"პასპორტი კარგად იწვის“ – ამ სიტყვებით პასუხობს 40 წლის რუსი პედაგოგი იმ სასოწარკვეთილ ადამიანებს, რომლებიც უკრაინის ფრონტზე, ტყვიების წვიმაში აღმოჩნდნენ და შველას ითხოვენ.
ბრიტანული მედია შოკისმომგვრელ დეტალებს აქვეყნებს ყოფილი მასწავლებლის, პოლინა აზარნიხის შესახებ, რომელმაც ომი მომგებიან ბიზნესად აქცია. ის უცხოელებს „ოქროს მთებს“ ჰპირდება, რეალურად კი მათ პირდაპირ სიკვდილთან გზავნის.
მახე Telegram-ში
პოლინას სქემა მარტივი და სასტიკია: სოციალურ ქსელებში ის ეძებს გაჭირვებულ მამაკაცებს სირიიდან, ეგვიპტიდან და სხვა ქვეყნებიდან. ჰპირდება მაღალ ხელფასს (დაახლოებით 6 500 ლარი), ერთჯერად ბონუსებს და, რაც მთავარია, რუსეთის მოქალაქეობას.

„ის გვიღიმოდა, გვხვდებოდა აეროპორტში, გვაჯერებდა, რომ ზურგში ვიქნებოდით და იარაღის ხელში აღება არ მოგვიწევდა“ - იხსენებს ერთ-ერთი მსხვერპლი.
როგორც კი მსხვერპლი რუსეთის მიწაზე ფეხს ადგამს, „გლამურული“ მასპინძელი სახეს იცვლის:
ჩამოსულებს აიძულებენ ხელი მოაწერონ რუსულენოვან დოკუმენტებს, რომლის შინაარსიც მათთვის უცნობია. პოლინა მათგან „უსაფრთხო პოზიციისთვის“ დამატებით ქრთამს ითხოვს. 10 დღეში კი ყოველგვარი წვრთნის გარეშე, ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში იარაღი არ სჭერიათ, ომის ყველაზე ცხელ წერტილებში ხვდებიან.

„გვამებზე გადაბიჯებით დავდიოდი“ – შოკისმომგვრელი ჩვენებები
26 წლის სირიელი ომარი, რომელიც ამ ჯოჯოხეთს ცოცხალი გადაურჩა, ჰყვება: "აქ ყველა დავიხოცებით. ყველგან გვამები ყრია... ვნახე, როგორ დებენ დაღუპულებს ნაგვის პარკებში და ხის ქვეშ ყრიან. როცა უარი ვთქვი ბრძოლაზე, პოლინამ ჩემი პასპორტის დაწვის ვიდეო გამომიგზავნა. ის ნამდვილი თაღლითი და მკვლელია“.

12 დაღუპული და ასობით გამწარებული ოჯახი
ამ დროისთვის ცნობილია, რომ აზარნიხის მიერ „დავერბოვკებული“ მინიმუმ 12 ახალგაზრდა უკვე მკვდარია ან უგზო-უკვლოდ დაკარგული. BBC-ის ინფორმაციით, მსგავსი თაღლითობის მსხვერპლი კიდევ 500-მდე ადამიანი გახდა.
თვითონ პოლინა, რომელიც სოციალურ ქსელებში კვლავ პოპულარობით სარგებლობს, ბრალდებებს ირონიით პასუხობს და ამტკიცებს, რომ მამაკაცები ფრონტზე საკუთარი ნებით, ფულის გამო მიდიან.