ავტორი:

პრემიერი სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს ხვდება - რა კომენტარები გაკეთდა შეხვედრის დაწყებამდე

პრემიერი სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს ხვდება - რა კომენტარები გაკეთდა შეხვედრის დაწყებამდე

მთავრობის ადმინისტრაციაში, სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მომდინარეობს.

მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე მივიდნენ სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლები.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ამავე კომისიის ფარგლებში, ორშაბათს დაგეგმილია შეხვედრა მწარმოებლებთან, შემდეგ ფარმაცევტულ კომპანიებთან, ბოლოს კი შეხვედრა გაიმართება საწვავის ფასთან დაკავშირებით.

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა რიჟამაძემ პრემიერსა და სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა.

  • მისივე თქმით, ისინი ხედავენ ფასების სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობას.

"სადისტრიბუციო სექტორისთვის, თუკი საცალო ვაჭრობის ქსელური მარკეტების მიერ დაწესებული გადასახადები მოექცევა რეგულირების ჩარჩოში, არსებობს სივრცე, რომ გამოათავისუფლონ თანხა და ის გადასახადები დაზოგონ, რაც საბოლოოდ დადებით გავლენას მოახდენს ფასზე.

რეალურად, დამატებითი თითოეული ხარჯი, რასაც ქსელური მარკეტი აყენებს, გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს ფასზე, თუ ეს მოექცევა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამის გარკვეულ ჩარჩოში, რა თქმა უნდა, საბოლოოდ დადებით გავლენას მოახდენს [ფასებზე].

დისტრიბუტორებს რაც შეეხება, დისტრიბუტორი და ადგილობრივი მწარმოებელი იძულებულია დათანხმდეს ქსელური მარკეტის მიერ დაყენებულ პირობებს: ე.წ. ქეშბექი, შესვლის გადასახადი, თაროს გადასახადი და ასე შემდეგ, რომლის გაღებაც უწევს და ისახება ფასში. დოკუმენტურად შესაძლოა ჩანდეს, რომ ფასნამატია მწარმოებლის, რეალურად იმ ფასნამატიდან ისევ საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტთან ხდება თანხის მობილიზება... ჩვენ ერთ-ერთ ნაწილად ვხედავთ მინიმუმ თუ გაიაფება არა, ფასების სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობას“, - აღნიშნა რიჟამაძემ.

ის ასევე პრემიერის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ჯამური საშუალო ფასნამატი 86%-ს შეადგენს.

"არ ვიცით, 86% რა ფორმულით იქნა გამოთვლილი. შესაძლოა, რიგ პროდუქტზე იყოს მსგავსი ფასნამატი, ზოგზე ნაკლები, ან უფრო მეტი. ამას მხოლოდ ქსელური მარკეტი არ იწვევს, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილში თამაშობს როლს. რეალურად არსებობს სხვა მთელი რიგი გარემოებები, რომელიც საბოლოოდ ზემოქმედებს, მათ შორის საბანკო პროდუქტი, საზღვარგარეთ გაძვირებული ფასი და ასე შემდეგ“,- აღნიშნა რიჟამაძემ.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა კომპანიიდან დოკუმენტების ამოღებას, რაც გუშინ განხორციელდა, ლაშა რიჟამაძის თქმით, კარგი იქნებოდა კომპანიები ინფორმირებულები ყოფილიყვნენ სამართალდამცავი ორგანოების შესვლაზე და ეს ფაქტი მოულოდნელი არ ყოფილიყო.

„ყველა სექტორისთვის ცოტა ბუნდოვანი იყო სამართალდამცავი ორგანოების შესვლა, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი თანამშრომლობენ აქტიურად კონკურენციის სააგენტოსთან და უახლოეს გასულ პერიოდში მიაწოდეს გარკვეული ინფორმაცია, დღესაც მზად არიან ნებისმიერ უწყებასთან ითანამშრომლონ. კარგი იქნებოდა ინფორმირებულები ყოფილიყვნენ იმ სახით, რომ სამართალდამცავი ორგანოები მოახდენდნენ ამოღებას და მოულოდნელი არ იქნებოდა. სხვა მხრივ, პრობლემა არ არის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ უწყებას შეუძლია ყველა სადისტრიბუციო, თუ ადგილობრივი მწარმოებლიდან ამოიღოს ნებისმიერი ტიპის დოკუმენტი“,- აღნიშნავს რიჟამაძე.

წაიკითხეთ ასევე: