11 იანვარს შიმკენტში 21 წლის ნურაი სერიკბაი სასტიკად მოკლეს. ეჭვმიტანილმა, 28 წლის მამაკაცმა, მანამდე, ოქტომბერშიც გაიტაცა გოგონა. ამის შემდეგ ის დევნას არ წყვეტდა და ნურაის მოსვენებას არ აძლევდა. ოჯახმა პოლიციას მიმართა, თუმცა სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა. დღისით, მზისით, ქუჩაში 21 წლის გოგონას მკვლელობამ საზოგადოება შოკში ჩააგდო.
გამოცემა Qaz365.kz გარდაცვლილის ბიძას, საგიმბეკ ალიმჟანს ესაუბრა, რომელმაც მომხდარის საზარელი დეტალები გაამჟღავნა.
მკვლელობის დღე: "ტორტს აცხობდა და ფქვილის საყიდლად გავიდა"
“ნურაი ოჯახში უმცროსი შვილი იყო, მას ორი უფროსი ძმა ჰყავდა. ტრაგედიის ღამეს სახლში მხოლოდ დედასთან ერთად იმყოფებოდა - მამა სამსახურში იყო, ძმა კი საღამოს სამსახურში წავიდა.
იმ საღამოს ნურაი სახლში მშვიდად აცხობდა ტორტს, მაგრამ როდესაც ფქვილი გაუთავდა, მაღაზიაში გავიდა. ბიძის თქმით, გატაცების შემდეგაც კი, ეჭვმიტანილი აიმახან შერხანი გოგონას დევნას არ წყვეტდა. მეტიც, არსებობს თვალთვალის დამამტკიცებელი ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ის თავისი ავტომობილით (Hyundai Mufasa, ნომრით 015) გოგონას სახლთან მორიგეობდა.

"სახე და ყელი დასერილი ჰქონდა"
ბიძა იხსენებს იმ მძიმე წუთებს, როდესაც ცხედარს დასაკრძალად ამზადებდნენ: „როდესაც ცხედარი მოასვენეს, ტრადიციისამებრ, ის უნდა განგვებანა. მულასთან ერთად შევედი და ვნახე, რომ მთელი სახე დასერილი ჰქონდა, ყელი კი - გამოჭრილი. დანა საძილე არტერიაში ჰქონდა მოხვედრილი. დარტყმები იყო როგორც წინიდან, ისე ზურგიდან... დაახლოებით 7 ჭრილობა დავთვალე. ის თავს დაესხა და დანას ისევ და ისევ ურტყამდა. დედას არ ვაჩვენეთ - შემეშინდა, რომ ამას ვერ გაუძლებდა. ჩემს თავს ვეკითხებოდი, რა დაუშავა ამ გოგომ ასეთი, რომ ასეთი სისასტიკით მოეკლა? “.
მოწმეების თქმით, აიმახან შერხანი თავიდან გარბოდა, შემდეგ კი ისევ ბრუნდებოდა და გოგონას კიდევ 2-3 ჭრილობას აყენებდა.
უყურადღებოდ დატოვებული განცხადება
ოქტომბერში, როდესაც შერხანმა ნურაი გაიტაცა, ოჯახმა პოლიციას მიმართა. გოგონას გამოხსნა მხოლოდ სპეცდანიშნულების რაზმის დახმარებით მოხერხდა. თუმცა, საქმე არ აღიძრა. მეტიც, გოგონას აიძულეს დაეწერა ხელწერილი, თითქოს „თვითონ იყო დამნაშავე“ და ეს ვიდეოზეც გადაიღეს.

განცხადებები თავიდან ყარატაუს პოლიციაში შეიტანეს, შემდეგ რაიონულ პროკურატურაში, მაგრამ ორივე რეაგირების გარეშე დარჩა. "მაშინ რომ გაერკვიათ ყველაფერი, დალაპარაკებოდნენ ამ ბიჭს და მის მშობლებს, შესაძლოა, ჩვენი ძმის შვილი დღეს ცოცხალი ყოფილიყო“, - ამბობს ბიძა.
"ფულს არ მივიღებთ..."
საგიმბეკ ალიმჟანმა ეჭვმიტანილის მამასაც მიმართა: „იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ფულს გადაიხდის ან შვილს შეურაცხადად გამოაცხადებინებს, ჩვენი უდანაშაულო გოგონას სისხლი მაინც მოეკითხებათ. ალაჰი თავად მიუზღავს. ჩვენ არც ფული გვჭირდება და არც გამოსასყიდი. ტრადიციისამებრ მაინც მოსულიყვნენ და პატიება ეთხოვათ“.
ოჯახი ითხოვს უმკაცრეს სასჯელს როგორც მკვლელისთვის, ისე იმ პოლიციელებისთვის, რომლებმაც გულგრილობა გამოიჩინეს. ისინი ასევე მოუწოდებენ საზოგადოებას, ნუ დაადანაშაულებენ გარდაცვლილს სოციალურ ქსელებში: "სანამ განსჯით, გაერკვიეთ. ის უბრალოდ მაღაზიაში გავიდა ფქვილისა და კვერცხისთვის - ის სახლში ტორტს აცხობდა".
"ციხეში ხომ არ ჩასვამ?" - პოლიციელების ფსიქოლოგიური ზეწოლა მსხვერპლზე
ნურაის ძმა, სულთან სერიკბაი ყვება, რომ 28 წლის მამაკაცმა მისი და ჯერ კიდევ ოქტომბერში გაიტაცა იძულებითი ქორწინების მიზნით. ოჯახმა გოგონა დაიხსნა და პოლიციას მიმართა, თუმცა იქ მათ წარმოუდგენელი რამ დახვდათ:
"ნურაიზე ზეწოლას გამომძიებელი და გამტაცებლის მამა ახორციელებდნენ. ეუბნებოდნენ: “თუ განცხადებას დაწერ, რამდენიმე წლით ციხეში ჩაჯდება, შენ ამით როგორ იცხოვრებ?'... ბოლოს აიძულეს დაეწერა, რომ პრეტენზია არ ჰქონდა და მხოლოდ იმას ითხოვდა, რომ თავი დაენებებინათ" - იხსენებს ძმა.
პროკურატურამაც კი, სადაც ოჯახმა მოგვიანებით სიმართლის ძებნა დაიწყო, საქმე "მტკიცებულებების არარსებობის" გამო არ აღძრა.
სისტემური დანაშაული და "დასჯილი" პოლიციელები
11 იანვარს ნურაი მოკლული იპოვეს. მას შემდეგ, რაც ამბავმა ქვეყნის პრეზიდენტამდე მიაღწია, შიმკენტის პოლიციის ხელმძღვანელობამ პოსტები დატოვა. თუმცა, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ სისტემა კვლავ ცდილობს თავის დაძვრენას:
მუხლის გადაკვალიფიცირება: უფლებადამცველ დინარა სმაილოვას თქმით, პოლიციელებს მხოლოდ "გულგრილობის" მუხლით სთხოვენ პასუხს, რაც ჯარიმას ან სამსახურიდან დათხოვნას ითვალისწინებს, მაშინ როცა ბრალი "სამსახურებრივი უმოქმედობა, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია" უნდა იყოს."ალიპ კაშუ" - ბრძოლა სასტიკ ტრადიციასთან
ყაზახეთში ქალის გატაცების ტრადიცია, ე.წ. "ალიპ კაშუ", კანონით 10 წლამდე პატიმრობით ისჯება, თუმცა სტატისტიკა საგანგაშოა: 2019-2023 წლებში მსგავს ფაქტზე 214 საქმე აღიძრა, რეალურად კი შემთხვევების რაოდენობა ბევრად მეტია, რადგან მსხვერპლთა უმეტესობა პოლიციაში არ მიდის ან, ნურაის მსგავსად, იქიდან იმედგაცრუებული ბრუნდება.