკონომიკურ კონტროლს; შექმნის ძალაუფლების საშიშ კონცენტრაციას. საქართველოში რომ იყოს ძლიერი ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სასამართლო და რეალური პოლიტიკური პლურალიზმი, მაშინ ეს იქნებოდა ტექნიკური რეფორმა. დღეს ეს ინიციატივა მოემსახურება მმართველი ჯგუფის მიერ ფინანსური ბერკეტების აბსოლუტურ ცენტრალიზებას", - წერს ნიკა ჩერქეზიშვილი.