ავტორი:

"სახლში ყველაფერს მე ვაკეთებ, სარეცხი იქნება თუ საჭმელი... დეკრეტში გასული მამაკაცი მსახიობი მგონი, თეატრში პირველი ვიყავი" -გიორგი ყიფშიძე ახალ ცხოვრებაზე

"სახლში ყველაფერს მე ვაკეთებ, სარეცხი იქნება თუ საჭმელი... დეკრეტში გასული მამაკაცი მსახიობი მგონი, თეატრში პირველი ვიყავი" -გიორგი ყიფშიძე ახალ ცხოვრებაზე

ქართველი მაყურებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ნიჭიერი არტისტი, გიორგი ყიფშიძე, „გვანცას პოდკასტის“ სტუმარი იყო. მსახიობმა, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული გულწრფელობით, ამჯერად საკუთარ თავზე, როგორც მრავალშვილიან მამაზე, იმ სირთულეებზე, რამაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და იმ დიდ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რასაც მარტოხელა მამობა ჰქვია.

"48 წლის ასაკში ჩემი ცხოვრება ბავშვების რუტინამ შეცვალა“

"ბებრულად გავატარე ეს ახალი წელი, ჩემი ასაკის შესაბამისად. უკვე 48 წლის ვარ, 1977-ში დავიბადე, პიონერიც კი ვიყავი. როცა ვიხსენებ, რამდენი წლის ვარ, ვხვდები, რომ სწორედ ასე უნდა გამეტარებინა ეს დღეები - ფაჩუჩებში, ბავშვებთან ერთად ტელევიზორში საახალწლო ფილმების ყურებაში.

ჩემი სტანდარტული დილა 8 საათზე იწყება. ვამზადებ "ბაზას" - ჩაის ვაყენებ, ვწესრიგდები, რომ მერე ბავშვების გაღვიძების რთულ პროცესს შევუდგე. ნახევრად მძინარეს ვაცმევ და ბაღში მიმყავს. ადრე ვინმეს რომ ეთქვა, 8 საათზე გაიღვიძებო, გამორიცხული იყო - 3-4 საათზე ვიძინებდი და 11-ზე ვდგებოდი, ტიპური „ბუ“ ვიყავი. ამ ბავშვებმა მე გამზარდეს, რადიკალურად შემცვალეს".

"მარტოხელა მამა ვარ - ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებ“

"სახლში მარტო ვცხოვრობთ მე, დედაჩემი, მამაჩემი, ორი ბავშვი და პატარა ლეკვი. მშობლები უკვე ხანდაზმულები არიან და მათაც მე ვუვლი. ყველაფერს მე ვაკეთებ - სარეცხი იქნება თუ საჭმელი. დღეში სამჯერ ვრთავ სარეცხ მანქანას, იმდენი გროვდება. მერე გაფინე, მერე დააბინავე ბიჭის და გოგოს ტანსაცმელი ცალ-ცალკე... მთელი დღე ამაში მიდის. უთო საერთოდ ამოვაგდე ცხოვრებიდან, ყველაზე საშინელი გამოგონებაა.

ოთხი შვილი მყავს. პირველ ორთან მსგავსი გამოწვევები არ მქონია - მაშინ ქალები არ მენდობოდნენ, ბავშვთან არ მაკარებდნენ. ამ ორთან კი ყველაფერი თავიდან ბოლომდე ჩემს ხელშია. „დეკრეტში“ გასული მამაკაცი მსახიობი მგონი თეატრში პირველი ვიყავი. ეს ჩემთვის ფიზიკურადაც და ემოციურადაც რთული პერიოდი იყო, მკურნალობის კურსსაც დაემთხვა. განგებამ გამომცადა - „აბა, თუ გაუძლებო“. გავუძელი და გამოვიწრთე.

"აღზრდის მეთოდები და ბავშვების ხასიათი“

"ჩემი შვილები ყველაფერს ჭამენ. 4 წლის ლუნას საერთოდ არ უყვარს, როცა ვაჭმევ - თვითონ იღებს ჩანგალს და ჭამს. ბიჭი, კოსმო, ცოტა ზარმაცია - უნდა უყუროს რაღაცას და მე ვაჭამო. ახლა უფრო „ბაბუასავით“ ვარ - უფრო ვათამებ და თბილი ვარ, ვიდრე მკაცრი მამა. ნატალიასთან შეიძლება უფრო მკაცრი ვიყავი, რადგან მაშინ ჩემგან ამას ითხოვდნენ, მაგრამ ახლა სხვაგვარად ვარ. ვცდილობ, მე თვითონ მოვიქცე ისე, რომ მათ მაგალითი აიღონ. არაფერს ვუკრძალავ, უბრალოდ მინდა, ჩემი სწორი ქმედებები დაინახონ.

რაც შეეხება ეკრანებს, ეგ მართლა პრობლემაა. თუმცა, თავადაც ბეზრდებათ და სხვა სათამაშოებზე გადადიან. ახლა ცურვაზე დამყავს, რომ ენერგია იქ დახარჯონ. ბაღი ჩემი ხსნაა - იქ რომ არ წავიდნენ, დაღუპული ვარ, ისეთი ენერგია აქვთ, სახლში ერთმანეთს „ხოცავენ“, ორი ვიკინგივით დარბიან".

„ჯოჯოხეთიდან გადარჩენა და ახალი მიზნები“

"ჯოჯოხეთი გავიარე. ბევრი კოლეგა დავკარგეთ ამ სენით. მე გადავრჩი ბავშვების და იმ ადამიანების დამსახურებით, ვინც გვერდით დამიდგა. ბიშკეკში ვმკურნალობდი, სადაც დილის 7 საათზე ყინულიან წყალს მასხამდნენ. ამ შოკმა გამომაფხიზლა. ახლა ვხვდები, რომ ამ შანსს წყალში ვერ ჩავყრი. მათმა არსებობამ გადამაფასებინა ყველაფერი. მივხვდი, რომ სისულელეებისთვის დრო აღარ მაქვს და საკუთარ თავს უნდა მივხედო, რადგან ეს ადამიანები ჩემ გარეშე დაიღუპებიან. ეს იყო უდიდესი მობილიზაცია. ახლა ვვარჯიშობ, ჰოლოტროპულ სუნთქვაზე დავდივარ და სულ სხვა რიტმში ვარ".

"ურთიერთობა უფროს შვილებთან და ყიფშიძეების დინასტია“

"ნატალიასთან ძალიან ახლოს ვარ. ის ძალიან ნიჭიერია, წერა დაიწყო, რომანს წერს. შუათანა ბიჭთან, რომელიც 13 წლისაა, ცოტა მიჭირს. ისე დაემთხვა ჩვენი დაშორება, რომ ალბათ ჰგონია, ეს პატარა ბავშვები არიან მიზეზი, რის გამოც სახლში აღარ არის. გაბრაზებულია, მაგრამ ვწერ, ვეუბნები, რომ ვგიჟდები მასზე. ვიცი, რომ მოვა დრო და მოვა მამასთან. სახლში მისი ადგილი ყოველთვის ცარიელია და ელოდება.

ჩემი დისგან, ლენუკასგანაც დიდ დახმარებას ვგრძნობ. გოგოზე გიჟდება, სულ მიჰყავს ხოლმე თავისთან. ჩვენ ბავშვობაში სულ ვჩხუბობდით - ლენუკა ერთხელ დანასაც კი გამომეკიდა და კედელში გაერჭო ის დანა. ახლა კოსმო და ლუნაც მასე არიან.

"მსახიობის პროფესია 2026 წელს და “ცხელი ძაღლის“ დაბრუნება“

"2002 წელს თეატრში ხელფასი 64-84 ლარი მქონდა. მაშინ „ცხელმა ძაღლმა“ გადამარჩინა. ახლა ანაზღაურება უკეთესია, მაგრამ მაინც ბანკებსა და ვალებში მიდის ყველაფერი. თუმცა, თეატრში მუშაობა სულიერად მზრდის. ახლა სპექტაკლში ვთამაშობ, სადაც სულ პლასტიკა და მოძრაობაა- 48 წლის ასაკში 20 წლის ბიჭებთან ერთად ვცეკვავ და ვქაჩავ. იმ „ძველ“ გიორგის ამის შანსი არ ექნებოდა.

რაც ყველაზე მთავარია, გაზაფხულზე ვიწყებთ „ცხელი ძაღლის“ გადაღებებს. ეს იქნება გაგრძელება 25 წლის შემდეგ. მე და ჟანრი ისევ ერთად ვიქნებით. მაყურებლისთვის ეს დიდი ამბავი იქნება".

"თაობა, რომელსაც რომანტიკა აღარ აქვს"

"დღევანდელი თაობა ძალიან მაგარია, მაგრამ რომანტიკა საერთოდ გაქრა. ყველაფერი ტექნიკური და პირდაპირი გახდა. მულტფილმებიც კი სადისტურია. მე „ტომი და ჯერის“ ვურთავ ბავშვებს, მაგრამ არ აინტერესებთ. თუმცა, ტექნოლოგიებს კარგად იყენებენ - ჩემმა შვილმა iPad-ით რუსული ისწავლა ჩემზე უკეთესად.

სამომავლოდ, მხოლოდ თეატრსა და ფილმებზე ვფიქრობ. მამაჩემთან ერთად აღვადგინეთ სპექტაკლი, სადაც ორივე ვთამაშობთ. ენერგიით სავსე ვარ. მთავარია, შენს თავს გაუკეთო სიკეთე და მერე სამყაროც კარგ კარტებს დაგირიგებს. სხვისი მოლოდინი არ უნდა გქონდეს, ყველაფერი შენს ხელშია".