12-წლიანი პაუზის შემდეგ, მომღერალი სალომე მდივანი (ქათამაძე) ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ბლოგერმა ჩაწერა, იუთუბ არხზე „უეჭველი ქართველია.“ მისი გამოჩენა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა, თუმცა ამჯერად მან არა მხოლოდ შემოქმედებაზე და ამერიკაში ცხოვრების 12 წელზე, არამედ იმ უმძიმეს ტკივილზეც ისაუბრა, რომელიც მის ოჯახს დაატყდა თავს. 2025 წლის აპრილში, აღდგომის კვირას, სალომეს ძმა, გიორგი მდივანი გარდაიცვალა. დედამისი, ცნობილი ინფლუენსერი თამუნა მდივანია.
„ბერკლიში“ ჩაბარება და ამერიკული ოცნების დასაწყისი
პოპულარობის პიკში მყოფმა სალომემ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო — ამერიკაში წავიდა. მეგობრის რჩევით Berklee College of Music-ში დარეგისტრირდა და 75%-იანი დაფინანსებაც მოიპოვა. „ჩავაბარე და უბედნიერესი ვიყავი, მეგონა ძაან კარგი გოგო ვარ,“ - იხსენებს ის. თუმცა, რეალობა რთული აღმოჩნდა: უნდა ეცხოვრა ბოსტონში, ემუშავა და ესწავლა ერთდროულად. საბოლოოდ, ფაილი შეაჩერა და ბრუკლინში, რესტორანში მუშაობის შემოთავაზებას დასთანხმდა, რადგან ყოფითი პრობლემების მოგვარება აუცილებელი იყო.

ცხოვრება ბრუკლინში: 14 ადამიანი ერთ ბინაში
ნიუ-იორკული ცხოვრება იოლი არ აღმოჩნდა. "ისეთი თავგადასავლები მქონდა... 14 სული ადამიანი ვცხოვრობდით ერთად. მე და ერთი გოგო საწოლის ხელა ოთახში ვიყოფდით ადგილს,“ - ამბობს სალომე. მიუხედავად პირობებისა, რესტორანში მუშაობა მისთვის კომპლექსი არასდროს ყოფილა. პირიქით, ყოველ საღამოს სოლო კონცერტს მართავდა და ემოციებს ბოლომდე აქსოვდა შესრულებაში.
კოვიდი და ჩაშლილი შანსი "America's Got Talent"-ზე
სალომემ ძალები ამერიკულ მეგა-პროექტშიც სცადა. 1000 კაციდან მხოლოდ ის და კიდევ ერთი გოგონა აირჩიეს. ჟიური აღფრთოვანებული დარჩა, მონაცემებიც დაიტოვეს, მაგრამ სწორედ მაშინ დაიწყო კოვიდ-პანდემია. სეზონი ჩაიშალა და სალომესაც მეორედ ცდის ნერვები აღარ ეყო. პანდემიის პერიოდში ის უკვე პატარა ჩვილ ბავშვთან ერთად იყო სახლში.
სიყვარულის ისტორია: მეგობრობიდან ოჯახამდე
მისი პირადი ცხოვრება ნამდვილ ფილმს ჰგავს. ნიუ-იორკში ქუთაისელი ბიჭი შეუყვარდა, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი იყო. "ერთი წელი მიმალავდა, რომ ვუყვარდი. თავზარი დამცა, როცა მითხრა,“ - იხსენებს მომღერალი. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს რთული და დრამატული პერიოდები ჰქონდა, დღეს ისინი ერთად არიან და ზრდიან 6 წლის გიორგის, რომელიც მამას ძალიან ჰგავს და საოცრად მუსიკალურია.

"დრამის დედოფალი" და ADHD-სთან ბრძოლა
სალომე გულწრფელად საუბრობს თავის ხასიათზეც. ამბობს, რომ ცხოვრებაში „დრამის დედოფალია“ და აქვს გაქანებული ADHD (ჰიპერაქტიურობა და გაფანტულობა), რაც ხელს უშლის კონცენტრაციაში. „როცა რაღაც დრამატული ხდება, მეყინება ყველაფერი, სცენამდე მისასვლელი ნერვები აღარ მაქვს,“ — აღიარებს ის. სწორედ ამ გაფანტულობისა და ფინანსური პრობლემების გამო, მან საკუთარი სტუდიაც კი დაშალა და გაყიდა.
უდიდესი ტკივილი: ძმის გარდაცვალება
ინტერვიუს ყველაზე მძიმე ნაწილი მის ძმას, გიორგის ეხება. „ჩემი გიორგუნა წავიდა... სრულყოფილებისთვის სულ დამაკლდება. ახლა ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ვიცხოვრო მისთვის. რასაც კარგს გავაკეთებ, ყველაფერი გიოს სულს ეძღვნება,“ — ამბობს სალომე. ეს ტრაგედია მისთვის ცხოვრების მთავარ გარდამტეხ წერტილად იქცა.

"ჩემი პატარა ძმა, ჩემი გიორგუნა წავიდა ცოტა ხნის წინ, 27 აპრილს... აღდგომის კვირა იყო. არ ვიცი, როგორ ვილაპარაკო ამ თემაზე. სრულყოფილებისთვის სულ დამაკლდება გიო. მე და ჩემი ოჯახი ვსწავლობთ, როგორ ვიცხოვროთ. ახლა უფრო მეტად ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ვიცხოვრო ჩემი გიოსთვის. რასაც კარგს გავაკეთებ - სიმღერას თუ სიკეთეს - ყველაფერი გიოს სულს ეძღვნება. სრულიად მოულოდნელი შემთხვევა იყო...“
ოჯახური ურთიერთობები და წარსულის ჩრდილები
სალომემ გვარიც კი შეიცვალა - მამაზე გაბრაზებულმა მდივნობა აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ მამა დეკანოზია, მისთვის ნამდვილი მამობა დედის მეუღლემ, კუკამ გასწია. დედასთან, თამუნა მდივანთან კი უთბილესი და მეგობრული ურთიერთობა აქვს, თუმცა აღიარებს, რომ ხშირად კამათობენ სალომეს „სულელურ ნაბიჯებზე“. მომღერალმა ისიც გაამხილა, რომ წარსულში ძალადობის მსხვერპლიც ყოფილა, რამაც ადამიანების მიმართ შიში გაუჩინა.