სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, სხვადასხვა კომპანიაში გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა.
„მოცემულ შემთხვევაში გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა. სხვა ფინანსური საკითხებით ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვინტერესდებით, რადგან ეს არ წარმოადგენს მიმდინარე გამოძიების კვლევის საგანს“,- განუცხადეს სუს-ში „ინტერპრესნიუსს“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, სხვადასხვა კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც შევიდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, განჩინების საფუძველზე სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება.
„გიდასტურებთ, რომ განჩინების საფუძველზე სხვადასხვა კომპანიიდან ხდება დოკუმენტების ამოღება“, - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. 24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. 2026 წლის 5 იანვარს კი სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა. 20 იანვარს გაიმართა სამთავრობო კომისიის 1-ლი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო საკოორდინაციო კომისია სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით იმუშავებს. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება რომ კომისია მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ფასების საკითხზე შექმნილი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
წაიკითხეთ ასევე: